საჰაერო მოგზაურობა შეიძლება იყოს სტრესული მრავალი მიზეზით. რა ღირს მხოლოდ უსაფრთხოების კონტროლის გავლა?! თუ საცობში მოხვდით და თვითმფრინავზე დაგაგვიანდათ, ნერვები პოზიციებს საერთოდ თმობს. ასე ყველა გეგმა შეიძლება ჩაიშალოს. არაფერს ვამბობთ ძვირადღირებულ ბილეთებზე, რომლებიც დაიკარგება. ბორტგამცილებლები გვირჩევენ, პანიკას არ ავყვეთ. ყოფილი ბორტგამცილებელი გვიზიარებს რჩევებს, რა გავაკეთოთ, თუ თვითმფრინავზე დაგვაგვიანდა.
რჩევები, რა გავაკეთოთ, თუ თვითმფრინავზე დაგვაგვიანდა
კეტ კამალანი საკმაოდ პოპულარული ბლოგერი და გავლენიანი პირია სოციალურ ქსელებში. მაგალითად, ტიკტოკზე მის ანგარიშზე დაახლოებით 800 ათასი გამომწერია. მრავალი თვალსაზრისით, ეს გამოწვეულია საინტერესო ხრიკებით, რომელთაც ყოფილი ბორტგამცილებელი გამომწერებს უზიარებს. მისი ხრიკები სასარგებლოა მათთვის, ვინც ავიაკომპანიების მომსახურებით სარგებლობს. ერთ-ერთ ვიდეოში კეტი საუბრობს, რა უნდა გააკეთოთ, თუ თვითმფრინავზე დაგაგვიანდათ. მარტივი რჩევები შვებულების გეგმის გადარჩენაში დაგეხმარებათ.
ინსტრუქცია, როგორ უნდა მოიქცეთ
1. პირველ რიგში, თუნდაც რამდენიმე წუთით დაგაგვიანდათ, გასასვლელ კართან მაინც მიდით. შესაძლოა, გარკვეული მიზეზებით ფრენა გადაიდო. ასე ბორტზე ასვლის შანსი ჯერ კიდევ გაქვთ.
2. დაგვიანებული მგზავრის ადგილი სხვას შეიძლება მისცენ. ასე ხშირად მოგზაურობენ იმავე კომპანიის თანამშრომლები ან სხვა ტურისტები, რომლებმაც ასევე გამოტოვეს რეისი. აუცილებლად იკითხეთ, დაიკავეს თუ არა თქვენი ადგილი და არ სცადოთ უბრალოდ შეღწევა, რადგან ბილეთი გაქვთ.
3. თუ თვითმფრინავი უკვე აფრინდა, მიდით ავიაკომპანიის დახლთან და შექმნილი ვითარება მშვიდად აუხსენით. სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომელი შემოგთავაზებთ ფრენის ალტერნატიულ ვარიანტს. მაგალითად, ბილეთს სხვა დროზე გადაგიცვლიან (ამ შემთხვევაში, ეკონომ კლასს მოეთხოვება ჯარიმის გადახდა) ან მომდევნო შესაფერის რეისზე ადგილის პოვნას ეცდებიან.
4. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა – თავაზიანობა გამოიჩინეთ. როცა რეისზე იგვიანებ, სიმშვიდის შენარჩუნება რთულია, მაგრამ თქვენს დაგვიანებაში ავიაკომპანიის თანამშრომლები დამნაშავეები არ არიან. არ გაბრაზდეთ და უხეშად არ მოიქცეთ. ასეთი დამოკიდებულებით დახმარების შანსები მცირდება. კეტ კამალანი ყურადღებას ამახვილებს თავაზიანობაზე და მოთმინებაზე. თუ მოიპოვებთ აეროპორტის თანამშრომლების კეთილგანწყობას, ეს უკვე წარმატების ნახევარია. ისინი ეცდებიან მოძებნონ ადგილი სხვა რეისზე ან შემოგთავაზონ ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი სიტუაციიდან გამოსასვლელად.
ახლა იცით, რა უნდა გააკეთოთ, თუ თვითმფრინავზე დაგაგვიანდათ. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. უსიამოვნო სიტუაციაშიც გამოსავალი შეგიძლიათ იპოვოთ და ასევე ისწავლოთ რაღაც სასარგებლო მომავლისთვის. რა თქმა უნდა, უმჯობესია აეროპორტში წინასწარ მიხვიდეთ, რომ რეისი არ გამოტოვოთ.