როგორც წესი, 30 წლის ახალგაზრდა ქალები ყოველ მომდევნო დაბადების დღეს შიშით ელიან. 40 წელი კი საერთოდ დასასრულის დასაწყისი გონიათ. დაუწერელი წესიც არსებობს, რომ ეს იუბილე არ უნდა აღნიშნონ. საქმე მხოლოდ ცრურწმენას არ ეხება. სინამდვილეში, როგორია ქალის ცხოვრება 40 წლის შემდეგ?
დღეს Paparazzi.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ერთ–ერთი გამომწერის მოსაზრებებს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ეტაპი გადალახა და საოცარი აღმოჩენები გააკეთა.
ქალის ცხოვრება 40 წლის შემდეგ
„მთელი ცხოვრება ყოველდღიური აღმოჩენაა. და 40 წლის შემდეგ აღმოჩენები უფრო გაიზარდა. რაც სულ ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი მეგონა, მოულოდნელად აზრი დაკარგა. ბევრი რამ, რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, წინა პლანზე წამოვიდა“ – წერს ვიქტორია.
„გავაცნობიერე, რომ ჭაღარა თმაზე გადასვლა შემთხვევითი არაა და თმის შეღებვა რეგულარულად დავიწყე. მივხვდი, რომ კარგ ვარცხნილობაზე ფულის დახარჯვა ღირს, რადგან ცხენის კუდი ისე კარგად აღარ გამოიყურება, როგორც ადრე.
რამდენიმე წლის წინ საკუთარ სხეულს კრიტიკულად ვუყურებდი. ხან ეს არ მომწონდა, ხან იქ გაუმჯობესება მსურდა. მეგონა, რომ ცოტას ვიმუშავებდი, ცოტას ვივარჯიშებდი და იდეალური, საოცნებო სხეული მექნებოდა. ახლა ნაკლებად ამბიციური ამოცანა მაქვს – ორგანიზმის სრულფასოვნად მუშაობის მაქსიმალურად დიდხანს შენარჩუნება. საკუთარ თავზე ვზრუნავ და მჯერა, რომ ახლა იდეალური სხეული მაქვს.
მეხსიერების მხრივ უცნაური რამ ხდება. როცა ახალგაზრდობას ვიხსენებ, ბევრი ცუდი რამ მიუწვდომელია. რატომ ვეჩხუბე მეგობარს? რატომ დავშორდი? სად დავუშვი შეცდომა? ვერ ვიხსენებ.
დრომ ყველაფერი ხიბლის ბურუსით დაფარა. როგორც ჩანს, ასაკთან ერთად წარსულის იდეალიზებას ვიწყებთ. კარგი ზედაპირზე რჩება, ცუდი კი მეხსიერების სარდაფებში ინახება“.
კომფორტმა სილამაზეს აჯობა
„ადრე ვვარჯიშობდი, რომ ლამაზი ვყოფილიყავი, რომ ბრტყელი მუცლით და მოხდენილი დუნდულებით თავი მომეწონებინა. წლებთან ერთად ტკბილეულის სიყვარულმა გაიმარჯვა. სხეული იდეალური ვერ გახდა, იდეალურს უფრო დაშორდა. თითქოსდა ბრძოლა წაგებულია და სპორტი უნდა დავივიწყო. ასეა? არა და არა! ახლა სწორედ არჩევანი არ მაქვს.
უკვე კარგად ვიცი, რომ რეგულარული ვარჯიშის, გაწელვების და დატვირთვის გარეშე თავის და ზურგის ტკივილი შემაწუხებს. არადა მსურს, რომ კიდევ რამდენიმე წელი დილით ყოველგვარი ჭრაჭუნის გარეშე ავდგე და ექიმებს იშვიათად შევხვდე. დიახ, შვილიშვილებზე ზრუნვა მინდა მოვასწრო.
სილამაზე კომფორტს ჩაბარდა. მახსოვს, პირველი დედამთილი მეკითხებოდა, თუ როგორ არ ვიღლებოდი ქუსლიანებზე სიარულით. მე კი მიკვირდა: განა ქუსლებით დაღლა შეიძლება? ათი წელიც არ გასულა, რომ გაოცებით და სინანულით ვუყურებ ქალებს, რომლებიც ქუსლიანი ფეხსაცმელებით დადიან. ალბათ, ახლა დედამთილის როლისთვის მზად ვარ.
ფიქრიც არ მინდა, მაგრამ ზოგიერთი ჩემი მეგობარი და თანატოლი უკვე დედამთილ–მამამთილი ხდება, ზოგი კი ბებია და ბაბუა. ტვინი ამის მიღებაზე უარს ამბობს. კიდევ რა ბებია? ეს ხომ ანაა, ჩემზე მხოლოდ 4 წლით უფროსი“.
ასაკთან დამოკიდებულება
„ის რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც თავის მოწონებას ახერხებენ, ბევრად უმცროსები არიან. და ყოველ ჯერზე, მტკივნეულად ვფიქრობ, ეს სიმპათიური მამაკაცი შვილად მერგება თუ ჯერ ადრეა? ჩვეულებრივ, შვებით ამოვისუნთქებ ხოლლმე. თუმცა თავად ტენდენცია, რომ 5-10 წლის შემდეგ მამაკაცები გადავლენ კატეგორიაში „შვილად შემეფერა“ მაფრთხობს.
ლიტერატურული გემოვნებაც იცვლება. რაიმე მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა იშვიათად მინდება, სამაგიეროდ უფრო მეტად ვეცნობი ნამდვილი ადამიანების ბიოგრაფიებს, ამბებს და ისტორიებს. უფრო ხშირად ვეძებ მიზეზებს და კანონზომიერებას. საკუთარი ოჯახის ისტორიის უკეთ შეცნობას ვცდილობ და მწარედ ვაცნობიერებ, რომ ბევრი რამ წარსულის ქსელში დაიკარგა.
დროთა განმავლობაში პრეტენზიები შემცირდა. სამაგიეროდ, ბევრი კარგის მიმართ მადლიერი ვარ – სწორი ადამიანების გაცნობის, მოვლენებისა და შესაძლებლობების. ასევე საკუთარი თავით ამაყი ვარ, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვი.
რა გეგმები მაქვს სამომავლოდ? მარტივი. დავტკბე იმით, რაც მაქვს. მშობლებთან და შვილებთან მეტი დრო გავატარო. ბუნებაში ხშირად ვიარო. ვნახო ის, ვისი ნახვაც მსურს და უბრალოდ ცხოვრებით ვისიამოვნო“ – ირწმუნება ქალი.
ალბათ, თითოეულ ადამიანს ნებისმიერ ცხოვრებისეულ ეტაპზე თავისი აღმოჩენები აქვს. და მაინც, საინტერესოა იმის მოსმენა, ვინც ნებისმიერ ასაკობრივ ცვლილებას არა დარდით და მწუხარებით, არამედ ინტერესით და მადლიერებით ხვდება. თითოეული ასაკი ხომ თავისებურად კარგია. ასე არაა?