ხარისხიანი თეთრეული დიდწილად განსაზღვრავს კომფორტულ ძილს. ნატურალური ქსოვილი ჰაერს კარგად ატარებს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, არ იწვევს გაღიზიანებას და ალერგიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებთ, თუ რამდენ დროს ვატარებთ საწოლში. ძილის დროს და შემდეგ დისკომფორტი რომ არ იგრძნოთ, სწორად შეარჩიეთ ქსოვილი თეთრეულისთვის. „პაპარაცი“ გიამბობთ, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს სხვადასხვა ქსოვილს.
საუკეთესო ქსოვილი საწოლის თეთრეულისთვის: პოპულარული ვარიანტები
ნარმა
ეს ქსოვილი 100% ბამბისგან შედგება. შესაბამისად, პრაქტიკულად ანტიალერგიულია. მასალა მხოლოდ დაბალი ხარისხის საღებავმა შეიძლება გააფუჭოს. ნარმა ხშირად გამოიყენება ბავშვების თეთრეულის შესაკერად. კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ქსოვილი ხშირად შეგიძლიათ გარეცხოთ. არ ცვდება ისე სწრაფად, როგორც ზოგიერთი სხვა ქსოვილი.
რანფორსი
ერთ-ერთი ყველაზე მკვრივი ქსოვილი. რანფორსის თეთრეული იდეალურია ზამთრის ცივი ღამეებისთვის, რადგან დამატებით იზოლაციას ქმნის. ამავდროულად, მასალის ტექსტურა მსუბუქი და რბილია. რანფორსის ქსოვილს არ აქვს დიდი მოთხოვნები რეცხვის და გაშრობის მხრივ. საკმაოდ გამძლე ქსოვილად ითვლება.
სატინი
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თეთრეულის ქსოვილია. ბევრს მოსწონს მისი გრილი, აბრეშუმის მსგავსი კომფორტი. სატინი ბამბისგან ან სხვა ძაფის მცირე ნაზავით იქმნება. ნატურალური მასალა შესანიშნავად შთანთქავს ტენიანობას, ამიტომ ზაფხულში ასეთი თეთრეული ნამდვილად გამოგადგებათ. სატინის თეთრეული შეგიძლიათ გარეცხოთ დელიკატური რეცხვის რეჟიმზე მხოლოდ 30 გრადუსზე.
პერკალი
კიდევ ერთი ბამბის მასალა, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით. ფორმას კარგად ინარჩუნებს. გლუვი ტექსტურა ოდნავ წააგავს ხავერდს, ამიტომ სასიამოვნო ხელშესახებია. პერკალზე საღებავი კარგად ნარჩუნდება, რეცხვისას თეთრეულის გაუფერულების ან მზეზე გაშრობისას გახუნების რისკი მცირეა.
ატლასი
კიდევ ერთი ქსოვილი, რომელიც გვახსენებს მდიდრულ აბრეშუმს. უდავოდ, ასეთი თეთრეული ეფექტურად გამოიყურება. როგორც სატინის შემთხვევაში, ატლასი მოითხოვს მხოლოდ ნაზ რეცხვას და არანაირი გაშრობა გამათბობელზე ან მზის პირდაპირ შუქზე. ბევრი ადამიანი საჩუქრად ირჩევს ატლასის თეთრეულს. მასზე ფულის დახარჯვა ნამდვილად ღირს.
პოპლინი
მასალა არის რაღაც შუალედური სატინსა და ნარმას შორის. საკმაოდ რბილი და სასიამოვნო ხელშესახებია, ამავე დროს მსუბუქი სატინისებრი ელვარება ძვირადღირებულ იერს ანიჭებს. პოპლინიც კარგად იღებება და არ უფერულდება. მასზე კაშკაშა ფერი იდეალურად ნარჩუნდება.
ფლანელი
რანფორსის კიდევ უფრო დათბუნებული ვარიანტი. ქსოვილი იქმნება არა მხოლოდ სუფთა ბამბისგან, არამედ შალის ძაფისგან. ჩრდილოეთ რეგიონებში თეთრეულის მწარმოებლებს ძალიან უყვართ მისი გამოყენება. ფლანელი სიცივისგან ნამდვილად დაგიცავთ. მასალა შეგიძლიათ გარეცხოთ მხოლოდ ცივ წყალში. დროთა განმავლობაში ხშირი გამოყენებისას მასზე ბუსუსები ჩნდება.
პოლიკოტონი
სწორედ ამ ქსოვილის თეთრეული გვხვდება ყველაზე ხშირად ზემოთ ჩამოთვლილ მასალებს შორის. მათთან შედარებით იაფია, ამიტომ ხშირად გამოიყენება. ყველაფერი შემადგენლობის წყალობით, რომელიც, მწარმოებლის მიხედვით, 70%-ზე მეტ პოლიესტერს შეიცავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიკოტონს თავი უნდა ავარიდოთ. თითქმის არ იჭმუჭნება, იმდენჯერ შეგიძლიათ გარეცხოთ, რამდენჯერაც საჭიროა. ამასთან ქსოვილი ფორმას არ დაკარგავს. მაღალი ხარისხის შეღებილ პოლიკოტონს ანტიალერგიული თვისებები აქვს.
საწოლის თეთრეულისთვის ქსოვილების საკმაოდ ფართო არჩევანია. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს პრეფერენციებზე და ფინანსებზე. ყურადღება მიაქციეთ იარლიყს, რათა ზუსტად გაიგოთ, როგორ გარეცხოთ და დააუთოოთ სწორად.