ცოტა ხნის წინ შევხვდი დაქალს, რომელიც თავის სახლში კანალიზაციის მდგომარეობას უჩიოდა. გაჭედილი მილების რეგულარული წმენდა მისი საყოფაცხოვრებო საქმიანობის განუყოფელ ნაწილად ქცეულა. დავინტერესდი, რას რეცხავდა უნიტაზში. პასუხით ყველაფერს მივხვდი. პრაქტიკულად ყველაფერს! დიდხანს არ მიფიქრია, ისე ვუთხარი მას, რომ უნიტაზში ძალიან ბევრი რამის ჩარეცხვა არ შეიძლება.
ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ბევრი ფიქრობს, რომ ნებისმიერი რამის ჩარეცხვა შეიძლება, მთავარია, მილში გაეტიოს. რეალურად, ასეთი დაუფიქრებელი ქმედება არასახარბიელო შედეგებს იწვევს. კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები თქვენი ბინის ფარგლებ გარეთ გააღწევს და მთელ კორპუსს დააზარალებს. ასე რომ არ მოხდეს, მე მოვამზადე იმ ნივთების სია, რომელთა უნიტაზში ჩარეცხვა არ შეიძლება.
რისი ჩარეცხვა არ შეიძლება უნიტაზში
1. ქაღალდის ხელსახოცები
ჩვენ ყოველდღე ვრეცხავთ ტუალეტის ქაღალდს, თუმცა, ქაღალდის ხელსახოცების ჩარეცხვა უნიტაზში არ შეიძლება. რატომ? ეს იმიტომ, რომ ამ უკანასკნელი მასალის სიმკვრივე გაცილებით მაღალია. ხელსახოცები ცუდად იხსნება წყალში, მათი დიდი რაოდენობა კი მილების გაჭედვას იწვევს.
2. ლეიკოპლასტი
წებოვანი ლენტის პატარა ნაჭერსაც კი შეუძლია პრობლემების გამოწვევა. იგი წყალში საერთოდ არ იხსნება, ესე იგი, მისი ადგილი ნაგვის ურნაშია.
3. თმა
უნიტაზში ხშირად ყრიან თმასაც. სავარცხლის ან ტრაპის ამოწმენდისას, საკმაოდ დიდ ბღუჯას ვუშვებთ უნიტაზში. მსგავს ნივთებთან ერთად კი, თმა შესანიშნავ საცობს ქმნის.
4. კატის ტუალეტი
კატის ტუალეტის შემავსებელი კარგად იწოვს სითხეს და სივდება. თუ მას ტუალეტში ჩაყრით, ნაწილაკები ერთმანეთს შეეკვრება და დიდ ქვას წარმოქმნის. აქედან მილების გაჭედვამდე ორი ნაბიჯია.
5. ბამბის დისკები
ბამბის დისკებს შესანიშნავი შემწოვი თვისებები აქვთ. რამდენიმე დისკს უნიტაზის გაჭედვა შეუძლია.
6. ყურის ჩხირები
პლასტმასის ჩხირებზე დამაგრებული ბამბები ნამდვილად არ უნდა ჩაირეცხოს უნიტაზში. ისინი მილში გაიჭედება და სხვა ნივთებსაც შეაკავებს. შედეგი თვალსაჩინოა.
7. ქალის ჰიგიენური საფენები
საფენები და ტამპონები სწრაფად იწოვს წყალს და მნიშვნელოვნად იზრდება ზომაში. ნუ გარისკავთ. გაახვიეთ გამოყენებული საფენები ქაღალდში და ჩააგდეთ ნაგავში.
8. პამპერსი
ზოგიერთი ჭკვიანი დედა უნიტაზში პამპერსსაც კი რეცხავს. რა უნდა ვთქვათ… ნამდვილი სასწაული იქნება, ასეთი საქციელი უშედეგოდ თუ დამთავრდება.
9. პრეზერვატივი
კონტრაცეპციული საშუალება იმდენად ეფექტური აღარ იქნებოდა, წყალხსნადი რომ ყოფილიყო. აი, რატომ არ უნდა ჩააგდოთ უნიტაზში.
10. საკვები
საჭმლის ნარჩენები ერთმნიშვნელოვნად შედის უნიტაზში ხშირად ჩაგდებულ ნივთთა სიაში. ნუ შეცდებით! საკვები პროდუქტიც შეიძლება გახდეს კანალიზაციის გაჭედვის მიზეზი. განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სივდება – ჩაი, ბრინჯი, მაკარონი.
11. წვრილი ნაგავი
რისი გაკეთება შეუძლია პატარა ფურცელს ან ნაგავს, რომელიც იატაკიდან ახვეტეთ. თუ ყველა ასე იფიქრებს და წვრილმანებს მეთოდურად ჩაყრის უნიტაზში, კანალიზაცია გაიჭედება. დამიჯერეთ, ნაგვის გატანა უფრო მარტივია, ვიდრე მილების ამოსუფთავება.
12. სიგარეტი
ნაგავსაყრელზე უნდა წაიღოთ საფერფლის შიგთავსიც. სიგარეტის ნამწვებიც ცუდად ირეცხება და არ იშლება წყალში.
13. კაპრონის კოლგოტები
უცნაურია, მაგრამ, ხანდახან, კაპრონის კოლგოტებიც კი ხვდება კანალიზაციაში. მგონი, უკვე მიხვდით, რომ უნიტაზში მათი ჩარეცხვა არ შეიძლება. წვრილი ბადე ფილტრავს წყალს და მთელ ნაგავს ერთად აგროვებს. იდეალური საცობია!
სპეციალური სამსახურების თანამშრომლები ამ სიიდან ძალიან ბევრ ნივთს ხედავენ კანალიზაციაში ყოველდღიურად. ადამიანები დაუფიქრებლად ყრიან იქ ყველაფერს. ჩვენი საუბრის შემდეგ, დაქალმა უნიტაზი ნაგვის ურნით “ჩაანაცვლა”. კანალიზაციასთან დაკავშირებული პრობლემაც უკვე დიდი ხნის წინ მოეხსნა.