როგორ მოვემზადოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის: დეტალური გეგმა

504

“შენ უკვე გაწმინდე ფანჯრები? რას მოამზადებ სააღდგომოდ? კვერცხს როგორ შეღებავ?” – მკითხა წუხელ დაქალმა. მე ამ კითხვებზე მაქვს პასუხები, რამდენადაც აღდგომისთვის დიდი მონდომებით ვემზადები. სულ რამდენიმე კვირაში ხომ ერთ-ერთი მთავარი მართლმადიდებლური დღესასწაული დადგება.

აღდგომა სამყაროსა და კაცობრიობის ხსნისა და განახლების, ბოროტებაზე გამარჯვების, ჰუმანურობის აღზევების, გულწრფელობისა და სიკეთის სიმბოლოა. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ამ ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მოსამზადებელ გეგმას, რათა ყველაფერი მოასწროთ და არაფერი გამოგეპაროთ.

დალაგება

აღდგომამდე წინა 1 კვირა სისუფთავის, სითეთრის დღეებია. ამ კვირას შეგიძლიათ სახლის სააღდგომოდ მომზადება დაიწყოთ. შეაკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა. რა თქმა უნდა, გაწმინდეთ ფანჯრები, სარკეები, სანათები და ჭაღები. გადაარჩიეთ კარადის შიგთავსი, გააჩუქეთ ან გადაყარეთ ყველაფერი, რასაც არ იცვამთ. გადაარჩიეთ ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ორშაბათს უნდა შეასრულოთ ისეთი საქმეები, რომლებიც არ მოითხოვს ფინანსურ და ფიზიკურ ხარჯებს, და სახლის წესრიგს უკავშირდება. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, დაუთმეთ დრო სახლის გენერალურად დალაგებას.

საყიდლების სია

სამშაბათი კი მიუძღვენით იმ საყიდლების სიის შედგენასა და შეძენას, რომლებიც სადღესასწაულო სუფრისთვის დაგჭირდებათ. წინასწარ მოიფიქრეთ, რას მოამზადებთ, შემდეგ კი დეტალურად გაწერეთ, რა პროდუქტი გჭირდებათ ამისთვის. გაეცით თავს პასუხი კითხვებზე: “რას ჩავდებ სააღდგომო კალათში? პასკას გამოვაცხობ თუ ვიყიდი?” თუ პასკას აცხობთ, არ დაგავიწყდეთ მისი მოსართავების ყიდვაც.

მოიფიქრეთ ისიც, თუ როგორ შეღებავთ კვერცხს. მე, მაგალითად, მას კარკადეს ჩაით ვღებავ. ამისთვის, ღრმა ქვაბში ვყრი ჩაის, ვასხამ ახალადუღებულ წყალსა და 1 ჩ.კ. ძმარს, კარგად ვურევ და ვწურავ. ამ ქვაბშივე ვყრი მოხარშულ კვერცხებს. შეგიძლიათ, ჩაის ფოთლები სითხეში დატოვოთ – ასე კვერცხზე ფიგურებიც გაჩნდება. იმის მიხედვით, თუ რამდენად ნაჯერი ფერის მიღება გსურთ, განსაზღვრეთ ხსნარში კვერცხის მოთავსების ხანგრძლივობა.

სახლის მორთვა

იზრუნეთ სადღესასწაულო დეკორზეც. გირჩევთ, ქალაქგარეთ დაკრიფოთ ან შეიძინოთ ყვავილები, რომელთაგან კომპოზიციებს შეადგენთ. სახლს განწყობას შესძენთ საყვარელი სააღდგომო ბაჭიების ქანდაკებებითა და ფერადი კვერცხებით. მსგავსი დეკორაციის შეძენა აუცილებელი არაა, მისი დამზადება მარტივი და სახალისი საქმიანობაა.

აგრეთვე, სახლის მორთვა სააღდგომო ხით ან გვირგვინითაც შეიძლება. მათი დამზადებაც საკუთარი ხელით შეიძლება.

სააღდგომო ტანსაცმელი და სანთლები

წინასწარ მოიფიქრეთ, რას ჩაიცვამთ აღდგომაზე. სასურველია, რომ ტანსაცმელი ღია ფერის და სადღესასწაულო იყოს. აგრეთვე, წინასწარ უნდა მოიმარაგოთ ცვილის სანთლებიც. იგი ეკლესიაში უნდა აანთოთ და სახლამდე ჩაუქრობლად მოიტანოთ.

წმინდა ხუთშაბათი და პასკების ცხობა

ამ დღეს, დილა ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე უნდა დაიწყოთ. მაშინვე მოამზადეთ პასკის ცომის დედა. მისი გამოცხობა შეგიძლიათ როგორც ორშაბათს, ისე სამშაბათს, ხუთშაბათს ან არაუგვიანეს შაბათისა. ხაჭოს პასკა გამოაცხვეთ შაბათს, რადგან იგი სწრაფად ფუჭდება. აი, ნამცხვარი კი საკმაოდ დიდხანს ინახება. ამბობენ, რომ გულით გამომცხვარი პასკა 40 დღემდე ინარჩუნებს სირბილეს.

ვნების შვიდეულის ოთხშაბათსა და ხუთშაბათს შორის ღამეს ან წმინდა ხუთშაბათის დილას, დაასრულეთ სახლის დალაგება, სთხოვეთ დახმარება ოჯახის წევრებსაც: გადაწმინდეთ მტვერი, გამოგავეთ, მოწმინდეთ იატაკი. თუ დამხმარე არ გყავთ, პასკის გამოცხობისას, შესვენებებზე უნდა დაალაგოთ.

თუ მთელი კვირა სისუფთავისა და სააღდგომო სამზადისის ნიშნის ქვეშ გაატარეთ, წმინდა ხუთშაბათი სულიერ და სიმბოლურ განწმენდას მოიაზრებს.

სააღდგომო კალათი და ეკლესიაში მისვლა

პარასკევს არ აცხობთ პასკას და არც კვერცხებს ღებავთ. ამ დღეს ეკლესიაში უნდა წახვიდეთ. აღდგომისწინა შაბათს შეგიძლიათ სახლი კოსმეტიკურად დაალაგოთ და შეიძინოთ ნაკლული პროდუქტი. დაიწყოთ სადღესასწაულო კერძების ნაწილის მომზადება, პასკის მანამდე მომზადებული ცომის გამოცხობა.

საზეიმო წირვამდე, გაავსეთ და მორთეთ ლამაზი სააღდგომო კალათი. თუ იგი მზადაა, ეკლესიაში პროდუქტის საკურთხებლად წაიღეთ. თუმცა, ზოგს ეკლესიაში წასვლა უშუალოდ აღდგომის დღეს უყვარს.

დაბოლოს, არ იდარდოთ, თუ რაღაცას ვერ მოასწრებთ. აღდგომა დალაგებისა და მზარეულობის შეჯიბრება კი არაა. აკეთეთ ნაკლები საქმე, ოღონდ სულიერად იყავით მშვიდად და კარგ განწყობაზე.

მთელი გულით გისურვებთ, რომ სამზადისმა მარტივად და ხალისით ჩაიაროს. რაც მთავარია, რომ ამ ბრწყინვალე დღესასწაულმა თქვენს სახლში ბედნიერება და სიყვარული მოიტანოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს