მებოსტნეებს ზამთრისთვის კიდევ ერთი საქმე დარჩათ – საშემოდგომო ხახვის დარგვა. ეს ერთ–ერთი კულტურაა, რომელიც სიცივეს კარგად უძლებს. თუ შემოდგომაზე დარგავთ, პირველ მოსავალს ზაფხულის დასაწყისში აიღებთ. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში ხახვის დარგვა მებოსტნეებისა და მეაგარაკეებისთვის მნიშვნელოვანი საქმეა. Paparazzi გიამბობთ, რა უნდა იცოდეთ ხახვის დარგვამდე.
ხახვის დარგვა 2022 წლის ოქტომბერში – მომავალ წელს უხვი მოსავალი რომ აიღოთ, ახლა ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოთ. სწორი ადგილი და დრო შეარჩიეთ. თითოეული ფაქტორი მომავალ მოსავალზე გავლენას ახდენს. თითოეულზე დეტალურად გიამბობთ.
სად დავრგოთ საშემოდგომო ხახვი – კულტურის დასარგავი ადგილის შეცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. საშემოდგომო ხახვი დარგეთ იქ, სადაც ადრე იზრდებოდა მარცვლეული, ყაბაყი, სიმინდი, ბარდა, ლობიო, პომიდორი ან კომბოსტო. არ დარგოთ ნაკვეთზე, სადაც ადრე ჭარხალს, სტაფილოს და ბოლოკს ზრდიდით. ხახვი ერთსა და იმავე ადგილას ზედიზედ მაქსიმუმ 2 წელი შეგიძლიათ დარგოთ. ადგილი მოსავალზე პირდაპირ გავლენას ახდენს. რეკომენდებულია ისეთი ადგილი, სადაც წყალი არ გუბდება. ცოტა შემაღლებული ადგილი შესაფერისია. ხახვს ფხვიერი და ჰაერგამტარი ნიადაგი სჭირდება. დარგვამდე მიწა კარგად გააფხვიერეთ. სასუქიც დაუმატეთ. მაგალითად, სუპერფოსფატი ან ნეშომპალა. შემოდგომაზე ტემპერატურა დაბალია, ამიტომ მიწის მორწყვა საჭირო არაა.
ხახვის დარგვა ოქტომბერში – დარგვის დრო სწორად უნდა გამოთვალოთ. ჩვეულებრივ, ხახვს შუა ოქტომბრიდან ნოემბრის დასაწყისამდე რგავენ. ძლიერ ყინვამდე დაახლოებით 1 თვით ადრე. ნათელი და უქარო დღე შეარჩიეთ. კარგია, თუ რამდენიმე დღე წვიმა არ ყოფილა და მიწამ გამოშრობა მოასწრო. წვიმიან ამინდში მუშაობა არ დაიწყოთ, რადგან ხახვი დალპება ან გაიყინება. ზოგიერთი მებოსტნე თვლის, რომ ხახვი მთვარის კალენდრის მიხედვით უნდა დარგოთ. ხახვი და ნიორი მიეკუთვნება მცენარეებს, რომელთა ძირითადი ნაწილი მიწაში მდებარეობს. სწორედ ამიტომ, კლებად მთვარეზე დარგეთ. ითვლება, რომ ამ პერიოდში სასიცოცხლო პროცესები მცენარის ფესვებში კონცენტრირებულია. ექსპერტები თვლიან, რომ დარგვისას მთვარე მიწის სტიქიის (კურო, ქალწული, თხის რქა) ნიშანში უნდა იყოს. 23 და 24 ოქტომბერი საშემოდგომო ხახვის დასარგავად ყველაზე ხელსაყრელია. 26-დან 30 ოქტომბრამდე პერიოდიც გამოგადგებათ. ხახვი ზუსტად 5 სმ სიღრმეში, ერთმანეთისგან 6 სმ–ის დაშორებით დარგეთ. მშრალი მიწა მოაყარეთ. მორწყვა არ სჭირდება. გაზაფხულამდე არ გამოკვებოთ. პირველი ყინვის შემდეგ დაცვენილი ფოთლებით ან ნახერხით დაფარეთ.
ეს ყველაფერია, რაც შემოდგომაზე ხახვის დარგვის შესახებ უნდა იცოდეთ. ყველა წესი დაიცავით და ზაფხულის დასაწყისში მშვენიერ მოსავალს მიიღებთ. წარმატებას გისურვებთ!