როგორ გავწმინდოთ ოქრო სახლის პირობებში – ხალხური მეთოდები

7568

ოქრო საკმაოდ გამძლე მასალაა. მისი ნაკეთობები მრავალი წლის მანძილზე ძლებს და თაობიდან თაობასაც კი გადაეცემა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მოითხოვს ნაზ მოპყრობას – თუ ამას არ გააკეთებთ, წლების განმავლობაში, იგი გაფერმკრთალდება, დაიფარება ნადებით.

თუ იმაზე დაფიქრებულხართ, თუ როგორ უნდა გაწმინდოთ ოქრო სახლის პირობებში სწრაფად და ეფექტურად, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ეფექტური საშუალება როგორც რეგულარული წმენდის, ისე ნაკეთობის განახლებისთვის.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიმართოთ პროფესიონალებს, ოქრო ულტრაბგერითი ან სხვა აპარატით რომ გაწმინდონ. თუმცა, ამის გაკეთება დამოუკიდებლად გაცილებით უფრო იაფია, შედეგი კი პროფესიონალურს არაფრით ჩამოუვარდება.

წყალი + სარეცხი საშუალება

აიღეთ მცირე ზომის ქვაბი და ჩაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი, დაუმატეთ 15 მლ ნებისმიერი არააგრესიული სარეცხი საშუალება (თუნდაც თხევადი საპონი). მოურიეთ ქაფის წარმოქმნამდე. ფსკერზე მოათავსეთ ჩვარი, ზემოდან კი დაალაგეთ სამკაულები. შემდეგ მოათავსეთ ქვაბი ქურაზე, ადუღებიდან 5 წუთში გამორთეთ ცეცხლი. ოქრო ამოიღეთ და გარეცხეთ გამდინარე წყლით. მოათავსეთ სამკაული პირსახოცზე, გაასწორეთ და გააშრეთ. სხვათა შორის, ამ საშუალების გამოყენება თეთრი ოქროს გასაწმენდადაც შეიძლება.

წყალი + ნიშადურის სპირტი + სარეცხი ფხვნილი

აადუღეთ 1 ჭიქა წყალი და მაშინვე ჩაასხით იგი გამძლე შუშის ჭურჭელში. დაუმატეთ 1 ს.კ. სარეცხი ფხვნილი (შეგიძლიათ თხევადი სარეცხი საშუალებით შეცვალოთ). ჩაასხით 15 მლ ნიშადურის სპირტი. მოურიეთ ყველა კომპონენტი და ჩაუშვით მიღებულ ხსნარში ოქროს სამკაული. 1 საათში გარეცხეთ იგი გამდინარე წყალში და გაამშრალეთ რბილი პირსახოცით.

წყალი + ნიშადურის სპირტი + წყალბადის ზეჟანგი + სარეცხი საშუალება

აღნიშნული საშუალება ჰგავს წინას, თუმცა მასში კიდევ ერთი კომპონენტი – წყალბადის ზეჟანგია. აიღეთ საშუალო სიღრმის თასი და შეურიეთ 200 მლ წყალი, 15 მლ ნიშადურის სპირტი, 30 მლ ზეჟანგი, რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალება. ოქროს ნაკეთობა ამ ხსნარში 10-15 წუთით უნდა მოათავსოთ. ქიმიური რეაქციის შედეგად, არამხოლოდ ჭუჭყი, არამედ ჟანგის ფენაც გაქრება. შემდეგ ოქრო უნდა გარეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ და გააშროთ რბილი ქსოვილით. გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი არ უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ სამკაული ძვირფასი თვლებითაა გაფორმებული.

წყალი + მარილი

ოქროს გაწმენდაში დაგეხმარებათ მარილხსნარიც. მისი მომზადბეა მარტივია – შეურიეთ 0.5 ჭიქა ცხელი წყალი 50 გ მარილს. მოათავსეთ ოქრო ვიწრო ჭურჭელში, მიღებულ ხსნარში, რამდენიმე საათით (მთელი ღამით). გარეცხეთ სუფთა წყლით და გააშრეთ.

