ორქიდეა ოთახის ყვავილების მოყვარულთა სიხარული და ამავდროულად თავის ტკივილია. თავისი დიდებული ყვავილობით და ახალი ყლორტებით იშვიათად გვახარებს. სამაგიეროდ, გაყვითლებული ფოთლებით და დაცვენილი კვირტებით თავის პრეტენზიულ ხასიათს ავლენს. ოთახის მცენარის იმუნიტეტის გასაძლიერებლად თხევადი სასუქი გამოიყენეთ. მისი უპირატესობა ისაა, რომ ნატურალურია და სახლში მარტივად მოამზადებთ.
თხევადი სასუქი ორქიდეებისთვის – ყვავილების მაღაზიაში ორქიდეებისთვის ბევრ სასუქს იპოვით, მაგრამ ნატურალური ინგრედიენტებისგან შინ დამზადებულ ნარევს ვერ შეედრება. Paparazzi გასწავლით თხევადი სასუქის მომზადებას, რომელიც ახირებული მცენარისთვის შეუცვლელი გახდება. ამ სასუქის აქტიური ინგრედიენტია ლიმონის წვენი. ის ყვავილს სოკოსა და ბაქტერიებისგან იცავს. სასუქი ყვავილის იმუნიტეტს ზრდის და მცენარე დაავადებების მიმართ უფრო ამტანი ხდება. სწორი და რეგულარული მოვლის წყალობით ორქიდეა წვნიანი მწვანე ფოთლებით და დიდებული ყვავილებით გაგახარებთ.
ლიმონის სასუქის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 1 ლ თბილი წყალი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი ან 1 გ ლიმონმჟავა
სასუქი ლიტრიან ქილაში მოამზადეთ, ასე უფრო მოსახერხებელია. ქილაში წყალი ჩაასხით. გაითვალისწინეთ, რომ წყალი თბილი უნდა იყოს. 1 ჩ/კ ახალდაწურული ლიმონის წვენი დაუმატეთ. 1 გ ლიმონმჟავით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ინგრედიენტებს აურიეთ. თვეში 1–2–ჯერ გამოიყენეთ. ყვავილები წყალში ჩაძირვის მეთოდით მორწყეთ. ლიმონის სასუქი ნებისმიერ ჭურჭელში ჩაასხით და მასში ორქიდეა ქოთნით ჩადეთ. 15 წუთით გააჩერეთ, რომ ორქიდეამ წყალი შეიწოვოს. შემდეგ ზედმეტი სითხის დაწურვა აცადეთ და ორქიდეა მუდმივ ადგილას გადაიტანეთ.
ლიმონის სარგებელი მცენარისთვის – ორქიდეა ტენს არა მხოლოდ ფესვებიდან, არამედ ფოთლებიდან იღებს. სწორედ ამიტომ, მისი ფოთლები ყოველთვის სუფთა უნდა იყოს. მწვანე ფოთლები მტვრისგან და ჭუჭყისგან რომ გაწმინდოთ იგივე ლიმონმჟავა გამოიყენეთ. 1/3 ჩ/კ ლიმონმჟავის ფხვნილი 1 ლ თბილ წყალში გააზავეთ. ამ ხსნარში ბამბის დისკი ან სალფეთქი დაასველეთ და მცენარის თითოეული ფოთოლი ორივე მხრიდან გაწმინდეთ.
მცენარეს ლიმონმჟავის ხსნარი სპრეი ბოთლით შეგიძლიათ შეასხუროთ. ეს გააკეთეთ მხოლოდ მაშინ, როცა ოთახში ტემპერატურა 24 გრადუსზე დაბალი არაა. გაითვალისწინეთ, რომ ლიმონის შხაპის შემდეგ მცენარე მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ, რომ არ დაიწვას.
ლიმონის სასუქი ორქიდეისთვის შესანიშნავი ბაქტერიული და ზრდის და ყვავილობის მასტიმულირებელი საშუალებაა. ამ მეთოდის გამოყენება დაიწყეთ და შედეგი არ დააყოვნებს.