ტორტი ყოველთვის დღესასწაულის შეგრძნებას გვანიჭებს. ეს გასაოცარი დესერტი უფროსებს და ბავშვებს ერთნაირად უყვარს. სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ შოკოლადის ტორტი კრემით და კაკლით – „პარიზის ცეცხლი“.
ტორტი კრემით და კაკლით
ეფექტური სახელის ტორტი არა ნაკლებ მდიდრული გემოთი პოპულარულია. გასაკვირი არცაა, რადგან მასში კაკალი და შოკოლადის ბისკვიტი, ხილი და ყველასთვის საყვარელი მოხარშული კრემი შედის. ერთი სიტყვით, დესერტის შესანიშნავი ვარიანტი სადღესასწაულო სუფრისთვის.
ინგრედიენტები 2 მუქი ფერის ბისკვიტის ფენისთვის:
- 4 კვერცხი
- მწიკვი მარილი
- 4 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 4 ს/კ ფქვილი
- 2 ს/კ კაკაო
ინგრედიენტები 1 ღია ფერის ბისკვიტის ფენისთვის:
- 7 კვერცხის ცილა
- მწიკვი მარილი
- 12 ს/კ შაქარი
- 200 გრ ნიგოზი (შემწვარი და დაქუცმაცებული)
- 1 ს/კ ფქვილი
კრემის ინგრედიენტები:
- 7 კვერცხის გული
- 200 გრ შაქრის პუდრა
- 5 ს/კ სიმინდის სახამებელი
- 250 გრ კარაქი
- 500 მლ რძე
- 2 ჩ/კ ვანილის შაქარი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 ბანანი
ინგრედიენტები ბისკვიტის ფენების გასაჟღენთად
- 100 მლ წყალი
- 4 ს/კ შაქარი
- 2 ს/კ რომი ან სხვა ძლიერი სასმელი
მომზადება:
1. პირველ რიგში, მუქი ფერის ბისკვიტის ფენები მოამზადეთ. ამისთვის კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ. როცა ქაფს მიიღებთ, თითო-თითო კოვზი შაქარი დაუმატეთ და მდგრადი, მკვრივი ქაფის მიღებამდე ათქვეფა გააგრძელეთ. ამის შემდეგი თითო-თითო კვერცხის გული დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.
2. ფქვილი და კაკაო აურიეთ, გაცერით და ნაწილ-ნაწილ კვერცხიან ქაფს დაუმატეთ. ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ, მიღებული ცომის ნაწილი ჩაასხით და 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ. ბისკვიტის მეორე ფენაც ასე გამოაცხვეთ.
3. ღია ფერის ბისკვიტის ფენის მომზადებას შეუდექით. კვერცხის ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ, თითო-თითო კოვზი შაქარი დაუმატეთ და სქელი ქაფის მიღებამდე აურიეთ. ფქვილი გაცერით, დაქუცმაცებული კაკალი აურიეთ და თანდათანობით ცილას დაუმატეთ, კარგად აურიეთ. პერგამენტ დაფარებულ ფორმაში ჩაასხით და 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.
4. კრემის მოსამზადებლად შაქრის პუდრა და კვერცხის გული სახამებელთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ რძე, ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ. როცა ნარევი გასქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით და კრემს გაგრილება აცადეთ.
5. კარაქი დაარბილეთ და პორციებით კრემს აურიეთ, ფუმფულა მასის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ. ბანანი მცირე ნაჭრებად დაჭერით ან დააბლენდერეთ. კრემს ხილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ.
6. სიროფი ბისკვიტის გასაჟღენთად ძალიან მარტივია. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და სუსტ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ. ყველაზე ბოლოს რომი ან ნებისმიერი სხვა ძლიერი სასმელი თქვენი გემოვნებით დაუმატეთ.
7. როგორც იქნა, შეგიძლიათ ტორტი ააწყოთ! ამისთვის სჯობს გასახსნელი ფორმა გამოიყენოთ. ტორტის პირველი ფენა – მუქი ფერის ბისკვიტის ფენა. სიროფით გაჟღინთეთ და კრემი წაუსვით. შემდეგ ღია ფერის ბისკვიტის ფენა დაადეთ, კრემი წაუსვით და კვლავ მუქი ფერის ბისკვიტის ფენა დაადეთ. ტორტს ყველა მხრიდან კრემი წაუსვით და გემოვნებით მორთეთ. ამისთვის გახეხილი შოკოლადი შესანიშნავად გამოგადგებათ.
სასურველია, დესერტი რამდენიმე საათით მაცივარში გააჩეროთ. ასე, ტორტის გემო უფრო გამოკვეთილი გახდება.
ტორტი წარმოუდგენლად ნაზი, სველი და არომატული გამოვა. რეცეპტით შეიარაღდით და ახლობლები უჩვეულო გემოს „პარიზის ცეცხლით“ აუცილებლად გაახარეთ.