თითქოს კატლეტის მომზადებაში რთული არაფერია. დამწყები მზარეულიც ამ ამოცანას თავს ართმევს. თუმცა მათ ყოველთვის არ გამოსდით ისეთი წვნიანი და ნაზი ტექსტურა, როგორც გამოცდილ დიასახლისებს. მარტივი შეცდომის გამო ფარში მშრალი და მაგარი გამოდის. „პაპარაცი“ გიზიარებთ საინტერესო ხრიკებს, როგორ მოამზადოთ რბილი კატლეტი.
რჩევები რბილი კატლეტების მოსამზადებლად
ისეთი სტანდარტული კერძიც, როგორიც კატლეტია, შეიძლება გავაფუჭოთ. მცირე შეცდომები წვნიანობას და სირბილეს პრაქტიკულად „იპარავს“. რა თქმა უნდა, მზა ფარში საკვებად ვარგისი და საკმაოდ გემრიელი გამოვა, მაგრამ ის შედეგი არ იქნება, რომლის მიღწევა ყველა დიასახლისს სურს. პირში მდნობი ნაზი კერძის მისაღებად გამოიყენეთ მეთოდები, რომელიც კატლეტს რბილს ხდის.
ფარშის შემადგენლობა
კატლეტის ფარშს გატარებული ხორცის გარდა ემატება სხვა პროდუქტებიც. აქ ყველას საკუთარი რეცეპტი აქვს. მაგალითად, შეგიძლიათ დაუმატოთ რძეში ჩალბობილი პური, გახეხილი კარტოფილი და ხახვი, ქათმის კვერცხი, მარცვლეული და სხვა. თუმცა, თუ ეს პროდუქტები საჭიროზე მეტია, კატლეტები მაგარი გამოვა. იდეალური პროპორციებია 65-70% ხორცის ფარში და 30-35% სხვა ინგრედიენტები.
თუ ხორცი ძალიან მჭლეა, კატლეტი წვნიანი ვერ გამოვა. სიტუაცია რომ გამოასწოროთ, დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ქონი მცირე რაოდენობით ან რამდენიმე კოვზი ცხიმიანი ნაღები.
მზა ფარში კატლეტისთვის
პროფესიონალი მზარეულები ფარშის მომზადებისთანავე კატლეტების შეწვას არ გირჩევენ. უფრო ნაზ კატლეტს მიიღებთ, თუ ცოტა ხნით გააჩერებთ. ფარშის თასს პარკი დააფარეთ და 15-20 წუთი მაცივარში შეინახეთ.
კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა ფარშის დაბეგვა შეწვამდე. ბევრი ფიქრობს, რომ ასე ხორცი უფრო რბილი ხდება. სინამდვილეში, ფარშიდან ქრება ჰაერი და ტენი, რომელიც წვნიანობისთვის აუცილებელია. სავარაუდოდ, კატლეტი მაგარი და მკვრივი გამოვა.
როგორ გავხადოთ კატლეტები რბილი მომზადებისას
აქ შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მარტივი ლოგიკით: რაც უფრო დიდხანს შეწვავთ ტაფაზე, მით უფრო გამოშრება. ამის თავიდან ასაცილებლად ძალიან დიდი ზომის არ გააკეთოთ. მსხვილ კატლეტს მეტი დრო სჭირდება შიგნით შესაწვავად. ხოლო მშრალი ქერქი უკვე დაიწვება. საშუალო ზომის და ოდნავ გაბრტყელებული ფორმა შეწვის ოპტიმალურ დროს უზრუნველყოფს. ზოგადად, ეს დაახლოებით 2 წუთია თითოეულ მხარეს.
რბილი კატლეტის მიღების კიდევ ერთი მეთოდია მათი სოუსში მომზადება. ასე შეწვის ნაცვლად ჩაშუშდება. შესაბამისად, კერძი უფრო ნაზი და სასარგებლო გამოვა. თუმცა აქაც წესები არსებობს. თუ დიდხანს ჩაშუშავთ, კატლეტი დაიშლება. სუსტ ცეცხლზე მაქსიმუმ 15 წუთი ჩაშუშეთ.
კატლეტის ტექსტურაზე ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს. ახლა, როდესაც იცით ყველაზე გავრცელებული შეცდომების შესახებ, მათი თავიდან აცილება უფრო ადვილია. ამ ხრიკების დახმარებით იდეალურ წვნიან კერძს მოამზადებთ.