ოფლის სუნი ტანსაცმელზე – როგორ მოვაშოროთ სწრაფად რეცხვის გარეშე

18

თითოეულ ჩვენგანს სურს, ნებისმიერ სიტუაციაში თავი თავდაჯერებულად იგრძნოს. მოვლილი გარეგნობა თავდაჯერებულობის ერთ-ერთი კომპონენტია. ზოგჯერ ზედმეტად აქტიურ ცხოვრებას თავისი ცვლილებები შეაქვს. მაგალითად, ოფლის სუნმა შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ამ დროს აქტუალურია კითხვა, როგორ მოვაშოროთ ოფლის სუნი ტანსაცმელს რეცხვის გარეშე.

უმეტეს ჩვენგანს გამოუცდია სიტუაცია, როცა მნიშვნელოვან შეხვედრამდე ნერვიულობის გამო ორგანიზმმა ჩვეულებრივზე მეტი ოფლი გამოყო. შედეგად, შეხვედრაზე ნერვიულობას ემატება დისკომფორტი ტანსაცმელზე ოფლის სუნის გამო. ყოველთვის არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მაშინვე გავრეცხოთ ან გამოვიცვალოთ ტანსაცმელი. „პაპარაცი“ გიზიარებთ რამდენიმე მეთოდს, როგორ მოაშოროთ ოფლის სუნი ტანსაცმელს რეცხვის გარეშე. ზოგჯერ ძალიან გვეხმარება.

როგორ მოვაშოროთ ოფლის სუნი ტანსაცმელს რეცხვის გარეშე

ანტიპერსპირანტების მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მათი პროდუქციის გამოყენებით ოფლის სუნს მოვიშორებთ. სინამდვილეში, მწარმოებლების ყველა დაპირება რეალობას არ შეესაბამება. ხანდახან ანტიპერსპირანტი არათუ არ გვიცავს სრულად, არამედ შესამჩნევ ლაქებს ტოვებს ტანსაცმელზე.

რა თქმა უნდა, ოფლის სუნის მოსაშორებლად გარეცხვა საუკეთესო მეთოდია. არის შემთხვევები, როცა ამის დრო არ გვაქვს და კონკრეტულად ეს ნივთი უნდა ჩავიცვათ. გარდა ამისა, ზოგჯერ ოფლის სუნი ტანსაცმელზე ჩნდება იმ მომენტში, როცა გამოცვლის შესაძლებლობა არ გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.

სოდა

სოდა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და უნივერსალური საშუალებაა ოჯახში. მისი გამოყენება შეგიძლიათ კულინარიაში, რეცხვისთვის და დასუფთავებისთვის. გარდა ამისა, მისი დახმარებით ტანსაცმელს ოფლის სუნი შეგიძლიათ მოაშოროთ, თუ რეცხვა შეუძლებელია. მეთოდი შესაფერისია ნივთებისთვის, რომელთა ხშირად დასველება არ ღირს. მაგალითად, ქურთუკი და პალტო.

გასაწმენდი ნივთი დადეთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე. სოდა სქლად წაუსვით ქსოვილს იმ ადგილებში, სადაც უსიამოვნო სუნი კონცენტრირებულია. ხშირად ეს არის იღლიები და ზურგი. სოდა ქსოვილს მსუბუქად შეაზილეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. ამ დროში სოდა შთანთქავს უსიამოვნო სუნს და ნივთის ჩაცმას შეძლებთ. დილით სოდა ქსოვილიდან ჩამოფერთხეთ და საჭიროების შემთხვევაში ჯაგრისით გაწმინდეთ.

ნიშადურის სპირტი

ქსოვილიდან ოფლის სუნის მოსაშორებლად გამოცდილი ხსნარი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მის მოსამზადებლად აიღეთ 20 მლ წყალი, 1 ს/კ მარილი და 1 ჩ/კ ნიშადურის სპირტი და მინის კონტეინერში აურიეთ. ხსნარი ბამბის დისკით ქსოვილს წაუსვით ლოკალურად იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა ოფლის სუნი. გაშრობის შემდეგ უსიამოვნო სუნი გაქრება.

მეთოდი შესაფერისია როგორც ნატურალური, ასევე სინთეტიკური ქსოვილებისთვის, მაგრამ მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის დელიკატურ ქსოვილებზე, როგორიცაა შიფონი და აბრეშუმი.

სუფრის ძმარი

სუფრის ძმარი იდეალური საშუალებაა, რომ ტანსაცმელს ოფლის სუნი მოაშოროთ რეცხვის გარეშე. ის უსაფრთხოდ აშორებს სუნს ფერად ნივთებსაც. გარდა ამისა, ძმრის გამოყენება ძალიან მარტივია. საკმარისია, ქსოვილს პრობლემურ ადგილებში წაუსვათ და გასაშრობად დატოვოთ. ძმარი ოფლის ძალიან ჩამჯდარ სუნსაც უმკლავდება.

სიცივე

დაბალი ტემპერატურა ოფლის სუნთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. როგორც ცნობილია, ბაქტერიები მინუს ტემპერატურაზე იღუპება. სწორედ ისინი იწვევენ უსიამოვნო სუნს ოფლიანობის დროს. ოფლის სუნის მოსაშორებლად ტანსაცმელი 1-2 საათი საყინულეში შეინახეთ.

არაყი

სპირტი და მისი შემცველი პროდუქტები ბაქტერიებთან საბრძოლველად კიდევ ერთი საშუალებაა. ჩვეულებრივი არაყი ტანსაცმელს ოფლის სუნს მოაშორებს. საკმარისია, ცოტა არაყი ბამბის დისკს დააწვეთოთ და ამით სამოსზე იღლიების ზონა გაწმინდოთ. გაშრობის შემდეგ სუნი გაქრება.

სხვათა შორის, ეს მეთოდი ნამდვილი ხსნაა, თუ სახლიდან შორს ხართ და ზუსტად ახლა გჭირდებათ გამოსავალი. მაგალითად, წვეულებაზე ბევრი იცეკვეთ და ტანსაცმელზე უსიამოვნო სუნი იგრძენით. რამდენიმე სალფეთქის და არყის გამოყენებით, რომელიც ყველა სუფრაზე არის, საპირფარეშოში ტანსაცმლის სწრაფად განახლებას შეძლებთ. არყით დასველებული სალფეთქით ქსოვილზე იღლიების ზონა გაწმინდეთ და დაელოდეთ. სპირტი სწრაფად აორთქლდება უსიამოვნო სუნთან ერთად.

ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ყოველთვის და ყველგან თავდაჯერებული იყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს