ქალები, რომელთაც საბჭოთა დეფიციტში უცხოვრიათ, დაადასტურებენ, რომ იმ პერიოდში ძალიან რთული იყო სილამაზის შენარჩუნება. მაღაზიებში ცოტა კოსმეტიკა იშოვებოდა. მხოლოდ სილამაზის ხელნაკეთი რეცეპტები შველოდათ. საუკეთესო რეცეპტებს უზიარებდნენ მეგობრებს, ქალიშვილებს და კოლეგებს.
ნიღბების ეს რეცეპტები დროში გამოცდილია, რაც ნიშნავს, რომ მუშაობს. რამდენიმე მათგანი საკუთარ თავზე გამოვცადე და შედეგმა გამაოცა. სცადეთ თქვენც!
სილამაზის რეცეპტები სსრკ-დან
ამ ნაკრებში იპოვით თმის და კანის მოვლის საიდუმლოებებს. მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მხოლოდ ნატურალური პროდუქტებისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ მისი გამოყენება მგრძნობიარე კანზეც შეიძლება.
სახის ნიღაბი სახამებლით
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი
- 5 ს/კ ახალი სტაფილოს წვენი
- 1 ს/კ არაჟანი
მომზადების წესი:
- სახამებელი 0,5 ჭიქა წყალში გახსენით და ქვაბში ჩაასხით. დაუმატეთ 0,5 ლ მდუღარე წყალი და გასქელებამდე ხარშეთ. სტაფილოს წვენი და არაჟანი დაუმატეთ. მასას კარგად აურიეთ და გააჩერეთ გაცივებამდე.
- ნარევი სახეზე წაისვით ნიღბის სინთეტიკური ფუნჯით. 20 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სტანდარტული მოვლის რუტინა ჩაიტარეთ. ნიღაბი მაცივარში 3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.
- ასეთი ნიღაბი კანს კარგად ატენიანებს და აგლუვებს, ასევე წვრილ ნაოჭებს ასწორებს.
სახის გამწმენდი ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 2 აბი აქტივირებული ნახშირი
- 2 ჩ/კ ჟელატინი
- 1 ს/კ რძე
მომზადების წესი:
- ჟელატინი თბილ რძეში ჩაალბეთ და სრულად გახსნას დაელოდეთ. ნახშირი საგორავით ან სანაყით დააქუცმაცეთ. ნახშირის ფხვნილი ჟელატინს დაუმატეთ და აურიეთ.
- სახე ოდნავ დაიორთქლეთ და ნიღაბი წაისვით იმ ადგილებში, სადაც შავი წერტილები გაქვთ. დაელოდეთ, სანამ ნიღაბი მთლიანად გაშრება და ერთი მოძრაობით მოიშორეთ. შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.
მარწყვის ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ თხევადი თაფლი
- 2 ს/კ გახეხილი კარტოფილი
- 0,5 ჩ/კ მარწყვის წვენი
მომზადების წესი:
- ყველა ინგრედიენტს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნარევი სველ მარლაზე გადაიტანეთ და სუფთა კანზე დაიფინეთ.
- საფენი 30 წუთი გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დამატენიანებელი ტონიკი არ დაგავიწყდეთ.
- ასეთი ნიღაბი კანს უფრო სუფთას და დასვენებულს ხდის.
სახის განმაახლებელი ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 2 აბი ასპირინი
- 2 ჩ/კ თხევადი თაფლი
მომზადების წესი:
- ასპირინის აბებს ცოტა წყალი დაასხით და დაელოდეთ, სანამ დაკრისტალდება. ასპირინს თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. ნიღაბი სახეზე წაისვით, თვალის გარშემო კანს მოერიდეთ, 10 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ კანი დაიმასაჟეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
- ნიღაბი ხელს უწყობს კანის ჯანსაღი გარეგნობის აღდგენას, სახის ფერს ასწორებს. ასევე მცირე ანთებას ებრძვის.
შვრიის სკრაბი დასაბანად
დაგჭირდებათ 1 მუჭა შვრიის ფანტელები. თბილ წყალში 1-2 წუთი ჩაალბეთ. ოდნავ დარბილებული შვრიის ფანტელები აიღეთ და კანში ნაზად შეიზილეთ. სწრაფად იგრძნობთ, როგორ აქაფდება ფანტელები და კანი გასუფთავდება.
პირველი გამოყენების შემდეგ კანზე გამონაყარი შეიძლება გამოჩნდეს. ის რამდენიმე დღეში გაქრება და დაგიტოვებთ ხავერდოვან და სუფთა კანს.
მარილის სკრაბი ტანისთვის
სკრაბისთვის დაგჭირდებათ წვრილი ზღვის მარილი და არაჟანი. კომპონენტები თანაბარი რაოდენობით აიღეთ. ინგრედიენტებს აურიეთ და შხაპის შემდეგ დაორთქლილ კანზე წაისვით. ამისთვის ტერის ნეჭა შეგიძლიათ გამოიყენოთ.
დარჩენილი სკრაბი მაცივარში შეინახეთ. ამ საშუალების რეგულარული გამოყენება კანს არბილებს და ატენიანებს.
ბირკავას ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ბირკავას ზეთი
- 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
- 1 ს/კ თხევადი თაფლი
- 1 კვერცხის გული
მომზადების წესი:
- ყველა ინგრედიენტი კვერცხის გულის გარდა ცეცხლგამძლე ქვაბში მოათავსეთ. ნარევი წყლის ორთქლზე გააცხელეთ და გააგრილეთ. მასას კვერცხის გული დაუმატეთ და აურიეთ. ნიღაბი სკალპზე წაისვით და პარკი ჩამოიცვით, პირსახოცით შეიფუთეთ. ოდნავ ფენით შეგიძლიათ გაათბოთ, რადგან ასე უკეთ იმოქმედებს.
- ნიღაბი 1 საათი გაიჩერეთ, შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ შამპუნი 2-ჯერ უნდა წაისვათ. ასეთი ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ კვირაში ერთხელ 1 თვის განმავლობაში.
პიტნის ტონიკი თმის ზრდისთვის
პიტნის ტონიკი თმის ზრდას აჩქარებს და აძლიერებს. ტონიკის შემდეგ თმა უფრო სუფთა ხდება.
პიტნის ალკოჰოლური ნაყენი აფთიაქში შეიძინეთ. მთელი ბოთლი წყალს შეურიეთ თანაბარი პროპორციით. საშუალება სპრეის ბოთლში გადაასხით და სკალპზე ყოველდღე წაისვით. ტონიკი ქმნის სასიამოვნო გრილ ეფექტს, რომელიც იწვევს სისხლის ნაკადს თმის ფოლიკულებში.
საფუვრის ნიღაბი სქელი თმისთვის
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ ახალი საფუარი
- 120 მლ კეფირი
- 3 ს/კ თხევადი თაფლი
მომზადების წესი:
- საფუარს თბილი წყალი დაასხით და 1 საათი სითბოში გააჩერეთ. შემდეგ დაუმატეთ თაფლი და კეფირი, აურიეთ.
- ნიღაბი სკალპზე და თმის მთელ სიგრძეზე წაისვით, ოდნავ შეიზილეთ.
- პარკი ჩამოიცვით და პირსახოცით შეიფუთეთ.
- 1 საათში ჩამოიბანეთ და თმა დაიბანეთ ჩვეულებისამებრ.
ხახვის ლოსიონი თმის გასაძლიერებლად
ინგრედიენტები:
- ხახვის ფურცლები
- 0,5 ლ არაყი
- 2 ს/კ მიხაკი
მომზადების წესი:
- 0,5 ლ მოცულობის ქილა ხახვის ფურცლებით გაავსეთ. არაყი დაასხით და მიხაკი დაუმატეთ. ლოსიონი 10 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ, დროდადრო შეანჯღრიეთ. 10 დღის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ.
- ნაყენი თმის ძირებში დაბანამდე წაისვით, ბამბის დისკი გამოიყენეთ. თავზე პარკი დაიფარეთ და პირსახოცით შეიფუთეთ, 2 საათი გაიჩერეთ. ამის შემდეგ თავი დაიბანეთ ჩვეულებისამებრ. გახსოვდეთ, რომ ასეთი ნაყენი თმას მოწითალო-ოქროსფერ ელფერს ანიჭებს, ამიტომ თუ პლატინის ქერა თმა გაქვთ, სხვა საშუალება შეარჩიეთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ხელნაკეთ ნიღბებს მაღაზიის კანის მოვლის საშუალებების სრულად ჩანაცვლება შეუძლია. გახსოვდეთ, რომ თავის მოვლაში მთავარია რეგულარულობა.