მანგოს კურკა: როგორ და რისთვის გამოვიყენოთ სახლის პირობებში

237

მანგო წვნიანი ხილია, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უყვარს. ვიტამინებით და მიკროელემენტებით მდიდარი შემადგენლობის წყალობით ერთ-ერთი სასარგებლო ხილია ადამიანისთვის. არა მხოლოდ მანგოს რბილობი იძლევა სარგებელს ჩვენი ორგანიზმისთვის. მისი კურკაც გამოსადეგია. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ მანგოს კურკა სახლის პირობებში.

რისთვის არის სასარგებლო მანგოს კურკა?

„პაპარაცი“ გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო მეთოდს, როგორ გამოიყენოთ მანგოს კურკა. არ გადაყაროთ ეგზოტიკური ხილის ეს ნაწილი.

მანგოს ხე კურკიდან

მცენარის გაზრდა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ თავგამოდებულმა ფლორისტებმა იციან, რომ შედეგი ამად ღირს. საკუთარი ხელით დარგული მცენარე ყოველთვის ახარებს თვალს. ალბათ, უკვე იცით, როგორ გაზარდოთ ავოკადო კურკიდან. მანგოს შემთხვევაში პროცედურა ოდნავ განსხვავებულია. თუმცა, თუ დაიცავთ მარტივ ინსტრუქციას, ყველაფერი გამოვა:

  1. პირველ რიგში, კურკა ამოიღეთ მწიფე მანგოდან. რბილობი მოაშორეთ და ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ.
  2. მაგარი გარსიდან რბილი ბირთვი ამოიღეთ და ფუნგიციდით დაამუშავეთ. ბირთვი წყლით დასველებულ მარლაში შეახვიეთ. ტენიანობის მუდმივად შენარჩუნებაზე იზრუნეთ, რომ კურკის ბირთვი აღმოცენდეს.
  3. პირველი ფესვის გამოჩენის შემდეგ ბირთვი გადაიტანეთ სუბსტრატით სავსე ქოთანში. მეოთხედი ნაწილით მიწაში მოათავსეთ, ფესვებით ქვემოთ. მცენარე მორწყეთ და ქოთანს პარკი გადააფარეთ. დღეში ერთხელ პარკი მოხსენით, რომ მანგოს სუფთა ჰაერთან წვდომა ჰქონდეს. როცა ყლორტი ამოიზრდება, პარკი მოხსენით. ამის შემდეგ მანგოს ხე გაიზრდება ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ოთახის ყვავილი.

მანგოს კურკა სკრაბის დასამზადებლად

თავად კურკა ბევრ საკვებ ნივთიერებას და ვიტამინს შეიცავს, ამიტომ ცოდვა იქნება, თუ არ გამოიყენებთ კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კოსმეტიკურ საშუალებებს შორის, რომლებიც სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ, სკრაბი შესანიშნავ პროდუქტად ითვლება. დაგჭირდებათ რამდენიმე კურკა. მარტივი გასაკეთებელია:

  1. კურკა კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ, რომ რბილობის ნარჩენები არ დარჩეს.
  2. ნაჭუჭი სამზარეულოს კომბაინით ან ხორცსაკეპით ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. არ გამოიყენოთ ეს მოწყობილობები, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მისი პირები საკმარისად გამძლეა და არ გატყდება.
  3. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ თაფლი და ფორთოხლის ეთერზეთი (5 წვეთი საკმარისია). ერთგვაროვანი მასის მიღებამდე შეურიეთ. სკრაბი გამოიყენეთ სხეულის იმ ადგილებში, სადაც გაქვთ სტრიები და ცელულიტი. დადებითი ეფექტი გარანტირებულია.

ტონიკი მანგოს კურკიდან გამშრობი ეფექტით

მანგოს კურკიდან მომზადებული ტონიკი პრობლემური კანის რუტინაში შესანიშნავი დამატებითი საშუალება გახდება. განსაკუთრებით შესაფერისია მათთვის, ვისაც კანი სწრაფად უცხიმიანდება.

  1. ამოიღეთ რბილი ბირთვი მანგოს კურკის მყარი გარსიდან. გარე გარსი მოაშორეთ და ღუმელში 50 წუთი შედგით გამოსაშრობად.
  2. გამხმარი თესლი ყავის საფქვავით დაფქვით. ფხვნილს სამედიცინო სპირტი დაასხით. თხევადი მასა უნდა მიიღოთ.
  3. საშუალება 5 დღე მაცივარში შეინახეთ დასაყენებლად, შემდეგ მარლაში გადაწურეთ.
  4. სპირტის მაღალი კონცენტრაციის გამო პირდაპირ კანზე არ წაისვათ. გამოყენებამდე აუცილებლად გააზავეთ წყალში 1:1 პროპორციით. პროცედურის შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.

მანგოს კურკა მკვებავი ნიღბის გასაკეთებლად

ეს ნატურალური საშუალება შესაფერისია მათთვის, ვისაც სიმშრალისკენ და აქერცვლისკენ მიდრეკილი კანი აქვს. მანგოს კურკა გატეხეთ და რბილი ბირთვი ამოიღეთ. პიურეს მიღებამდე დასრისეთ. ცოტა ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ შეგიძლიათ გამოიყენოთ. სუფთა სახეზე და ყელზე წაისვით, 5-7 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

როგორ მოვამზადოთ თმის და ტანის ზეთი მანგოს კურკიდან

როგორც წინა საშუალებების შემთხვევაში, ხილის კურკა გარეცხეთ და გაამშრალეთ. ნაჭუჭი გატეხეთ და ბირთვი ამოიღეთ. გარე გარსისგან გაწმინდეთ.

  1. მზა ბირთვი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათი გამოაშრეთ. შემდეგ ფხვნილის მიღებამდე დაფშვენით.
  2. 2 ჭიქა მცენარეული ზეთი შეურიეთ. ზეითუნის ან ატმის ზეთი გამოიყენეთ.
  3. ზეთი ქვაბში გადაასხით და წყლის ორთქლზე 1 საათი შეათბეთ. მუდმივად ურიეთ, რომ არ ადუღდეს.
  4. მზა ზეთი მინის ქილაში გადაიტანეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. დაახლოებით 2 თვე გააჩერეთ დასაყენებლად.
  5. პერიოდულად შეანჯღრიეთ, რომ ნალექი არ წარმოიქმნას. გამოყენებამდე მარლაში გადაწურეთ. მაცივარში შეინახეთ.

კბილების საწმენდი ფხვნილი

ბევრს სმენია, რომ სოდა, როგორც აბრაზიული ნივთიერება, შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილების დამატებითი წმენდისთვის. ამ მიზნით მანგოს კურკაც გამოგადგებათ. ამისთვის წვრილად დაფშვენით, სველი კბილის ჯაგრისი ჩააწეთ და კბილები გაიხეხეთ. ამ ხალხური საშუალებით კარიესისგან თავს დაიცავთ. პროცედურა თვეში მაქსიმუმ ორჯერ შეგიძლიათ ჩაიტაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინანქარი შეიძლება დაზიანდეს.

როგორც ხედავთ, მანგოს კურკა ნამდვილად გამოგადგებათ ბევრი ხალხური საშუალების მოსამზადებლად. თქვენს ორგანიზმს საკვები ნივთიერებების მარაგის შევსებაში დაეხმარება. აუცილებლად სცადეთ ამ რეცეპტების გამოყენება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს