ყველაფერი საშემოდგომო ხახვის შესახებ: როგორ მივიღოთ მაქსიმალური მოსავალი

189

ხახვი ნებისმიერი მებაღისთვის შეუცვლელი კულტურაა. ის არა მხოლოდ ამდიდრებს ბაღს მოსავლით, არამედ შესაძლებლობას იძლევა ახალი მწვანილი მივირთვათ მთელი სეზონის განმავლობაში. ბოსტნეულის წარმატებით გასაზრდელად უნდა იცოდეთ, როდის და როგორ დარგოთ ხახვი ზამთრისთვის. ამ საქმეში წარმატების მისაღწევად ძველი დროის რჩევებზე დაყრდნობა არ ღირს. გირჩევთ, მოუსმინოთ გამოცდილ მებაღეებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამეცნიერო ბაზით და არა მხოლოდ გამოცდილებით.

საშემოდგომო ხახვი ჩვენს რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბოსტნეულია. საგაზაფხულო ჯიშებისგან გამოირჩევა სიცივისა და დაავადებების მიმართ მაღალი მდგრადობით, ასევე მუდმივი მოსავლიანობით. პაპარაცი გიამბობთ, როგორ დარგოთ ხახვი სწორად ცივი ამინდის დაწყებამდე, როგორ იზრუნოთ, რომელ ნიადაგზე დარგოთ, როგორ შეუწყოთ ხელი ზრდას.

როდის დავრგოთ ხახვი ზამთრისთვის: საუკეთესო დრო

დიდ ტერიტორიაზე საშემოდგომო ხახვის დარგვის ოპტიმალური პერიოდი კლიმატურ პირობებზე დამოკიდებულია. ჩვეულებრივ, ეს ხდება ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე. აირჩიეთ დღე, როცა ნიადაგი ჯერ კიდევ თბილი და სველია. ასე ხახვი ყინვების დაწყებამდე გაფესვიანდება, მაგრამ მწვანე ყლორტების წარმოქმნას ვერ მოასწრებს.

სად სჯობს საშემოდგომო ხახვის დარგვა

ადგილი საშემოდგომო ხახვისთვის კარგად უნდა შეარჩიოთ. აი, რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია:

  • მზიანი ადგილი. საშემოდგომო ხახვს კაშკაშა მზე უყვარს. აირჩიეთ ნაკვეთი კარგი განათებით, სადაც ბოსტნეული დღეში 6-8 საათი მზის სინათლეს მიიღებს.
  • კარგი დრენაჟი. დარწმუნდით, რომ ტერიტორიას კარგი დრენაჟი აქვს. ხახვი წყლის დაგუბებას ვერ იტანს. მაღალი კვლები ან სადრენაჟო სისტემა ზედმეტ სითხეს თავიდან აგაცილებთ.
  • ნაყოფიერი მიწა. მოამზადეთ მიწა, დაუმატეთ კომპოსტი ან ნეშომპალა ნაყოფიერების გასაუმჯობესებლად. ხახვს კარგად გასაზრდელად მკვებავი მიწა სჭირდება.
  • ადგილმდებარეობა. გახსოვდეთ მოსავლის როტაცია. არ დარგოთ ხახვი იმ ადგილას, სადაც ის ან მისი ოჯახის სხვა წარმომადგენელი წინა ორი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ასე დაავადებებს და მავნებლებს თავიდან აიცილებთ.

საშემოდგომო ხახვის თესლბრუნვა

ბოსტანში საშემოდგომო ხახვისთვის კარგი წინამორბედია ყველა მარცვლეული (შვრიის გარდა), სიმინდი, ჭარხალი, მდოგვი, თალგამი, ფაცელია, ბარდა, ლობიო, პომიდორი, კიტრი და ნებისმიერი კომბოსტო. ხახვის ნემატოდებით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად, არ დარგოთ პარკოსნის, კარტოფილის, ოხრახუშის, ნიახურის, იონჯას და წითელი სამყურის შემდეგ.

რომელი ბოლქვები არის შეუფერებელი დასარგავად

დაზიანებული ან გარეგნულად ავადმყოფი ბოლქვები დასარგავად არ გამოიყენოთ. ჯანმრთელი ხახვი დარგვამდე გაათბეთ თბილი წყლის და კალიუმის პერმანგანატის ნარევში. ხსნარის მისაღებად 1 გ კალიუმის პერმანგანანტი 1 ლ წყალში გახსენით. 20-25 წუთის შემდეგ ხახვს წყალი მსუბუქად გადაავლეთ. შემდეგ დასარგავად მზად იქნება.

