ჩინური კალენდრის მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი წელი მოდის. მისი მფარველი ხომ ყველაზე ძლევამოსილი ნიშანია, მისი უდიდებულესობა დრაკონი. რელიგიის მიხედვით, დრაკონი ყოველთვის მონარქების მფარველი იყო. ძალაუფლების, მტკიცე სულის და სიმდიდრის სიმბოლოა. თუ იცით, როგორ მოიმადლიეროთ მითიური არსება, მთელი წელი სიმდიდრე და წარმატება თქვენს მხარეს იქნება. ამისთვის უნდა დაფიქრდეთ, რა ფერებში შეხვდეთ დრაკონის წელს.
მხოლოდ სიმბოლო საკმარისი არაა. თითოეულ წელს თავისი სტიქია და ფერი აქვს, ამიტომ იშვიათად მეორდება. ყოველი დღესასწაული უნიკალურია და განსაკუთრებულ ფერთა პალიტრას მოითხოვს. 2024 წელი მწვანე ხის დრაკონის წელია, რომელიც ბოლოს 60 წლის წინ ვიხილეთ. პაპარაცი გიამბობთ, რას გვპირდება ეს, რომელ ფერებს მივანიჭოთ უპირატესობა და რომელს მოვერიდოთ, როგორც დრაკონის ცეცხლს.
რა ფერებში შევხვდეთ დრაკონის ახალ წელს
დრაკონი მწვანეა, თან ხის. ორივე ფაქტორი ერთმანეთთან ჰარმონიაშია, სამკურნალო სიმბოლოს ქმნის. ასეთი დრაკონი თავად ცხოვრებას, კეთილდღეობას და ახალ წამოწყებებს განასახიერებს. განსაკუთრებით წარმატებული წელი იქნება ამბიციური ხალხისთვის, რომლებიც იდეებით და იმედებით სავსე არიან. ალბათ, მიხვდით, რომელი ფერი იქნება მთავარი ახალ პალიტრაში, თუმცა სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ვარიანტები არსებობს.
რომელი ფერი მოსწონს 2024 წლის დრაკონს?
რა თქმა უნდა, მწვანე! ზურმუხტისფერი, სალათისფერი, მალაქიტისფერი და ჭაობისფერი. ბალახის ყველა ელფერი. ასეთი ფერი ითხოვს განსაკუთრებულ ვარცხნილობას, მიდგომას, კაშკაშა მაკიაჟს. სამაგიეროდ, დაუვიწყარი და ძალიან მიმზიდველი ლუქი გამოვა. ითვლება, რომ მწვანე ყველაზე სასიამოვნო ფერია ადამიანის თვალისთვის. დამამშვიდებელი და აღმდგენი ეფექტი აქვს.
ფერების რეიტინგში მეორე ადგილზე წითელი და ოქროსფერი, დრაკონის ტრადიციული ფერები. როგორც ადრე, ახლაც ეს კომბინაცია გვპირდება სიმდიდრეს. ოქროთი მოქარგული წითელი სამოსი მმართველების ტრადიციული სამოსელი იყო. საბედისწერო შეცდომა არ დაუშვათ – ოქროსფერი ყვითელში არ აგერიოთ. რატომ? მოგვიანებით გიამბობთ.
მესამე ადგილზეა შავი ფერი. არ გაგიკვირდეთ! აღმოსავლეთ კულტურაში სამგლოვიარო ფერი არაა, პირიქით. მას სიწმინდის, სიძლიერის, პატივისცემის და ფუფუნების საჩვენებლად ირჩევენ. ოქროსთან კომბინაციაში წითელს არ ჩამოუვარდება.
ფერი, რომელიც მწვანე ხის დრაკონმა შეურაცხყოფად შეიძლება მიიღოს
დროა განვმარტოთ, რატომ არის ყვითელი ცუდი იდეა. პირველ რიგში, უხსოვარი დროიდან ამ ფერს მხოლოდ მონარქების ოჯახი ატარებდა. ყვითელი ტანსაცმელი იგივე იმპერატორის შეურაცხყოფას ნიშნავს. მეორეც, რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყვითელი ელფერები ხის ნიშანს არ მოსწონს ცეცხლთან სიახლოვის გამო. წითელი გამონაკლისია, მის გარეშე არც ერთი დრაკონი დღესასწაულზე არ მოვა, არც ხის.
