თანამედროვე დიასახლისების დღე ძალიან ხშირად მოიცავს სახლის დალაგებას, სამსახურს, საკუთარ გატაცებებსა და სხვა აქტივობებს. ასეთ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია დროის დაზოგვის საკითხი. ახლა დიასახლისები ამარტივებენ ბევრ კულინარიულ რეცეპტს, რათა მათ მომზადებას ნაკლები დრო დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, ჩემი საყვარელი ხორცის ღვეზელების ნაცვლად, ახლა ლავაშის კონვერტებს ვამზადებ.
ხორცის ღვეზელები ბავშვობას მახსენებს. ჩვენი მეზობელი ნანა დეიდა ამზადებდა. ძალიან მსუყე და არომატული ღვეზელები გამოსდიოდა. და რაც არ უნდა მიყვარდეს ეს კერძი, მის მომზადებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ამიტომ, ახლა, როცა ძალიან მინდა გავიხსენო ბავშვობის გემო და არ გავატარო ნახევარი დღე სამზარეულოში, ლავაშის კონვერტებს ვამზადებ. მათი მომზადება ძალიან მარტივია, სცადეთ.
ლავაშის კონვერტები ფარშით
გარდა იმისა, რომ ლავაშის კონვერტები უფრო სწრაფად მზადდება, ვიდრე კლასიკური ღვეზელები, ისინი ასევე ბევრად უფრო ჯანსაღია. ეს კონვერტები შეგიძლიათ მოამზადოთ საუზმისთვის, სამხრისთვის, სადილისთვის, ან წაიღოთ სამსახურში ან სკოლაში.
ინგრედიენტები
- 1 ლავაში;
- 300 გ ფარში;
- 1 კვერცხი;
- 70 გ ყველი;
- მწვანილი გემოვნებით;
- 1 პატარა ხახვი;
- მცენარეული ზეთი;
- მარილი გემოვნებით;
- წიწაკა გემოვნებით.
მომზადება
1. მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი. ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან ბლენდერში. ამ კერძისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ხორცი, საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი ან ნარევი.
2. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და დაუმატეთ გატარებულ ხორცს.
3. ხახვი დაჭერით დანით, დააბლენდერეთ, ან გახეხეთ წვრილ სახეხზე.
4. დაჭერით მწვანილი. გამოდგება ოხრახუში, ქინძი ან კამა.
5. ფარშს და ყველს დაუმატეთ ხახვი და მწვანილი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, შემდეგ კარგად აურიეთ.
6. ლავაში დაჭერით 10-12 სმ სიგანის ზოლებად. ზოლების სიგრძე ყველაზე ხშირად უდრის ლავაშის ფურცლის სიგანეს. ჩვეულებრივ, ეს არის დაახლოებით 25-30 სმ.
7. შემდეგ აიღეთ ლავაშის ორი ზოლი და ერთი მეორეს დაადეთ, ჯვრის სახით. შექმნილ კვადრატზე მოათავსეთ 1 კოვზი ფარში. შიგთავსი გაასწორეთ ლავაშის ზედაპირზე.
8. ახლა შემოკეცეთ ლავაშის ის ნაწილები, რომლებიც უფრო ახლოს არის მაგიდასთან. ამ გზით თქვენ თითქოს ფარავთ შიგთავსს. ამის შემდეგ, შემოკეცეთ ლავაშის ორი დარჩენილი ნაწილი, შექმენით ერთგვარი კონვერტი.
9. დანარჩენი კონვერტები იმავე გზით დაამზადეთ.
10. კვერცხი მსუბუქად ავთქვიფეთ ჩანგლით და მოაყარეთ ცოტა მარილი. ლავაშის კონვერტები ორივე მხრიდან ამოავლეთ კვერცხში და შემდეგ კვერცხის მასა ოდნავ ჩამოწურეთ.
11. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი. შეწვით ლავაშის კონვერტები დაბალ ცეცხლზე, სახურავის ქვეშ. დაიმახსოვრეთ, რომ ლავაშის შიგნით ფარშმა მომზადება უნდა მოასწროს.
12. გადააბრუნეთ კონვერტები, სანამ ორივე მხრიდან არ დაიბრაწება.
13. ლავაშის კონვერტები მოათავსეთ ქაღალდის პირსახოცზე, რომ ზედმეტი ზეთი შეიწოვოს. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიტანეთ კონვერტები მაგიდასთან. ცხელი შიგთავსი ყველის წყალობით წელვადი იქნება. გემრიელად მიირთვით!
ლავაშის კონვერტების მომზადება შესაძლებელია არა მხოლოდ ფარშით, არამედ ლორით, სოკოთი ან ფეტათი. ამ შემთხვევაშიც ძალიან გემრიელი იქნება!