როგორ მოვამზადოთ ნიადაგი საშემოდგომო ხახვის დასარგავად

საშემოდგომო ხახვის უხვი მოსავლის მიღებაში ნიადაგის მომზადება დიდ როლს თამაშობს. აი, რამდენიმე ნაბიჯი:

  • მიწა გადაბარეთ. შემოდგომაზე ხახვის დარგვამდე ნიადაგი 20-25 სმ სიღრმეზე გადაბარეთ. პროცესში მოაშორეთ სარეველები და მცენარეების ნარჩენები. ასე მკვებავ ნივთიერებებზე და სითხეზე კონკურენციას თავიდან აიცილებთ.
  • მიწა გამოკვებეთ. დაუმატეთ კომპოსტი ან ნეშომპალა და კარგი მინერალური სასუქი, ფოსფორით და კალიუმით მდიდარი (5-6 კგ 1 მ²–ზე). ასე ხახვს ძლიერი ფესვების და ბოლქვების განვითარებაში დაეხმარებით.
  • ღრმად დარგეთ. ბოლქვები დაახლოებით 5-7 სმ სიღრმეში ჩარგეთ. ბოლქვებს შორის დაშორება დაახლოებით 10 სმ უნდა იყოს, ხოლო რიგებს შორის – 15-20 სმ. ბოლქვები ისე დარგეთ, რომ თავები მიწის დონეზე იყოს.
  • თესლი ჩააღრმავეთ. თუ საშემოდგომო ხახვის თესლით დათესვას აპირებთ, მიწაში 1 სმ–ზე ჩააღრმავეთ და ჩატუმბეთ.

საშემოდგომო ხახვის მოვლა

ხახვის დარგვის შემდეგ მასზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ კარგი მოსავლის ასაღებად. აი, რამდენიმე ნაბიჯი და რეკომენდაცია, როგორ იზრუნოთ ხახვზე:

  • მორწყვა. ნაადრევ შემოდგომაზე, დარგვის შემდეგ რეგულარულად მორწყეთ, რომ ფესვები საკმარისი ტენიანობით უზრუნველყოთ. ტენიანი ნიადაგი შეინარჩუნეთ, მაგრამ ზედმეტ სისველეს მოერიდეთ, რომ ბოლქვები არ დალპეს.
  • სასუქი. გაზაფხულზე, როცა ხახვი აქტიურ ზრდას დაიწყებს, აზოტის სასუქით გამოკვებეთ, რომ მწვანე მასის განვითარებაში დაეხმაროთ.
  • გამეჩხრება. როცა ბოლქვები ზრდას დაიწყებს, მცენარე შეათხელეთ, მათ შორის საკმარისი სივრცე (დაახლოებით 10 სმ) დატოვეთ, რომ თავისუფლად განვითარდეს. ასე საკვებ ნივთიერებებზე კონკურენციას თავიდან აიცილებთ.
  • სასარგებლო ზომები. თუ სარეველები გაწუხებთ, ხახვის ნაკვეთი რეგულარულად გაასუფთავეთ. ყურადღება მიაქციეთ დაავადებების და მავნებლების (ლოქორა, თრიფსი) ნიშნებს. საკონტროლოდ და საბრძოლველად შესაბამისი ზომები მიიღეთ, თუ საჭიროა.
  • ყინვისგან დაცვა. ცივ თვეებში ხახვი დამატებითი დაცვით უზრუნველყავით. დარწმუნდით, რომ ნაკვეთი მულჩით დაფარულია, რომ ფესვების და ბოლქვების გაყინვა თავიდან აიცილოთ.
  • ვეგეტაციის დასრულება. გაზაფხულზე, როცა ხახვი ვეგეტაციას დაასრულებს, მორწყვა და გამოკვება შეწყვიტეთ. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მორწყეთ, რომ საკმარისი ტენიანობით უზრუნველყოთ.
  • მოსავლის აღება. ხახვის სიმწიფის ნიშნები: ხახვის ღერო 80%–ით გაყვითლდა და ჩამოცვივდა, წარმოიქმნა თესლი (დატოვეთ ერთი თანაყვავილედი). ჩვეულებრივ, ხახვის მოსავალს ზაფხულში იღებენ: თავებს თხრიან, მიწას აშორებენ და მზეზე აშრობენ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს