ანდრეი ტიაჟელნიკოვის თქმით, გულის დაავადებების მქონე ადამიანები ხშირად მგრძნობიარენი არიან ამინდის ცვლილების მიმართ.
ამინდის უეცარ ცვლილებას ნორმალურად იტანს ჯანსაღი ორგანიზმი, რომელსაც გააჩნია ადაპტაციის მექანიზმი. მაგრამ ზოგიერთ ადამიანში ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობები მცირდება და, შესაბამისად, ამინდის ცვლილებები მათთვის უფრო რთული გადასატანია. კერძოდ, ამინდის უეცარი ცვლილება სახიფათოა გულის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
„კლიმატური პირობების ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიებით დაავადებული ადამიანები, სხვა ქრონიკული დაავადებებით დასუსტებული ადამიანები და მოხუცები“, – განმარტა ექიმმა.
ტიაჟელნიკოვმა თქვა, რომ არასტაბილური, ცვალებადი ამინდის პერიოდში, რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის იზრდება არტერიული წნევის უეცარი მატების ან ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი. ასევე არსებობს ინფარქტის და ინსულტის რისკი.
ექიმმა განაცხადა, რომ ასეთ პერიოდებში ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მედიკამენტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ გამწვავების შეჩერებას.
„თუ გაქვთ ძლიერი თავის ტკივილი, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, გულისრევა, გულისცემის გახშირება ან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ნახტომი, უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას“, – თქვა ტიაჟელნიკოვმა.
როგორ ავიცილოთ თავიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ამინდის ცვლილების გამო? ექიმმა აღნიშნა, რომ არახელსაყრელ პერიოდებში საჭიროა მეტი დასვენება, სერიოზული დატვირთვის თავიდან აცილება და, თუ შესაძლებელია, სტრესული მომენტების აცილება. კვების რაციონი უნდა იყოს მსუბუქი – მოერიდეთ შემწვარ საკვებს, ცომეულს, ცხარე სანელებლებს და ალკოჰოლს.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.