ამ სეზონზე მებაღეებს პრობლემა აქვთ – ნიორი დროზე ადრე გაყვითლდა და ჩაწვა. თავად თავები ძალიან პატარაა. რაში იმალება მიზეზი და რისი გაკეთება შეიძლება?
მიზეზი №1: ნიორი მომწიფდა
ბუმბულის ნაწილობრივი გაყვითლება და ყლორტების ჩაწოლა შეიძლება იმის დასტური იყოს, რომ ნიორი უბრალოდ მოსავლის ასაღებად მზადაა. ძალიან ადრეა? შესაძლოა, ზამთარში საგაზაფხულო ჯიში დარგეთ. თუ საგაზაფხულო და საზამთრო ნივრების განსხვავება არ იცით, ასეთი გაუგებრობა სავსებით მოსალოდნელია. უფრო მეტიც, ეს იშვიათი არაა, რადგან მაღაზიებსა და ბაღის ცენტრებში ხშირად სორტნაწუნს ყიდიან.
როგორ განვასხვაოთ? თავებით!
საზამთრო ნიორს მსხვილი და, როგორც წესი, ლუწი რაოდენობის კბილები აქვს: 4, 6, 8… კბილები ბოლქვის ირგვლივ მდებარეობს, ცენტრში კი ყოველთვის ღეროა.
საგაზაფხულო ნიორის პატარა და ბევრი კბილები აქვს, რომელიც მთელ ბოლქვზე სპირალურად მდებარეობს – გარედან მსხვილი, შიგნით უფრო პატარა. საგაზაფხულო ნიორს ღერო არ აქვს.
შეიძლება თუ არა საგაზაფხულო ნივრის გაზრდა, თუ ზამთარში დავრგავთ? ძალიან მარტივად. მეტიც, ამ შემთხვევაში უფრო მსხვილ თავს და კბილებს აყალიბებს. ამისთვის ნიორს ნაადრევად აღმოცენება სჭირდება, სანამ ნიადაგი და ჰაერი ჯერ კიდევ ცივია. მის დარგვას აპრილში გვირჩევენ, მაგრამ ეს ყოველთვის შესაძლებელია – გახანგრძლივებული გაზაფხულის დროს ნიადაგი შეიძლება ძალიან სველი იყოს. აი, შემოდგომაზე დარგული, ადრე ამოდის.
პრობლემა არსებობს – ის ზამთარგამძლე არაა და ცივ, უთოვლო ზამთარში შეიძლება გაიყინოს. თუ ზამთარი თბილი იყო ან ბევრი თოვლი მოვიდა, მაშინ პრობლემა არ გექნებათ.
დიდი ალბათობით, ღეროები დროზე ადრე სორტნაწუნის გამო დაწვა, მაგრამ ამაში სახიფათო არაფერია.
რა უნდა გააკეთოთ?
ნივრის თავები ამოთხარეთ და გააშრეთ! ესეც ასე, ნიორი შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მიზეზი №2: უამინდობა
თუ ნივრის მომწიფების დროს თავსხმა წვიმა ან ძლიერი ქარია, ყლორტები შეიძლება დაწვეს – წვიმა და ქარიშხალი უბრალოდ მიწაზე ასწორებენ.
რა უნდა გააკეთოთ?
დაე, ასე მომწიფდნენ. როცა დრო მოვა – ამოთხარეთ. შესაძლოა, თავები პატარა იყოს, მაგრამ ვერაფერს იზამთ.
მიზეზი №3: თეთრი ლპობა
თეთრი ლპობა ან სკლეროცინია ცივ, წვიმიან ამინდში აქტიურად ვითარდება. ინფექციის განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა დაახლოებით +18 გრადუსია, მაგრამ აქტივობას +10˚C-დან +24˚C-მდე იჩენს. უფრო ცხელ პირობებში სოკო ნელა იზრდება.
დაავადების პირველი ნიშნები: ფოთლის წვერები ყვითლდება და ჭკნება. შემდეგ მთავარი ღერო ლპება და წვება. მცენარე სწრაფად ჭკნება და კვდება. ფესვებსა და ახალგაზრდა ბოლქვებზე თეთრი ფუმფულა მიცელიუმი და ნახევარწყლიანი ლპობა ჩნდება.
რა უნდა გააკეთოთ?
თუ ნიორი დაწვა და ბოლქვი დალპა, ვერაფერს იზამთ. დაზიანებული მცენარე ამოთხარეთ და დაწვით.
მომავალ წელს დაავადება რომ არ განვითარდეს, პროფილაქტიკის ზომები დაიცავით:
- ჯანსაღი დასარგავი მასალა გამოიყენეთ.
- დარგვის წინ კბილები 30 წუთით პრეპარატში „მაქსიმ მეაგარაკეში“ ჩაალბეთ. შემდეგ გამშრალი დარგეთ.
- თესლბრუნვა დაიცავით – ძველ ადგილას ნიორი შეგიძლიათ მხოლოდ 4 წლის შემდეგ დარგოთ.
- სამუშაო ინსტრუმენტებს დეზინფექცია კარგად გაუკეთეთ – სოკოს ამგზნები ნიადაგში ცხოვრობს. მაშინაც კი, თუ ნიორი ჯანსაღ ნაკვეთზე დარგეთ, პათოგენი შეიძლება დაინფიცირებული კვლებიდან გადმოიტანოთ.
როგორ ვუმკურნალოთ დაინფიცირებულ ნიადაგს
თეთრი ლპობის ამგზნები ბევრ კულტურას აზიანებს. სწორედ ამიტომ ნიადაგი, სადაც დაავადებული ნიორი იზრდებოდა, უნდა განკურნოთ.
ამის გაკეთება ძალიან მარტივია: ნაკვეთს შავი ცელოფანი დააფარეთ და 4-6 კვირა გააჩერეთ. ასეთ პირობებში ცხელ ამინდში ტემპერატურა კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს და დაავადების ამგზნები დაიღუპება. თუმცა ცივ და წვიმიან ამინდში ცელოფანი ვერ გიშველით.
ნიორი ძალიან პატარა გაიზარდა. შეიძლება მიწაში დავტოვოთ და მეორე წელს ამოვთხაროთ? ის ხომ გაიზრდება?
ამ კითხვას მებაღები ხშირად სვამენ. ისინი ფიქრობენ, რომ სჯობს მიწაში კიდევ გააჩერონ, გამოაზამთრონ და მომავალ წელს უფრო მსხვილი თავები მიიღონ.
ასე არაა! საქმე იმაშია, რომ ნივრის თავები წონას მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში იმატებს. თუ მიწაში დატოვებთ, მომავალ წელს თითოეული კბილიდან ახალი მცენარე გაიზრდება და ახალ ბოლქვს შექმნის. იქედან გამომდინარე, რომ მათი სივრცე მცირე იქნება, სიმჭიდროვეში მომწიფდებიან და მეორე ზაფხულის ბოლოს რამდენიმე ძალიან პატარა თავს მიიღებთ. უფრო პატარას, ვიდრე წელს.
ასე, რომ ნიორი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ამოთხაროთ.