ზამთარში კომბოსტოს მწნილი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული კერძია სუფრაზე. მისი უზომო პოპულარობა აიხსნება ბოსტნეულის მისაღები ფასით, შესანიშნავი გემოთი და ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებით, რადგან დამწნილების პროცესში არც ერთი ვიტამინი არ იკარგება. ჩვეულებრივ, პროდუქტს ამზადებენ შემოდგომაზე, ამიტომ გავარკვიოთ, როდის დავამწნილოთ კომბოსტო ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში.
პაპარაცი გიამბობთ, რომელ დღეებში სჯობს კომბოსტოს დამწნილება. გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო ნიუანსს, რომელიც პროდუქტს უფრო გემრიელს გახდის.
როდის დავამწნილოთ კომბოსტო ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში
დამწნილებული კომბოსტო ხრაშუნა და წვნიანი რომ იყოს, რეკომენდებულია მისი მომზადება დაიწყოთ მთვარის გარკვეული ფაზის დროს. მეტნაკლებად ხელსაყრელია მზარდი მთვარის პერიოდი. ბოსტნეულის მოსამზადებლად საუკეთესოდ ითვლება „მამაკაცის“ დღეები: ორშაბათი, სამშაბათი და ხუთშაბათი. კომბოსტოს დასამწნილებლად იდეალური დღეა ახალი მთვარიდან პირველი ორშაბათი. მომდევნო სამშაბათი და ხუთშაბათიც კარგი დღეა, რომ კომბოსტო დაამწნილოთ. სავსე მთვარე, პირველი კვირა მანამდე და შემდეგ დასამწნილებლად ყველაზე წარუმატებელ დღეებად ითვლება. ასევე კომბოსტო შეგიძლიათ დაამწნილოთ ნეიტრალურ პერიოდში, როცა მთვარე იკლებს.
როდის დავამწნილოთ კომბოსტო ოქტომბერში?
1–6 ოქტომბერს კომბოსტოს დამწნილება რეკომენდებული არაა. 7-13 რიცხვი ნეიტრალური პერიოდია. 14-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით დასამწნილებლად ხელსაყრელი პერიოდია. 21 რიცხვიდან თვის ბოლომდე კომბოსტოს დამწნილებას არ გირჩევთ.
როდის დავამწნილოთ კომბოსტო ნოემბერში?
1–დან 5 ნოემბრის ჩათვლით კომბოსტოს დამწნილება არ ღირს. 6-12 ნოემბერს ნეიტრალური პერიოდია. ბოსტნეულის დასაჭრელად საუკეთესო პერიოდი 13 ნოემბერს იწყება და 20 რიცხვამდე გრძელდება. 21 რიცხვიდან თვის ბოლომდე კომბოსტოს დამწნილება არ ღირს.
როდის დავამწნილოთ კომბოსტო დეკემბერში?
დეკემბრის პირველ დღეებში კომბოსტოს მომზადება რეკომენდებული არაა, ხოლო 6–დან დასამწნილებლად ნეიტრალური პერიოდი დგება და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება. 13-19 დეკემბერი კარგი პერიოდია, რომ კომბოსტო მოამზადოთ. 20 დეკემბრის შემდეგ კომბოსტოს დაჭრა არასასურველია.
ზოგიერთი დიასახლისი მთელ კომბოსტოს ერთბაშად არ ამწნილებს. კომბოსტოს თავებს ინახავს სარდაფში ან ყიდულობს მაღაზიაში საჭიროებისამებრ და მწნილი კერძის ახალ პორციას პერიოდულად ამზადებს. ასე კომბოსტო ზედმეტად დამჟავებას ვერ ასწრებს.
თუ კომბოსტოს ერთნაირად ჭრით, მთვარის ფაზას ითვალისწინებთ და რეცეპტს იცავთ, მაგრამ მზა კერძის ხარისხი მოლოდინს არ შეესაბამება, შეამოწმეთ, კომბოსტოს დამწნილების და შენახვის ყველა წესი დაცულია თუ არა.
რა უნდა იცოდეთ?
დასამწნილებლად გამოგადგებათ კომბოსტოს მხოლოდ გვიანი ჯიშები, რომელთაც აქვთ საკმარისი წვნიანობა და საშუალო სიმკვრივე. რბილი ან ძალიან უხეში კომბოსტო არ გამოიყენოთ. 1 კგ კომბოსტოზე 1 ს/კ ქვის მარილი საკმარისია. იოდირებული მარილი არ აიღოთ.
თუ კომბოსტოს პირშუშხას ძირს დაუმატებთ, კერძი უფრო ხრაშუნა გახდება. კომბოსტოს მწნილს უმატებენ გახეხილ კომბოსტოს, დაჭრილ ვაშლს, ბაჰარის წიწაკას ან ძალიან მარილიან კიტრს. ვაშლი მანამდე აუცილებლად უნდა დაასვენოთ. დამწნილების პროცესში სუფთა ჯოხით ხვრელები უნდა გააკეთოთ, რომ დაგროვებული გაზები გამოუშვათ და სიმწარე გააქროთ.
კომბოსტოს დასამწნილებლად არ გამოიყენოთ კონტეინერები, რომლებიც იჟანგება. დამწნილებული პროდუქტი გრილ ადგილას შეინახეთ. კომბოსტო რომ არ გამუქდეს, მარილწყლით უნდა დაიფაროს. ზემოდან შეგიძლიათ დააფაროთ სუფთა მარლა, პირშუშხას და კომბოსტოს ფოთლები ან მშრალი მდოგვი მოაყაროთ.
კომბოსტოს მამაკაცის ხელი „უყვარს“. როცა დამწნილებას გადაწყვეტთ, ქმარს, მამას, ძმას და ვაჟს დახმარება სთხოვეთ. ყველა გაოცდება, რამდენად გემრიელი გამოვა წასახემსებელი! კომბოსტოს დამწნილებისას კარგ განწყობაზე უნდა იყოთ. თუ გაღიზიანებული ან უკმაყოფილო ხართ, საქმე სხვა დღისთვის გადადეთ: პროდუქტები ტყუილად არ გააფუჭოთ.