მშობლების ბინა შეიძლება შებრკოლების ლოდი გახდეს და მეგობრულ ოჯახში უთანხმოება გამოიწვიოს. ასე მოხდა სოფოს შემთხვევაში. ქმართან ერთად მშობლების სახლში ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ მათ არ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ახალგაზრდა ოჯახის გადასვლის დროა. Paparazzi გიამბობთ, რას ფიქრობს ამაზე სოფო.
„30 წლის ვარ, ახლახანს დავოჯახდი. მანამდე მხოლოდ კარიერაზე ვფიქრობდი, პირადი ცხოვრება მეორეხარისხოვანი იყო. დათოს მხოლოდ 3 თვე ვხვდებოდი, მაგრამ ეს სიყვარული იყო. დიდხანს არ მიფიქრია, ხელი მოვაწერეთ და ერთად ცხოვრება დავიწყეთ. ისე მოხდა, არც მე, არც ჩემს მეუღლეს საკუთარი ბინა არ გვაქვს. კარგია, რომ ჩემი მშობლები სამოთახიან ბინაში ცხოვრობენ, ამიტომ საცხოვრებლად მათთან გადავედით. ყველასთვის საკმარისი ადგილი იყო. მშობლები წინააღმდეგი არ იყვნენ, თუმცა თავიდან დათო დიდად არ მოსწონდათ. მოგვიანებით, ჩემს არჩევანს შეეგუენ და ახლობელივით მიიღეს.
ჩემმა მშობლებმა საკუთარი ბინა მხოლოდ 10 წლის წინ შეიძინეს. ამისთვის მამა რამდენიმე წელი საზღვარგარეთ მუშაობდა. იქ დედამ გააგზავნა, რადგან თვლიდა, ბინის ფული კაცმა უნდა იშოვოს. მამა სამშენებლო ობიექტზე მუშაობდა. რთული სამსახური ჰქონდა. დღემდე ზურგის პრობლემები აწუხებს. მამა თვეობით სახლში არ იყო, მხოლოდ დღესასწაულებზე ჩამოდიოდა. დედა ულმობელი იყო: „სამოთახიანი გარემონტებული ბინა მინდა“. ჩემი მშობლები თვლიან, რომ დათომ ბინის ფული უნდა გამოიმუშაოს და სიდედრ–სიმამრთან არ იცხოვროს. პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ დაძაბულობა იგრძნობა. მე და ჩემი ქმარი ვგრძნობთ, რომ აქ ჩვენი ყოფნა არ უხარიათ.
ცოტა ხნის წინ დედამ პირდაპირ მკითხა, ხომ არ ვაპირებთ გადასვლას. ამბობს, რომ ახალგაზრდა ოჯახმა ცალკე უნდა იცხოვროს. საკუთარი ბინის ფული არ გვაქვს. არ მინდა, რომ ჩემი ქმარი სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს, როგორც ეს დედამ გააკეთა. არ მინდა, რომ მამასავით მისი ჯანმრთელობა გაუარესდეს და ქმარი მხოლოდ დღესასწაულებზე ვნახო. არ მესმის, რატომ არიან მშობლები ჩვენი დარჩენის წინააღმდეგი. ცალკე ოთახი გვაქვს და ხელს არ ვუშლით. კომუნალურებს ვიხდით, პროდუქტებზე ფულს ვდებთ, ვალაგებთ. და მაინც, მშობლები ალმაცერად გვიყურებენ.
ბინის ქირაობა ვარიანტი არაა. ასე ჭამაზე ფულიც არ დაგვრჩება, რადგან მაღალი ხელფასი არ გვაქვს. თან ორსულად ვარ, მალე დეკრეტში უნდა გავიდე, შემოსავალი უფრო შემცირდება. დათოს მშობლებთან გადასვლაზე ვფიქრობთ, მაგრამ ისინი ოროთახიან ბინაში უმცროს ვაჟთან ერთად ცხოვრობენ.
მშობლებს არ აღელვებთ, რომ მალე ბებია–ბაბუა გახდებიან. როგორც ჩანს, მხოლოდ ის სურთ, რომ ცალკე ვიცხოვროთ. არ მესმის, რატომ იყიდეს სამოთახიანი ბინა? ნუთუ არა იმისთვის, რომ ყველას ერთად მეგობრულად გვეცხოვრა? შეეძლოთ ორი ერთოთახიანი ბინა ეყიდათ. ერთში თავად იცხოვრებდნენ, მეორეს მე, ერთადერთ ქალიშვილს მაჩუქებდნენ. ახლა მშობლები სასახლეში იცხოვრებენ, სანამ მე და ჩემი ქმარი სხვის კუთხეში შეჭუჭკული ვიქნებით. ვფიქრობ, მშობლები უსამართლოდ იქცევიან.“