გოგრის ფაფა ჩემი ბავშვობის კოშმარია. რაც უფრო ძლიერ ვამბობდი უარს ამ კერძზე, მით უფრო მეტად მაძალებდნენ მის ჭამას. დრო გავიდა და ჩემთვის ნათელი გახდა გოგრის სარგებელი. მართალია, ამ ბოსტნეულის ფაფა დღემდე არ მიყვარს. თუმცა გამოსავალი ვიპოვე და ეს გოგრის წვენია.
თურმე გოგრის წვენი ფაფაზე უფრო სასარგებლოა. ამის შესახებ მითხრა მეგობარმა, რომელიც ჯანსაღი კვების პრინციპებით გატაცებულია. სასმელი გავსინჯე და მას შემდეგ უარს აღარ ვამბობ ბებიის მიერ სოფლიდან გამოგზავნილ გოგრაზე. ახლა გოგრის სასმელი ცივ სეზონზე ჩემს ჯანმრთელობას ინარჩუნებს. თქვენც სცადეთ.
გოგრის წვენი: სასარგებლო თვისებები
გოგრის სამშობლოდ მექსიკა ითვლება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის გავლით გოგრა ევროპაში შემოვიდა. თავიდან ცხოველების საკვებად იყენებდნენ. დროთა განმავლობაში ხალხმა მისი გემოს თვისებებს გადახედა და საკუთარ რაციონში შეიტანა.
გოგრის შემადგენლობა
გოგრა ბოსტნეულად ითვლება, მაგრამ საკმაოდ ბევრ შაქარს შეიცავს. ასევე მასში შედის ბევრი ვიტამინი და მიკროელემენტი, რაც რაციონის შესანიშნავ დანამატად აქცევს.
გოგრის ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ თერმული დამუშავებისას სასარგებლო თვისებების უმეტესობა იკარგება. უმი გოგრის ჭამა ყველას არ შეუძლია, მაგრამ მისგან შესანიშნავი წვენი გამოდის. სხვათა შორის, გოგრას შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა ხილი და ბოსტნეული და ამით მისი სარგებელი გაზარდოთ.
გოგრის წვენის შემადგენლობაში შედის კალიუმი, ბეტა კაროტინი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, ფთორი, რკინა, თუთია და ბევრი სხვა ნივთიერება.
გოგრის წვენი შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა A, PP, C, E და B ჯგუფის ვიტამინები. ასევე გოგრის წვენში არის ლინოლმჟავა, ოლეინის მჟავა და სხვა მჟავები. ასევე ბევრი პექტინი, რომელსაც მწებავი თვისებები აქვს.
გოგრის წვენის სარგებელი
გოგრის წვენი მდიდარი შემადგენლობის წყალობით ბევრი დაავადების სამკურნალო საშუალებად ითვლება. უპირველესად, კალიუმის შემცველობის წყალობით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას ხელს უწყობს.
პექტინის მაღალი შემცველობა დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. პექტინი ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში. ასევე გოგრის წვენი ითვლება ძლიერ ანტიოქსიდანტად, რომელიც ორგანიზმიდან ნარჩენების გამოდევნას ხელს უწყობს.
გოგრის წვენში პექტინის შემცველობა ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს. მსუბუქი საფაღარათო და შარდმდენი მოქმედება აქვს.
ორსულებისთვის ტოქსიკოზის დროს მისი მიღება სასარგებლოა. სხვათა შორის, ძუძუთი კვების დროს გოგრის წვენის დალევა სასარგებლო გავლენას ახდენს რძის რაოდენობაზე.
გარდა ამისა, გოგრის წვენს აქვს სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ასკორბინის მჟავის შემცველობის წყალობით წვენი აძლიერებს იმუნურ სისტემას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. გოგრის წვენი ებრძვის უძილობას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
გოგრის წვენის დალევა შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც და ბავშვებსაც 6 თვის ასაკიდან.
ვინ არ უნდა დალიოს გოგრის წვენი?
გოგრა დიეტურ პროდუქტად ითვლება, მაგრამ აქვს უკუჩვენებები, რომლის დროსაც გოგრის წვენის დალევა არ ღირს.
თუ გაქვთ მიდრეკილება დიარეისკენ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობისკენ და მგრძნობიარე ნაწლავებისკენ, წვენის დალევაზე უარი თქვით.
გასტრიტის ან კუჭის წყლულის დროს გოგრის წვენი ძალიან ფრთხილად უნდა მიიღოთ. იგივე ეხება შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმას.
გოგრის სასმლის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 200 გ გოგრა
- 1 ლ სასმელი წყალი
მომზადების წესი:
1. გოგრას კანი მოაშორეთ და რბილობი კუბებად დაჭერით.
2. დაჭრილი გოგრა ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ, წყალი დაასხით და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
სამკურნალო ეფექტის მისაღებად ნახევარი ჭიქა გოგრის წვენი უზმოზე დალიეთ 10 დღის განმავლობაში. პროფილაქტიკისთვის წვენი მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ.
ორგანიზმზე მისი დადებითი ეფექტის გასაძლიერებლად, გოგრა დაუმატეთ სხვადასხვა კერძებს. მაგალითად, გამოაცხვეთ არომატული გოგრის პური ჩაიზე მისაყოლებლად.