წყალი + სოდა (ფოლგასთან ერთად)

ამ ხერხისთვის აიღეთ 1 ნაჭერი ფოლგა და დააფინეთ იგი ქვაბის ფსკერზე. ზემოდან დაალაგეთ საიუველირო ნაკეთობები. შემდეგ მოამზადეთ 250 მლ წყლისა და 15-25 გ სოდის ხსნარი. კარგად მოურიეთ და დაასხით ოქროს. არანაკლებ 8 საათის შემდეგ, ამოიღეთ ნაკეთობა და გარეცხეთ გამდინარე წყალში.

კვერცხი + ლუდი

საინტერესო საშუალებაა ოქროს გასაწმენდად. გამოიყენეთ ქათმის კვერცხის ცილა და ლუდი. შეურიეთ და წაუსვით სამკაულს რბილი ქსოვილის გამოყენებით. შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ.

ტუჩსაცხი + ხავერდი

არანაკლებ საინტერესო და ეფექტური მეთოდია ტუჩსაცხის გამოყენება. წაუსვით პომადა რბილ ქსოვილს და გაწმინდეთ ოქრო. ტუჩსაცხი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც წმენდაში დაგეხმარებათ. შემდეგ გააპრიალეთ ნაკეთობა ხავერდის ქსოვილით.

კბილის ჯაგრისი + პასტა

ესაა მექანიკური წმენდის მეთოდი, რომელიც კბილის ჯაგრისისა და პასტის გამოყენებას გვთავაზობს. წაუსვით იგი სამკაულს, შემდეგ კი, კბილების გახეხვის მსგავსად, გახეხეთ რბილი ჯაგრისით. ნუ შეგეშინდებათ ბიჟუტერიის დაზიანებისა, რადგან პასტა შეიცავს ასაქაფებელ ნივთიერებას, რომელიც არბილებს აბრაზიულ თვისებებს.

ცარცი + ნიშადურის სპირტი

დანაყეთ ცარცის პატარა ნაჭერი და მოასხით ნიშადურის სპირტი (ოდნავ წელვადი, თუმცა მოსახერხებლად წასასმელი ხსნარი რომ გამოვიდეს). გაწმინდეთ ნაკეთობა მიღებული ნარევით, კბილის ჯაგრისის გამოყენებით. შემდეგ კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.

ხახვის წვენი

ჩვეულებრივი ხახვის წვენი სამკაულის ჭუჭყს მარტივად გაუმკლავდება. უბრალოდ შუაზე გაჭერით საშუალო ზომის ხახვი და წაუსვით გამუქებულ სამკაულს. კარგად უხახუნეთ, წვენი რომ გამოიყოს. გააჩერეთ წვენი რამდენიმე საათით და შემდეგ გარეცხეთ, გააშრეთ.

ბენზინი და სპირტის შემცველი სითხეები

თვლებით გაფორმებული სამკაულების წმენდაში დაგეხმარებათ ბენზინი, სპირტხსნარი ან ოდეკოლონი. უბრალოდ ჩაალბეთ ბამბის ჩხირი ნებისმიერ ამ სითხეში და გაწმინდეთ ნაკეთობა.

პროფესიონალური საშუალებები

აღნიშნული სია სრული ვერ იქნებოდა, პროფესიონალური საწმენდი საშუალებები რომ გამოგვეტოვებინა. საიუველირო ნაკეთობების გასაწმენდად, გაყიდვაშია სხვადასხვა საწმენდი პასტა და სითხე, სპეციალური გაჟღენთილი ჩვრები. შეიძინეთ ერთ-ერთი ასეთი საშუალება და მშვიდად გაწმინდეთ ყველა თქვენი სამკაული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს