ვის არ უყვარს არომატული, ჰაეროვანი ნამცხვრები? ასეთი ადამიანი, ალბათ, სულ რამდენიმეა. ტორტები, ნამცხვრები, ღვეზელები – ეს ყველაფერი სიმყუდროვის და სითბოს განცდას იძლევა. სწორედ ამიტომ, ყველა ახალბედა დიასახლისი ცდილობს სწრაფად დაეუფლოს გემრიელი ცომეულის მომზადების ხელოვნებას, რათა ასიამოვნოს საყვარელ ოჯახს. და სხვა სირთულეებთან ერთად, ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა, როგორ ჩავანაცვლოთ გამაფხვიერებელი სოდით და ღირს თუ არა ამის გაკეთება.
თუმცა ეს პრობლემა გამოცდილ დიასახლისებსაც შეიძლება შეექმნას. მაგალითად, ჩემი მეგობარი ანა. მას რაც არ უნდა ეცადა, ღვეზელები კარგი არ გამოდიოდა. გადავწყვიტე მის დასახმარებლად მივსულიყავი და მენახა, მომზადებისას რა შეცდომებს უშვებდა. აღმოჩნდა, რომ ღვეზელისთვის ცომის მომზადების დროს, ის გამაფხვიერებლის ნაცვლად სოდას უმატებდა. სწორედ ეს იყო მთავარი შეცდომა. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელ ცომში შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა და რომელი ცომის მომზადება არ შეიძლება გამაფხვიერებლის გარეშე.
როგორ ჩავანაცვლოთ გამაფხვიერებელი სოდით და რა შემთხვევაში არ ღირს ამის გაკეთება
იმის გასაგებად, თუ რომლის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს არევანი, უნდა გაარკვიოთ, რისთვის გამოიყენება გამაფხვიერებელი და სოდა. მათ უმატებენ ცომეულს იმისთვის, რომ ფუმფულა და ფხვიერი იყოს. ცომი ამოდის უმარტივესი ქიმიური რეაქციის გამო, რომელზეც სკოლაში ქიმიის გაკვეთილებზე გიყვებოდნენ. თუმცა სოდისა და გამაფხვიერებლის შემთხვევაში რეაქციის მიმდინარეობა განსხვავებულია.
როგორ მუშაობს ცომში სოდა?
საცხობი სოდა – არის ტუტე ფხვნილი. მოგეხსენებათ, ტუტეს მჟავასთან შერწყმისას ხდება რეაქცია, რომლის დროსაც გამოიყოფა ნახშირორჟანგი. სწორედ მისი ბუშტები წევს ცომს და ჰაეროვანს ხდის. და რადგან ეს რეაქცია მოითხოვს მჟავე კომპონენტს, სოდას ამატებენ იმ რეცეპტებში, რომლებიც უკვე შეიცავს მჟავას.
ყველაზე ხშირად ამ რეცეპტებში არის მაწონი, კეფირი, იოგურტი, არაჟანი და ლიმონის წვენი. გარდა ამისა, მსგავსი ეფექტი გააჩნია თაფლს, კაკაოს და ხილის წვენებს.
ამრიგად, რეაქცია მოხდება როგორც კი სოდა რეაქციაში შევა მჟავე პროდუქტთან. ამიტომ სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით არ უნდა ჩააქროთ. ამ შემთხვევაში, ნახშირორჟანგი დაიწყებს ჰაერში გამოყოფას და ცომი შეიძლება არ ამოვიდეს. გარდა ამისა, პროდუქტს, რომლებიც რეცეპტში არ არის, შეუძლია ცომეულს სპეციფიკური გემო შემატოს.
როგორ მუშაობს გამაფხვიერებელი?
შესაძლოა, თქვენ არ იცოდეთ, მაგრამ გამაფხვიერებელიც არის საკვები სოდა. უფრო სწორედ, გამაფხვიერებელი მასაც შეიცავს. გარდა ამისა, მასში უკვე არის მჟავა. მისი გააქტიურება შესაძლებელია ჩვეულებრივი წყლით ან რძით. ამრიგად, ცომში არსებული გამაფხვიერებელი არის გარანტი იმისა, რომ ჩვენთვის საჭირო რეაქცია მოხდება და ჩვენი ცომეული კარგად ამოვა.
როგორ ჩავანაცვლოთ გამაფხვიერებელი სოდით
გამოდის, რომ სხვადასხვა ცომეულისთვის სხვადასხვა დანამატი უნდა აირჩიოთ. უმჯობესია სოდა დაამატოთ ცომეულს, რომლის რეცეპტიც შეიცავს ფერმენტირებულ რძის პროდუქტებს – პური, ფუნთუშები, მაფინები, ღვეზელები. გამაფხვიერებელი უფრო შესაფერისია ტორტებისთვის, ნამცხვრებისთვის და ზოგიერთი სახის ორცხობილასთვის.
როგორც ხედავთ, გამაფხვიერებელი არ უნდა ჩაანაცვლოთ სოდით და პირიქით. გახსოვდეთ, რომ გამაფხვიერებლის სოდით ჩანაცვლების შემდეგ, ცომი შეიძლება არ ამოვიდეს, თუ რეცეპტი არ შეიცავს მჟავე პროდუქტს. თუ სოდას გამაფხვიერებლით ჩაანაცვლებთ, ცომმა შეიძლება მოულოდნელი მლაშე ან მჟავე გემო მიიღოს.
მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საჭირო პროდუქტი სახლში არ არის, ამიტომ ჩანაცვლება ერთადერთი ვარიანტია. ამ შემთხვევაში დაიმახსოვრეთ, რომ გამაფხვიერებლის ერთი მესამედი სოდაა. ამიტომ, სოდის გამაფხვიერებლით ჩანაცვლებისას, რეცეპტში მოცემული რიცხვი გაამრავლეთ 3-ზე. რეაქციის ნაადრევად დაწყების თავიდან ასაცილებლად, გამაფხვიერებელი ფქვილს შეურიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეურიეთ თხევად მასას. შეძლებისდაგვარად, შეამცირეთ მჟავას რაოდენობა შემადგენლობაში, გემოს დასაბალანსებლად.
გამაფხვიერებლის სოდით ჩანაცვლება, დიდი ალბათობით, ვერ მოგცემთ მოსალოდნელ შედეგს. ამიტომ გამაფხვიერებლის სოდით ჩანაცვლებისას, ის ჯერ ლიმონის წვენით ან ძმრით ჩააქრეთ, შემდეგ კი სწრაფად დაუმატეთ ცომს. ასევე შეგიძლიათ მშრალ ინგრედიენტებს დაუმატოთ სოდა, ხოლო თხევად ინგრედიენტებს მჟავა და შემდეგ შეურიოთ.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, მუდმივად გაახაროთ თქვენი ოჯახი არომატული ცომეულით.