დრაკონი თეთრ ფერსაც იწუნებს. ეს არც ისე გასაკვირია. შავისგან განსხვავებით, თეთრი გლოვის და სიცარიელის სიმბოლოა.
ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ყავისფერის ელფერები კარგი იდეაა. მაგალითად, ხისფერი, ჟანგისფერი, ქვიშისფერი. იმის მიუხედავად, რომ ხის დრაკონის წელი მოდის, ყავისფერი ძალიან ტრივიალურია. თან მისი ზოგიერთი ელფერი ძალიან ახლოსაა ყვითელთან.
საინტერესო ფაქტი: აღმოსავლური კალენდრის ზოგიერთი სპეციალისტი იისფრის (მეწამული, იასამნისფერი და ა.შ.) შესახებ არაერთგვაროვან მოსაზრებას გამოთქვამს. ზოგი თვლის, რომ ყველა დრაკონი მისით აღფრთოვანებულია. ზოგი, პირიქით, გვაფრთხილებს, რომ მწვანე ხის დრაკონს ეს ფერი არ მოსწონს. სიტყვაზე, ცისფერი ელფერებიც გულზე არ ეხატება. შეიძლება ითქვას, რომ მის მიმართ გულგრილია.
როგორ მოვიგოთ ახირებული ქვეწარმავლის გული
მხოლოდ ფერებით ვერ შემოიფარგლებით, ფანტაზია უნდა ჩართოთ. საბედნიეროდ, ამჯერად წლის სიმბოლო კაშკაშა პერსონაჟია, მოკრძალებაში ვერ დაადანაშაულებთ.
ბრჭყვიალები და ბზინები ფერფლის იმიტაციას შესანიშნავად აკეთებს. დეტალებისადმი ასეთი ყურადღება დრაკონს მოეწონება. ატლასი და აბრეშუმი ზედმეტი არ იქნება. სახლის წვეულებისთვის შესაფერისია საღამურის სტილის სამოსი, რომელიც მაკიაჟთან და ვარცხნილობასთან კომბინაციაში მდიდრულად გამოიყურება.
ბრჭყვიალა აქსესუარები და ძვირადღირებული ქვები მისასალმებელია. დრაკონს ძვირფასეულობა მოსწონს. უყვარს, როცა სიმდიდრე შორიდან ჩანს. ამ მომენტში მთავარია, არ გადააჭარბოთ და შემთხვევით უპირატესობა არ მიანიჭოთ ვერცხლის ელემენტებს. მხოლოდ ოქრო, მხოლოდ ბრწყინვალება!
რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ 2024 წელს?
ზედმეტი არ იქნება, თუ ვახსენებთ მომავალი წლის იღბლიანებს, რომელთა ფერებიც წარმატებით დაემთხვა 2024 წლის სიმბოლოს გემოვნებას.
- ვერძი. მარსის ფავორიტი, რომელსაც წითელი ნამდვილად უხდება. დრაკონი იწონებს.
- ლომი. ცხოველების მეფე, რომელსაც ოქრო ყოველთვის უხდება. ამაში დრაკონს ჰგავს.
- ქალწული. თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ თქვენი წარმატების ფერი, მწვანე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ მთელი წელი უარი არაფერზე თქვან. ბედი მათ მხარესაა.
ბოლოს, მინდა აღვნიშნო წლის ფერი, რომელსაც მალე გამოაცხადებს Pantone. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიუხედავად, 2024 წელს მოდის ინდუსტრიის ფერი იქნება წვნიანი ატმის რბილობი Apricot Crush. ძნელი სათქმელია, რა რეაქცია ექნება ამაზე მწვანე ხის დრაკონს, მაგრამ ის, თუ რა ფერებს აირჩევთ დღესასწაულისთვის, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.