რჩევები, როგორ იზრუნოთ დეკემბერაზე, რომ გაგახაროთ გაშლილი ყვავილებით და ქორფა ფოთლებით

1299

დეკემბერა, საშობაო, ზიგოკაქტუსი შლუმბერგერა – ყველასთვის კარგად ნაცნობი ოთახის მცენარის სახელებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ფანჯრის რაფებზე მყარად დამკვიდრდა. აბა როგორ, მარტივი მოსავლელია, დიდებულად და ხალისიანად ყვავილობს. და მაინც, ყველა დიასახლისი ვერ დაიკვეხნის აყვავებული დეკემბერას ქონით. პაპარაცი გიამბობთ, რა უყვარს, რას ვერ იტანს ოთახის მცენარე დეკემბერა და როგორ იზრუნოთ მასზე სწორად.

ოთახის ყვავილი დეკემბერა

ძნელი დასაჯერებელია, რომ დეკემბერა კაქტუსის ნათესავია. თავად განსაჯეთ, ეკლები არ აქვს, ფოთლები მწვანე და წვნიანია, ბევრი წყალი უყვარს. უფრო ორქიდეას ჰგავს. როგორც მშვენიერ თანამემამულეს, მოსწონს ნათელი, მაგრამ გაფანტული სინათლე, მსუბუქი ნახევრად დაჩრდილული ადგილი. იდეალურად ყვავილობს ფანჯარაზე, რომელიც დასავლეთ ან აღმოსავლეთ მხარესაა. ზაფხულში 18-22 გრადუსზე თავს კომფორტულად გრძნობს, ზამთარში 14 გრადუსზეც თავს კარგად გრძნობს.

დეკემბერას ერთ ადგილას გაზრდა უყვარს, ერთხელ და სამუდამოდ ეჩვევა. ადგილის შეცვლას ცუდად იტანს. არ უყვარს, როცა ქოთანს სხვა მიმართულებით ატრიალებენ. ყვავილობისას ამის გაკეთება უკუჩვენებულია, თორემ ნაზი ფურცლები ჩამოცვივა და უხვ ყვავილობას ვერ იხილავთ.

მცენარის მორწყვა და გამოკვება

დეკემბერას მორწყვის წესები დამოკიდებულია სეზონზე და განვითარების ფაზებზე, რომელშიც ახლა იმყოფება. მაგალითად, გაზაფხულზე და ზაფხულში მცენარე აქტიურად იზრდება, ამიტომ ბევრი სითხე სჭირდება. ამ პერიოდში მცენარე შეგიძლიათ გამოკვებოთ. მინერალური სასუქი ან სპეციალური საკვები კაქტუსისთვის შეიძინეთ.

შემოდგომაზე სიმშვიდის პერიოდი აქვს, ამიტომ მორწყვა უნდა შეამციროთ. მხოლოდ დანამვითაც შეგიძლიათ შემოიფარგლოთ. როგორც კი დაინახავთ პირველ კოკრებს, სითხის რაოდენობა გაზარდეთ. ამ პერიოდში ყვავილოვანი მცენარეების საკვებიც შეგიძლიათ მიაწოდოთ. გაითვალისწინეთ,  ძალიან ცხელ ან ცივ შენობაში დეკემბერა კოკრებს არ ავითარებს. დღის ოპტიმალური ტემპერატურა 21 გრადუსია, ღამით – 7-15 გრადუსი.

ზამთარი და გაზაფხულის დასაწყისი დეკემბერასთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს ყვავილობას იწყებს. 2 კვირაში ერთხელ საკვები მიაწოდეთ. ჰაერის ტემპერატურა აკონტროლეთ. 22 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს. საშობაო მცენარე გათბობის ბატარეებს მოაშორეთ. ყვავილობის პერიოდში მხოლოდ თბილი წყლით მორწყეთ და ეს ღამით არასდროს გააკეთოთ.

ყვავილობის დასრულების შემდეგ მცენარის მორწყვა შეამცირეთ და უფრო დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ. შემდეგ ზრდის ციკლი თავიდან იწყება.

გამრავლება და გადარგვა

ოთახის ყვავილი დეკემბერა კალმებით მრავლდება. პირველ რიგში, აირჩიეთ ყლორტი, რომელსაც არ აქვს განტოტება, მისი ბოლო ორი სეგმენტი გადაჭერით. გადაჭრის ადგილას ნახშირი მოაყარეთ, შემდეგ მშრალ და თბილ ადგილას 24 საათი გააჩერეთ, რომ გაშრეს.

კალმები ტენიან მიწაში უნდა ჩარგოთ. პარკი ან ქილა დააფარეთ, რომ სათბურის პირობა შექმნათ. ამ მეთოდით დარგული კალამი ძლიერ ფესვებს იძლევა.

დეკემბერა 3-4 წელიწადში ერთხელ შეგიძლიათ გადარგოთ. მცენარის ქოთანი უნდა იყოს დაბალი, მაგრამ ფართო. მაღაზიაში შეიძინეთ სპეციალური მიწა კაქტუსებისა და სუკულენტებისთვის. ქოთნის ძირში დრენაჟი მოათავსეთ. თავად ყვავილი გადაზიდვის მეთოდით უნდა გადარგოთ, სიცარიელე ახალი მიწით შეავსეთ.

დაავადებები და მავნებლები

როგორც ნებისმიერი ცოცხალი არსება, დეკემბერა დაავადებებით შეიძლება დაინფიცირდეს. სოკოს დაავადებებიდან მგრძნობიარეა ფიტოფთორას, ფუსარიუმის და ფიტიუმის მიმართ. ყვავილი, რომელზეც სოკო დასახლდა, დუნე, რუხი ხდება, ფოთლებს კარგავს. ამ შემთხვევაში მაღაზიაში შეიძინეთ სპეციალური პრეპარატები „მაქსიმი“, „ტოპაზი“, „ვიტაროსი“ ან ფუნგიციდები.

თუ შეამჩნიეთ დეკემბერაზე ჟანგის ნადები, შესაძლოა ყვავილი ობობის ტკიპის მსხვერპლი გახდა. მავნებლის მოშორებაში დაგეხმარებათ „აკეტილიკი“, „ფიტოვერმი“ ან ნეორონი“. თუ მცენარე მდგრადი აღარაა, პრობლემა ფესვების ლპობაში შეიძლება იმალებოდეს. ამ შემთხვევაში გადარგვას გირჩევთ.

დეკემბერა ძალიან პრეტენზიულ მცენარედ არ ითვლება. მისი მოვლა მარტივია. თუ ყველა წესს დაიცავთ, ოთახის ყვავილი დიდებული ყვავილობით და ქორფა ფოთლებით გაგახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს