ერთ ადამიანსაც არ ვიცნობ, ვისაც მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ტორტი „ნაპოლეონი“ არ უყვარს. მისი მომზადება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება. ზოგჯერ სწრაფი რეცეპტით, თუმცა თუ თავისუფალი დრო გაქვთ, კლასიკური რეცეპტი გამოიყენეთ. Paparazzi.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ, „ნაპოლეონი“ ოდესურად.
როგორ მოვამზადოთ „ნაპოლეონი“
სხვათა შორის, მომზადების ამ მეთოდის შესახებ ბებიამ მითხრა. რეცეპტი საყვარელ კულინარიულ წიგნში უკვე წლებია ჩაწერილი აქვს. ერთ თავისუფალ დღეს ამ რეცეპტის მიხედვით ტორტი „ნაპოლეონის“ მომზადება გადავწყვიტე და წარმოუდგენლად გემრიელი გამოვიდა.
ცომის ინგრედიენტები:
- 600 გრ ხორბლის ფქვილი
- 180 გრ კარაქი
- 180 გრ არაჟანი (ცხიმიანი, სასურველია, შინაურული)
- კვერცხი
- 1/5 ჩ/კ მარილი
- 1/3 ჩ/კ სოდა
- 1 ჩ/კ ძმარი (სოდის ჩასაქრობად)
კრემის ინგრედიენტები:
- 9 კვერცხის გული
- 1,5 ლ რძე (ცხიმიანი, სასურველია, შინაურული)
- 600 გრ შაქარი (ლერწმის, წვრილი)
- 230 გრ კარაქი
- 5 ს/კ ხორბლის ფქვილი
- 1 ვანილის ჩხირი
„ნაპოლეონის“ ინგრედიენტები დაახლოებით 2 კგ ტორტისთვის არის მითითებული. ეს ზუსტად 24 სმ დიამეტრის 15 ფენა ცომია.
მომზადება:
ცომი
1. ცომის მომზადებით დაიწყეთ. პირველ რიგში, კარაქი გაცრილ ფქვილს დაუმატეთ და წვრილად დაანამცეცეთ. შემდეგ ერთ დიდ ბორცვად შეაგროვეთ და შუაში მცირედ ჩააღრმავეთ.
2. ნებისმიერ შესაფერის ჭურჭელში არაჟანი კვერცხთან ერთად ათქვიფეთ, მარილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ბოლო მომენტში დაუმატეთ სოდა, რომელიც წინასწარ ძმრით უნდა ჩააქროთ. მზა ნარევი ჩაღრმავებულ ბორცვში ჩაასხით და ცომი მოზილეთ.
3. ცომი მოქნილი, ცხიმიანი უნდა გამოვიდეს, ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. მზა ცომი ერთნაირი ზომის პატარა ბურთებად დაყავით: ზუსტად 15-17 ცალი დაგჭირდებათ. პარკი დააფარეთ და მაცივარში 2 საათით გააჩერეთ.
კრემი
4. გემრიელ ტორტში ყველაზე მთავარი კრემია. მის მოსამზადებლად კვერცხის გული ლერწმის შაქარს აურიეთ და ვანილი დაუმატეთ. შემდეგ 70 მლ ცივი რძე დაასხით, ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. არაჟნის მსგავსი ნარევი გამოგივათ. დარჩენილი რძე ცალკე ქვაბში ჩაასხით და აადუღეთ, პერიოდულად აურიეთ. ამის შემდეგ ცხელი რძე წვრილ–წვრილად კვერცხის მასას დაუმატეთ და კარგად აურიეთ. კრემი საშუალო ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად აურიეთ. როცა მასა გასქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით.
5. ახლა კრემი 45 გრადუსამდე გააგრილეთ. მის ზედაპირზე კარაქის ნაჭრები (თითოეული 80 გრ) დააწყვეთ. კრემს კარგად აურიეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. დარჩენილი კარაქი დიდ თასში მოათავსეთ და მიქსერით აფუმფულებამდე ამოიყვანეთ. მზა მოხარშული კრემი ცოტა ათქვიფეთ და თანდათან კარაქს დაუმატეთ – თითო სუფრის კოვზი. ყოველჯერზე კრემი აუცილებლად უნდა ათქვიფოთ. ასე მსუბუქ, ჰაეროვან კრემს მიიღებთ.
6. მაცივრიდან ცომი გამოიღეთ, თხელ, მრგვალ ფენებად გააბრტყელეთ. საჭირო დიამეტრის ფორმები გამოჭერით, ასევე ჩანგლით დასერეთ. თითოეული ფენა 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით აცხვეთ. მზა ფენებს კრემი წაუსვით. 2–3 ფენა შეგიძლიათ წვრილად დაანამცეცოთ. მზა ტორტი ოთახის ტემპერატურაზე 1–2 საათით გააჩერეთ, შემდეგ 5-6 საათით მაცივარში შეინახეთ. მზა ტორტს კრემი უხვად წაუსვით და წვრილი ნამცეცები მოაყარეთ. „ნაპოლეონი“ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გააფორმოთ.
მზა ტორტი შეგიძლიათ ახალი მარწყვით და შოკოლადით გააფორმოთ. ასევე შეგიძლიათ ფენოვანი ცომის ყვავილი გამოიყენოთ. გასაფორმებლად ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს – ფანტაზია ჩართეთ. ოდესური „ნაპოლეონი“ ძალიან ნაზია, პირდაპირ პირში დნება. უდავოდ, ასეთ რეცეპტზე ბევრ დროს დახარჯავთ, მაგრამ ნამდვილად ღირს. გემრიელად მიირთვით!