ლოქორა ნამდვილი კოშმარია მებოსტნისთვის. მას ბოსტანსა თუ ბაღში მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. ლოქორები მცენარეებს განსაკუთრებით წვიმების დროს უტევენ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ლოქორა ბაღიდან.
როგორ მოვიშოროთ ლოქორა ბაღიდან
ამ უსიამოვნო მავნებლის საწინააღმდეგოდ რამდენიმე ყველაზე ეფექტური მეთოდი შევაგროვეთ. გირჩევთ, დაუყონებლივ ქიმია არ გამოიყენოთ, მარტივი ბრძოლის მეთოდებით დაიწყეთ. სიმარტივის მიუხედავად, მეთოდები კარგ შედეგს იძლევა.
მექანიკური მეთოდები
პირველ რიგში, ნაკვეთი დაათვალიერეთ და ლოქორების მოშორება ხელით სცადეთ. მათი შეგროვება განსაკუთრებით ეფექტური დილითაა. ჩაბნელებული კუთხეები, ლითონის და ხის ზედაპირები კარგად დაათვალიერეთ. ლოკოკინებს მცენარის ჩრდილში შეგროვება უყვართ: მარწყვის ახლოს, კომბოსტოს ან ბუჩქის ქვეშ.
მეორეც, თვითნაკეთი ხაფანგი გამოიყენეთ. ასე ერთ ადგილას რამდენიმე ლოქორას დაჭერას შეძლებთ. ლოქორებს ლუდის სუნი უყვართ – ის შეგიძლიათ სატყუარად გამოიყენოთ. ამისთვის ბოთლი გადაჭერით და მიწაში ჩაფლეთ. ბოთლის ძირში ცოტა ლუდი ჩაასხით და ლოქორების შიგნით შესვლას დაელოდეთ.
ასევე კარგად მუშაობს სიმინდის სატყუარა. ცოტა მარცვალი ან ფქვილი ქილაში ჩაყარეთ და მიწაში ჩამარხეთ. ლოქორებს ძალიან უყვართ ციტრუსი და ბაღჩეული კულტურები. მათი ქერქი შესანიშნავი სატყუარაა. აიღეთ ნახევარი ნაყოფი ქერქიანად, გახვრიტეთ და ნახვრეტით მიწაზე ჩაფლეთ. ცოტა ხანში შეგიძლიათ აიღოთ და ლოქორები შეაგროვოთ.
კიდევ ერთი კარგი მეთოდი – დამცავი ზღუდე გააკეთეთ. ამისთვის ხორკლიანი ან ბასრი მასალები გამოგადგებათ, რომელზეც ლოქორას სრიალი გაუჭირდება. გარდა ამისა, ნაკვეთზე შეგიძლიათ კაკლის ნაჭუჭები, ხის ნაცარი ან მწვავე კირი მოაყაროთ. მებოსტნეები აღნიშნავენ, რომ ლოქორებთან ბრძოლაში ხშირად თაფლი ეხმარებათ. მავნებლის მუცელთან კონტაქტისას ქიმიური რეაქცია ხდება და ლოქორა ნადგურდება.
ხალხური მეთოდები
როგორ მოვიშოროთ ლოქორები ბაღიდან? ამისთვის სხვადასხვა ხალხური მეთოდი არსებობს. რეკომენდებულია, ნერგები სპეციალური ნარევით დაპუდროთ. მწვავე კირი ან სუპერფოსფატი კარგ შედეგს იძლევა. ერთ კვადრატულ მეტრზე 30 გრ ნარევი დაგჭირდებათ.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვავე წიწაკა. ის უნდა გაახმოთ, შემდეგ დაფქვათ. მოსამზადებლად 10 ლ წყალზე 500 გრ წიწაკა დაგჭირდებათ. აურიეთ და 2 დღე დააყენეთ. შემდეგ ნარევი აადუღეთ და კიდევ 2 დღე გააჩერეთ. ლოქორების საწინააღმდეგოდ ნერგები ამ ნარევით დანამეთ ოღონდ ისე, რომ კულტურები არ დააზიანოთ.
მავნებლებთან ბრძოლაში კალიუმის მარილი დაგეხმარებათ. ის ლოქორებისთვის შხამს წარმოადგენს. 1 კგ ფხვნილი 10 ლ წყალში გახსენით და მიღებული ხსნარით ნერგები დაამუშავეთ. სჯობს ასე დღეში 2-3-ჯერ გააკეთოთ, რადგან ლოქორები ფოთლებზე სრიალის დროს შხამს იშორებენ.
ხალხური მეთოდებიდან შეგიძლიათ სცადოთ მდგოვის ნაყენი. 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი 1 ჭიქა წყალში გახსენით და 1 საათით დააყენეთ. შემდეგ ნახევარი ვედრო წყალი დაასხით და აურიეთ. ხსნარით როგორც მცენარეები, ასევე ნიადაგი დაამუშავეთ.
ქიმიური პრეპარატები
თუ მარტივი მეთოდები არ გშველით, ხოლო ლოქორების რაოდენობა გაიზარდა, ქიმიური საშუალებები სცადეთ. ლოკოკინები მგრძნობიარეები არიან მეტალდეჰიდის მიმართ, რომლის საფუძველზე კარგი პრეპარატები არსებობს. ამ პრეპარატით შეგიძლიათ მთელი ნაკვეთი ან კულტურის მიმდებარე ტერიტორია დაამუშაოთ. პრეპარატი ფრთხილად უნდა გამოიყენოთ, რომ შინაურმა ცხოველებმა ის არ შეჭამოს.
ლოქორებთან ბრძოლა რთულია. ის სწრაფად მრავლდება და ახალ პირობებს ადვილად ეგუება. სწორედ ამიტომ სწორი პროფილაქტიკის მეთოდი უნდა გამოიყენოთ. ის ლოქორებს თავისუფლად გადაადგილებაში ხელს უნდა უშლიდეს. ამისთვის ტენიანობა შეამცირეთ და ლოკოკინებისთვის თავშესაფრების რაოდენობა შეამცირეთ.
გირჩევთ, ნიადაგი როგორც გაზაფხულზე, ასევე შემოდგომაზე დახნათ. ასე ლოქორებს თავშესაფარს წაართმევთ, ასევე ბალახები ხშირად ამოთხარეთ – ლოქორები ცხელ ამინდში ბალახებში იმალებიან. ნაგავი, ძველი დაფები და ფოთლები აუცილებლად გადაყარეთ. მეთოდები კომპლექსურად გამოიყენეთ, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ. წარმატებას და უხვ მოსავალს გისურვებთ!