მე მაია მქვია. ვცხოვრობ ერთ პატარა ქალაქში. ძალიან ბევრი ნაცნობ-მეგობარი მყავს. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით. ინტერნეტის წყალობით ადამიანებს სულ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდათ სხვა ადამიანების დასახმარებლად. მე შევქმენი ჯგუფი, საიდანაც სიახლეების გაგებაც შეიძლება და ასევე დახმარების თხოვნა, ამის აუცილებლობის შემთხვევაში.
ცხოვრებაში უამრავი სხვადასხვა შემთხვევა ხდება. არიან ადამიანები, რომელთაც ნამდვილად ესაჭიროებათ დახმარება, მაგალითად, ხანძრის შემდეგ.მაგრამ არიან ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვიღაც მუდმივად უნდა ეხმარებოდეთ. მე და ჩემს მეგობრებს არ გაგვიმართლა, ჩვენ სწორედ ასეთ ადამიანებს შევხვდით. ერთი შემთხვევის შემდეგ, საერთოდ აღარ მაქვს სურვილი, რომ ვინმეს დავეხმარო.
ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიგო, რომ ჩვენს ქალაქში მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. დედა ახლაც ორსულადაა და ბავშვებისთვის ტანსაცმლის საყიდელი ფული არ აქვს. მე და ჩემს მეგობრებს უკვე დიდი შვილები გვყავს და გვაქვს უამრავი ტანსაცმელი, რომელიც ჩვენს შვილებს აღარ სჭირდებათ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ტანსაცმელი მათთვის მიგვეცა. მე მანქანა მყავს და ამიტომ გადაწყდა, რომ ეს ნივთები მე უნდა წამეღო.
მე და ჩემმა მეგობრებმა განცხადება გამოვაქვეყნეთ და ამ ოჯახის დახმარების სურვილი ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. ყველასთან მივედი, ნივთები გამოვართვი. ნივთები ძალიან ბევრი იყო, ზოგიერთმა ფულიც მომცა, ერთმა ახალგაზრდა წყვილმა კი – საბავშვო ეტლიც მომცა, რომელიც ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო.
ჩვენ უკვე მზად ვიყავით მათთან წასასვლელად. რა აღარ გვქონდა! ღამის ქოთანიც, საბავშვო აბაზანაც, უამრავი სათამაშო, საფენები…ეს ნივთები მე და ჩემმა ორმა მეგობარმა მივიტანეთ. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ძალიან კარგად დაგვხვდებოდნენ და მადლობას გვეტყოდნენ იმისთვის, რაც გავაკეთეთ.
თურმე ძალიან ვცდებოდით!კარი მრავალშვილიანმა დედამ გაგვიღო. არც კი მოგვსალმებია, ისე გვითხრა:
- აბა, მაჩვენეთ რა მოგვიტანეთ!
- რაც მოვიტანეთ, ყველაფერი თქვენია! – გავუღიმე მე.
მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ სახლში იმ ყველაფრის შეტანა, რაც მივიტანეთ. მრავალშვილიანი მამა არც კი ამდგარა, ჩვენს დასახმარებლად. ის უბრალოდ იჯდა და გვაკვირდებოდა, როგორ შეგვქონდა ნივთები.მომავალი დედა კი საშინლად იქცეოდა. მან დაიწყო ნივთების პარკებიდან ამოღება, მერე ცერად შემოგვხედა და გვითხრა:
- ნაცვამი ტანსაცმელი რატომ მომიტანეთ? ეს ძველმანები რაში მჭირდება?გაოცებისგან დავმუნჯდი.
- აქ ნაცვამი ნივთებიც არის, რომლებიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია და არის სულ ახალი ნივთებიც! – რატომღაც თავის მართლება დავიწყე მე.
- გიცნობთ, როგორებიც ხართ! საუკეთესო თქვენთვის დაიტოვეთ, მე კი ნაგავი მომიტანეთ! – გვითხრა მან.
მე და ჩემი მეგობრები ვერ ვიჯერებდით, რაც ხდებოდა. ჩვენ დახმარება გვინდოდა, აქ კი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და ქურდები გვიწოდეს!ვერ მოვითმინე და ვუთხარი:
- ჩვენთვის არაფერი აგვიღია. ჩვენი შვილები უკვე დიდები არიან, აქ კი პატარა ბავშვის ტანსაცმელია.
- ძველი ეტლი რატომ მომიტანეთ? წაიღეთ, მე არ მჭირდება. იქ წაიღეთ, საიდანაც მოიტანეთ! მე ფული მჭირდება! თავად ვუყიდი ჩემს შვილს კარგ ეტლს. რაში მჭირდება ეს ძველმანები? ბევრი შვილი რომ გვყავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველი ნივთები უნდა მომიტანოთ, რომლებიც თქვენ არ გჭირდებათ!ერთმა ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა და უთხრა:
- ფეხმძიმედ რომ ვიყავი, ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან მიხაროდა, როდესაც ვინმე ბავშვის ტანსაცმელს მაძლევდა. ჩემი გოგონა ასეთ ტანსაცმელში გაიზარდა და ყველაფერი კარგად იყო! შენი შვილებიც კარგად ჩაიცვამენ ამ ტანსაცმელს, ამის გამო მათ არაფერი დაემართებათ! ეტლს კი წავიღებთ, რადგან არ გჭირდებათ. მოვძებნით მათ, ვინც ამ ეტლის გამო მადლობას გადაგვიხდის
ეტლი ავიღეთ და ჩვენი მანქანისკენ გავემართეთ. სკამზე ერთი ბებია იჯდა. მე ვკითხე, ხომ არ იცნობდა ოჯახს, რომელსაც ეს ეტლი დასჭირდებოდა.ბებიამ გვითხრა, რომელ ბინაში ცხოვრობდა ასეთი ოჯახი. მათ ცოტა ხნის წინ დიდი უბედურება დაემართათ, სახლში ხანძარი გაჩნდა. იქ ფეხმძიმე ქალი ცხოვრობდა. მას დახმარება არ უთხოვნია, ორ სამსახურში მუშაობდა.
ეტლი იმ ქალს მივუტანეთ. მას ძალიან გაუხარდა და მადლობა გადაგვიხადა. ამის შემდეგ ამ ოჯახს ბევრი კარგი ნივთი მივუტანეთ. შემდეგ კი მათთვის ფულის შეგროვება დავიწყეთ, რათა სახლი დროულად გაერემონტებინათ.