პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ქალი დედამისის მეგობრის ისტორიას გვიყვება.
მე ვყვები ამბავს, რომელიც დედაჩემის მეგობარს გადახდა თავს. ერთხელ, დილით ადრე, მან ნაგავი გაიტანა გადასაყრელად და ნაგვის ურნების გვერდით ერთი უსახლკარო კაცი დაინახა. მან, ავტომატურად, ისე რომ იმ მამაკაცისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ნაგავი ურნაში ჩააგდო და გზა გააგრძელა.
იანვრის შუა რიცხვები იყო. ჩვეულებისამებრ, ის დილით სამსახურში მიდიოდა, საღამოს კი სახლში ბრუნდებოდა და მუდმივად იმ უსახლკაროს ხედავდა. როგორც ჩანს, სადაც იკვებებოდა, საცხოვრებელი ადგილიც იქ მოიწყო. ქუჩაში ციოდა, მას კი მუყაოს კოლოფში ეძინა. დიახ, მოსაწყენი სანახაობა იყო, თუნდაც იმ ქალისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება მეგაპოლისში ჰქონდა გატარებული და დიდ ქალაქში ცხოვრების სხვადასხვა მხარეს იცნობდა.
უქმე დღეს მას ავეჯის მაღაზიიდან ახალი სამზარეულოს მაგიდა მოუტანეს. გაჩნდა კითხვა, სად წაეღო ძველი მაგიდა. მას ქმარი არ ჰყავდა და მძიმე ძველი მაგიდის გატანა გარკვეულ პრობლემად იქცა.
მან გადაწყვიტა, რომ მაგიდა როგორმე სადარბაზოში გამოეტანა, კარი მიეხურა და იმ უსახლკაროსთვის დაეძახა, რომელიც ნაგვის ურნებთან ცხოვრობდა. ასეც მოიქცა. მამაკაცს დაუძახა, ის ხალისით წამოხტა და მაგიდა იქ წაიღო, სადაც დედაჩემის მეგობარმა უთხრა. ანუ, ნაგვის ურნებთან, იქნებ ვინმეს დასჭირდეს, ან იქნებ თვითონ იმ უსახლკარომ გამოიყენოს.
მამაკაცმა მაგიდა ნაგვის ურნებთან მიიტანა, ქალმა კი მას ოც ლარიანი გადასცა. რაიმეში გამოიყენებს, ან საკვებს იყიდის, ან სასმელსო. რა უფრო სჭირდებათ ზამთარში უსახლკაროებს? მამაკაცმა კუპიურას დახედა, შემდეგ კი თავი ასწია და ქალს ჰკითხა:
-შეგიძლიათ ჩაი და ფუნთუშა ან პური მომცეთ? ნუ გეშინიათ, მე სადარბაზოში დაგელოდებით.
თინა დეიდა გულუხვი ადამიანია, ის მხოლოდ ჩაით არ შემოიფარგლა, მამაკაცს ბუტერბროდიც გაუკეთა მაიონეზით, ლორით და ყველით და ერთი დიდი თეფშით წვნიანიც გაუტანა. როგორ უნდა ეთქვა უარი, როდესაც ასე სთხოვა?
მან ეს ყველაფერი უსახლკაროს გადასცა, თავად კი ბინისკენ გაიქცა. კარს უკან მიიმალა და ჩუმად უთვალთვალებდა. ნახა, რომ უსახლკარომ ეს ყველაფერი სიამოვნებით მიირთვა, შემდეგ კი კარისკენ შებრუნდა და ჩუმად, სერიოზული მზერით წარმოსთქვა:
-ღმერთი ყველაფერს ხედავს. კეთილო ქალო, გმადლობთ დახმარებისთვის და თანაგრძნობისთვის.
ამის შემდეგ თინა დეიდა იმ უსახლკაროსთან ხშირად მიდიოდა და მისთვის საჭმელი მიჰქონდა. ის მას ხან სახლში მომზადებულ, ხან მაღაზიაში ნაყიდ საკვებს აძლევდა, უსახლკარო კი მას გულწრფელ მადლობას უხდიდა.
ერთ დღეს მან უსახლკარო ჩვეულ ადგილას ვერ ნახა, ის არც მეორე დღეს გამოჩნდა და არც მესამე დღეს. ქალმა ნერვიულობა დაიწყო. სად დაიკარგა? იქნებ მეზობელ ეზოში გადავიდა? მან ეზოები შემოიარა, მაგრამ ნაცნობი ფიგურა ვერ შენიშნა. ის ძალიან ღელავდა. სულ იმაზე ფიქრობდა, სად გაქრა მისი ქუჩის მეზობელი და დამხმარე.
რამდენიმე დღის შემდეგ მან იგი იპოვა, მაგრამ არა სადღაც ჩვეულებრივ ადგილას, არამედ საავადმყოფოში! ვიღაცამ უთხრა, სად ნახა ბოლოს ის უსახლკარო კაცი. როგორც კი თინა დეიდა დაინახა, ის მაშინვე გამოცოცხლდა და სახე გაუბრწყინდა. მამაკაცი მორცხვად იღიმოდა და მის თვალებში გაუგებარი სიხარული და შვება იკითხებოდა.
-იცით, მჯეროდა რომ თქვენ მოხვიდოდით. რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიმიცია, რომ იმედი მქონოდა და დაგლოდებოდით, მაგრამ სადღაც სულის სიღრმეში ამის მჯეროდა. დაბრძანდით, ოღონდ ვერაფრით გაგიმასპინძლდებით და არც სადმე დაპატიჟების საშუალება მაქვს, – დაბნეულად ამბობდა მამაკაცი. მას ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა, დედაჩემის მეგობარი კი მას მეგობრულად უღიმოდა. გულწრფელობას ისე იშვიათად შეხვდები, ამ დროს კი ეს უსახლკარო და უმუშევარი ადამიანი როგორი გულწრფელია.
-სხვათა შორის, მე ლადო მქვია, ჩვენ ხომ ერთმანეთი არც კი გაგვიცვნია.
-ეჰ, ლადო, რა სულელი ხარ. მე ხომ შენს გარეშე მშვიდად ცხოვრება არ შემიძლია. ყველგან გეძებდი!
დედაჩემის მეგობარმა მამაკაცი საავადმყოფოდან წამოიყვანა. ისინი ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ და არსად ეჩქარებოდათ. ლადოს ისე მონდომებით და ამავე დროს ისე სათუთად ეჭირა თინა დეიდას ხელი, თითქოს ის მირაჟი ყოფილიყო, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამქრალიყო და მარტო დაეტოვებინა. ისე, თითქოს მის გვერდით ცხოვრებაში ყველაზე ფასდაუდებელი განძი მიაბიჯებდა. თუმცა, დიდი ალბათობით ასეც იყო.
იმ დღიდან 18 წელი გავიდა. ისინი დაქორწინებულები არიან, ბედნიერად ცხოვრობენ და ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მათ საოჯახო ბიზნესი აქვთ, კარგი მანქანა ჰყავთ და შესანიშნავი შემოსავალი. დიდი სახლი აქვთ ეზოთი და ყოველწლიურად ერთად მოგზაურობენ. ლადოს კი, ისევე როგორც 18 წლის წინ, მაგრად უჭირავს თავისი ცოლის ხელი. ეშინია, რომ არ გაქრეს!