არის შემთხვევები, როცა ბინას ქირაობ და უნიტაზში ისეთი კირის ნადებია, რომ ეგვიპტის პირამიდების ასაკის გვგონია. რა თქმა უნდა, სანტექნიკა ასეთ მდგომარეობამდე არ უნდა მიიყვანოთ, მაგრამ რა გავაკეთოთ, თუ პრობლემა სახეზეა? ნადებით დაფარული უნიტაზი არა მხოლოდ უშნოდ გამოიყურება, არამედ ჩარეცხვის ხარისხს ამცირებს. Paparazzi გასწავლით, როგორ გაუმკლავდეთ კირის ნადებს უნიტაზში.
„ანტინაქაფი“ – ონკანის ხისტი წყალი ბევრ უსიამოვნებას იწვევს. ეს მხოლოდ სანტექნიკას არ ეხება. მაგალითად, ჩაიდნის კედლები და უთოში წყლის კონტეინერი ნაქაფით იფარება. ეს ყველაფერი თანდათან საყოფაცხოვრებო ტექნიკას აზიანებს. მაღაზიებში იყიდება საშუალება, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს. საზრიანმა დიასახლისებმა მათთვის კიდევ ერთი გამოყენების მეთოდი იპოვეს. „ანტინაქაფის“ ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ორთქლის საწმენდებსა და უთოებში ნაქაფს ეფექტურად აშორებს. გასწავლით, როგორ მოიშოროთ კირის ნადები უნიტაზში მისი დახმარებით.უნიტაზში 1 ლ ცხელი წყალი ჩაასხით. მდუღარე წყალი არ გამოიყენოთ, რომ ქაშანური არ გასკდეს. შემდეგ 1 კაფსულა ნაქაფის საწინააღმდეგო საშუალება ჩაასხით. 20 წუთით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ კირის ნადები მთლიანად გაქრება. ჭუჭყიანი ადგილები ჯაგრისით გახეხეთ და წყლით ჩარეცხეთ. შედეგად, სუფთა უნიტაზს მიიღებთ. მარტივი, სწრაფი და შედარებით იაფი მეთოდია.
ლიმონმჟავა – უბრალო ლიმონმჟავა კირის ნადებს ეფექტურად აშორებს. არაერთხელ გამოცდილი საშუალებაა. მხოლოდ 30 გ ლიმონმჟავა საჭიროა, რომ უთოს ნადები მოაშოროთ. წყლის კონტეინერში ჩაასხით და თანდათან ცხელი ორთქლი გამოუშვით. შემდეგ ავზი სუფთა წყლით რამდენჯერმე გარეცხეთ.ლიმონმჟავით უნიტაზიც შეგიძლიათ გაწმინდოთ. დაგჭირდებათ 2 პაკეტი ლიმონმჟავა, თბილი წყალი, სოდა და უნიტაზის ჯაგრისი ან ნეჭა. ლიმონმჟავა ცოტა თბილ წყალში გახსენით. სითხე სპრეი ბოთლში ჩაასხით და კარგად შეანჯღრიეთ. უნიტაზს მოასხით, ჭუჭყიან ადგილებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. 10-15 წუთით გააჩერეთ. ჯაგრისით ან ღრუბლით უნიტაზის ზედაპირი გახეხეთ, მთელი ჭუჭყი მოაშორეთ. წყალი რამდენჯერმე ჩარეცხეთ. თქვენი უნიტაზი სისუფთავით იბრწყინებს! მართალია, ძველ ჩამჯდარ ჭუჭყს შინაურული საშუალებით ვერ გაუმკლავდებით. სწორედ ამიტომ, უნიტაზის სისუფთავეს ყურადღება მიაქციეთ.
ზოგი იტყვის, რა საჭიროა ველოსიპედის გამოგონება, როცა საწმენდი საშუალება დიდი ხნის წინ მოიფიქრეს? დიახ, ასეთი საშუალება არის და საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ პირველ რიგში, ქიმიაა, რომელთანაც კონტაქტი ადამიანისთვის სასარგებლო არაა. მეორეც, მისი ფასი იკბინება. რა საჭიროა ყიდვა, თუ არანაკლებ ეფექტური საშუალება გვაქვს?