8 ოქტომბერს მთვარე სრულად ბნელდება - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ დავზარალდეთ

ოქტომბერი ასტროლოგიურად როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური მოვლენების კუთხით უხვად არის დახუნძლული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გველის – ეს არის მთვარის სრული დაბნელება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, 8 ოქტომბერს და მზის ნაწილობრივი დაბნელება, 24 ოქტომბერს მორიელში.

ამ საკითხებზე უფრო ვრცლად ასტროლოგი სოფო მზეკალავა გვესაუბრება:

- მთვარე ქალური ენერგეტიკის მქონე მნათობია. შესაბამისად, მოახლოებული მთვარის დაბნელება მეტად ქალბატონებზე იმოქმედებს, ვიდრე მამაკაცებზე, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური კუთხით. ხოლო მზის დაბნელებისას წინ უკვე ძლიერი სქესისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის აუცილებლობა წამოიჭრება. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ მთვარის დაბნელება ყოველთვის იძლევა შანსს, რაიმე კონკრეტული მოვლენა, ურთიერთობა და საქმიანობა მივიყვანოთ საბოლოო წერტილამდე და შევკრათ რკალი, მოვნიშნოთ ბოლო საზღვარი. მით უმეტეს, რომ მოახლოებული დაბნელება ააქტიურებს წერტილებს (ვერძი-სასწორი), რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პერიოდი უმეტესად უკვე არსებული პირადი ურთიერთობების გარკვევა-დასრულება-ფორმირების საკითხს შეეხება. კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ აქამდე გაურკვეველ, ან სულაც მტანჯველ და დამღლელ კავშირებში საბოლოოდ დავსვათ წერტილი და ეს განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ.

- ''წერტილების დასმა'' კონფლიქტის თავის არიდებით არის შესაძლებელი?
- არამც და არამც არ ღირს ურთიერთობის დასრულება ჩხუბითა და კონფლიქტით (რის სურვილსაც დიდი ალბათობით აუცილებლად გამოიწვევს მთვარის დაბნელება აგრესიულ ვერძის ზოდიაქოში). ჩემი რჩევა იქნება, მოვუხმოთ კეთილგონიერებასა და დიპლომატია ვერძის ოპოზიციურ ნიშანს – სასწორს დავესესხოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში დიპლომატია და ტაქტი გამოვავლინოთ და გადაწყვეტილება მოლაპარაკებისა და ურთიერთკომპრომისის ხარჯზე მივიღოთ!

- 8 ოქტომბერს მთვარის სრული დაბნელება ზუსტად რომელ საათზე ხდება?
- 8 ოქტომბერს, ანუ ხვალ არის მთვარის სრული დაბნელება. მთვარე ვერძის ზოდიაქოში დაახლოებით, დღის 15.00 საათისთვის ბნელდება. მომატებული იქნება როგორც აღვნიშნე, აგრესიული ფონი, კონფლიქტების ალბათობა, ასევე გაზრდილი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ფრთხილად უნდა ვიყოთ საჭესთან, არ მოვუმატოთ სიჩქარეს!

მთვარის დაბნელება ემთხვევა გრადუსს, რომელიც ააქტიურებს კრიმინალურ სიტუაციას -
ყაჩაღობას, რეკეტს... თუმცა, როგორც უკვე გითხარით, კარგი დროა იმისთვის, რომ აქამდე მობეზებული ურთიერთობები საბოლოოდ დავასრულოთ, წერტილი დავსვათ და ახლის დასაწყებად მოვემზადოთ! მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლადაც მშვენიერი დღეა.

- რაც შეეხება მზის ნაწილობრივ დაბნელებას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს…
- მზის დაბნელებისას შანსი გვეძლევა, საფუძველი ჩავუყაროთ ახალ, პერსპექტიულ წამოწყებებს. განსაკუთრებით მომგებიანი კი ამ მხრივ მსხვილბიუჯეტიანი ფინანსური პროექტების დაგეგმვა (გაითვალისწინეთ, მხოლოდ დაგეგვმა და არა განხორციელება!) იქნება, მზის დაბნელება კურო-მორიელის წერტილებს ააქტიურებს. რის ხარჯზეც აქტიურდება ფინანსების, უძრავი ქონებისა და სხვადასხვა ტიპის მატერიალური საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა. ამიტომ მოცემული პერიოდი შესაძლებელია მამაკაცებმა წარმატებული პროექტების დაწყება-დაგეგმვას დაუთმონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხოვრებაში ფულად საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიქმნება, მათი გადაჭრა არ უნდა სცადოთ ე.წ. "მორიელური ტაქტიკით" – ძალისმიერი ან ავანტურისტული გზით. საკითხს კუროსავით მშვიდად, სამართლიანად და პატიოსნად მიუდექით, რომ სამომავლოდ დანაკარგები და გართულებები თავიდან მაქსიმალურად აიცილოთ.
სტატიის ავტორი: ლალი ფაცია
სტატიის წყარო:ambebi.ge
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა