გაყიდული ბავშვით შურიძიება – ქალი, რომელმაც თავი უკრაინას შეაფარა…

1487

ანამ თავის დროზე უკრაინას იმიტომ შეაფარა თავი, რომ თაღლითობისთვის იყო ძებნილი საქართველოში და თუ დაიჭერდნენ, რამდენიმეწლიანი პატიმრობა ელოდა…
ის დედით უკრაინელია და მამით ქართველი. მშობლებს დიდხანს არ უცხოვრიათ ერთად – სამი წლის იყო რომ დაშორდნენ და მამამ ცოლს ბავშვის წაყვანის უფლება არ მისცა:

– მე სიმართლეს ვინ მეტყოდა?! მამაც და მისი ახლობლებიც მიმტკიცებდნენ, რომ დედაჩემი უნამუსო ქალი იყო. საყვარელი გაიჩინა და რომ ამხილეს, ამიტომ გაუხდა ვითომ გასაქცევად საქმე, თან, თავად თქვა შენზე უარი, არაფერში სჭირდებოდიო…

თავიდან ბებია მზრდიდა, მაგრამ მერე სიმსივნე შეეყარა და მამა იძულებული გახდა თავის ახალ ოჯახში წავეყვანე, სადაც მეორე ცოლთან უკვე ორი შვილი ჰყავდა და დედინაცვალს ჩემი გამოჩენა დიდად არ გახარებია. ჩემ მიმართ აგრესიული იყო და მამას სთხოვდა არჩევანი გაეკეთებინა: ან მე უნდა მოვეშორებინე თავიდან, ან მასზე და მის შვილებზე მოუწევდა უარის თქმა. მიუხედავად ასეთი ხასიათისა, მამას ის ქალი ძალიან უყვარდა, ამიტომ ისევ მე „გამიმეტა“ იმ სიმართლისთვის, რომელსაც მანამდე საგულდაგულოდ მიმალავდნენ:

– დედაშენი არც ისე ცუდი ქალი იყო, არც შენ მიუტოვებიხარ. პირიქით, სულ მეხვეწებოდა, რომ შენი თავი მისთვის დამეთმო… მეორედ არ გათხოვდა, რადგან იმედს არ ჰკარგავდა, რომ დაგიბრუნებდა. თუ გინდა, ახლა წადი მასთანო!.. და წინ წერილების მთელი დასტა დამიდო, რომელსაც წლების განმავლობაში მიგზავნიდა დედა და მიმალავდნენ. სურათებიც მაშინ ვნახე პირველად და მივხვდი, დედის ასლი ვიყავი…
წერილებში ისეთ სიყვარულს ამჟღავნებდა დედა ჩემ მიმართ, წესით, სიხარულით უნდა წავსულიყავი მასთან, მაგრამ 17 წლის გოგოსთვის არ იყო ადვილი ასეთი რეალობის სწორი აღქმა და შეფასება… დავიბოღმე და გადავწყვიტე ისეთი რამ ჩამედინა, დედაც გამემწარებინა და მამაც. იმას ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვაზარალებდი…

საცხოვრებლად ცალკე ბებიას დანატოვარ სახლში გადავედი, რომელიც იმ დროისთვის გარდაცვლილი იყო და ყველაფერი, რაც გააჩნდა, მე დამიტოვა. ახალი და არც ისე კარგი რეპუტაციის მქონე მეგობრები შევიძინე, რომლებიც თაღლითები იყვნენ და მეც ჩამრთეს თავიანთ საქმიანობაში… არ მინდა იმისი დაზუსტება, რა სახის აფერებს ვაწყობდით, რომ ხალხის ქონება და ფული მიგვეთვისებინა.

20 წლის ასაკში უკვე ძებნილი ვიყავი და გასაქცევად რომ გამიხდა საქმე, მაშინ გამახსენდა დედაც, უკრაინაც და მოვახერხე საქართველოს საზღვრების გადალახვა. ქალმა ლამის ინფარქტი მიიღო, რომ დამინახა… მართლა არ იყო გათხოვილი, მარტო ცხოვრობდა და საკმაოდ კარგადაც… მან თავისი სიმართლე მითხრა ოჯახის დანგრევის თაობაზე: დედა ჰყოლია კიბოთი დაავადებული და ქმარს იმისი საშუალება არ მიუცია, რომ სიკვდილის წინ მის გვერდით ყოფილიყო. გამოპარვია ქმრის ოჯახს და უკან დაბრუნების ნება, აღარ მისცეს. მერე ჩემი თავიც წაართვეს… რა ვიცი, მისი დავიჯერე, თუ იჩივლებდა, პატიოსან ქალს შვილს ყველა დაუბრუნებდა, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა სიმართლეც არსებობს, რომელიც არც მამამ გამიმხილა და არც დედამ…

მამა ხომ მძულდა და დედაც ვერ შევიყვარე… კიევშიც ძველებურად ვცადე ცხოვრების გაგრძელება და ალბათ არც იქ ამცდებოდა ციხე, რომ არა ერთი კაცი, რომელიც შემთხვევით რესტორანში გავიცანი. საშა 15 წლით იყო ჩემზე უფროსი, მაგრამ როგორც კი „შევამჩნიე“, ისეთი რამ განვიცადე, რაც მანამდე არც ერთი კაცის მიმართ არ მიგრძნია.

საშას საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და აღარაფერი უკლდა მოღონიერებამდე, მაგრამ მალე იძულებული გახდა, ჩემთვის სიმართლე ეთქვა: 12 წლით უფროსი ცოლი ჰყავდა, რომელიც სწორედ ქონების გამო შეირთო და ყველაფერი, რაც გააჩნდა, რეალურად იმ ქალის იყო. ამიტომ გაყრით ვერ გაეყრებოდა. არც უყვარდა და თან ასაკის გამო, ქალი შვილებსაც ვერ გაუჩენდა.

ძალიან მეწყინა ეს რომ მითხრა, არადა, უკვე სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ეს საშამაც იცოდა. ბოლოს შემომთავაზა, – მე და ჩემს ცოლს ბავშვის აყვანა გვინდოდა და რაღა სხვისი გავზარდო, ეგ ბავშვი დამითმე და ისეთ თანხას მოგცემ, ცხოვრებაში თითიც რომ არ გაანძრიო, სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველად იცხოვრებო!…

ეს რომ მითხრა, თავზე დავალეწე ყველაფერი, მაგრამ მერე დავფიქრდი და შურისძიება გადავწყვიტე: დავარწმუნე, რომ ბავშვს დავუთმობდი და ანგარიშზე უზარმაზარი თანხა დამირიცხეს, რომელიც მალევე მოვხსენი და ჩემი თაღლითი მეგობრების წყალობით საიმედოდ გადავმალე. 7 თვის ფეხმძიმე უკრაინიდან რუსეთში გავიპარე ისე, რომ დედაჩემმაც არ იცოდა, რას ვაპირებდი. ფული მქონდა და არ გამჭირვებია ბინის ყიდვა, კომფორტის შექმნა. 24 წლის ვიყავი მაშინ და ბავშვი არაფერში მჭირდებოდა.

კიდევ ერთი მდიდარი უშვილო ცოლ-ქმარი ვიპოვე რაღაც სააგენტოს დახმარებით, რომელიც არალეგალურად მუშაობდა და დიდი თანხის მიღების შემდეგ, ბავშვი მათ ისე გადავეცი, ერთხელაც არ მინახავს. ექიმებს იმისი თქმაც ავუკრძალე – ბიჭი იყო თუ გოგო, დღემდე არ ვიცი ბავშვის სქესი…

მოსკოვში 8 წელი ვიცხოვრე და უცებ მივხვდი, რომ აღარ მინდოდა იქ ყოფნა, საქართველო მომენატრა. გავყიდე ყველაფერი და სამი წლის წინ დავბრუნდი. მამის ოჯახმაც არ იცის, რომ აქ ვარ – თან, გვარიც შეცვლილი მაქვს, უკრაინაში ჩავედი თუ არა, დედის გვარზე გადავედი. მე ხომ ძებნილი ვიყავი…

დედა ორი წლის წინ გარდაიცვალა. რაც უკრაინიდან გამოვიქეცი, არ მინახავს. ვურეკავდი და მისგან ვიცოდი, რომ საშა ძალიან უბედური იყო ბავშვის დაკარგვით – მთელი თავისი ქონების გადმოცემას მპირდებოდა, ოღონდ მისთვის ბავშვი დამებრუნებინა. მალე 36 წლის გავხდები. ოფიციალურად არ გავთხოვილვარ, მაგრამ ორი წელია საყვარელ მამაკაცთან ერთად ვცხოვრობ. მინდოდა მისთვის შვილიც გამეჩინა, მაგრამ არ დავორსულდი, ექიმთან რომ მივედი, ისეთ პათოლოგია აღმომაჩნდა: სასწაული იქნება, თქვენ რომ დაორსულება შეძლოთ და რომც დაორსულდეთ, ნაყოფს ბოლომდე ვერ შეინარჩუნებთო…

იცით, ბავშვს ბოლოს და ბოლოს, ავიყვანთ, ან სუროგატ დედას დავიქირავებ, ამისი საშუალებაც გვაქვს, მაგრამ… მივხვდი, შემთხვევით არ დამემართა, რაც მჭირს და როცა შურისძიების მიზნით საყვარელი მამაკაცი და საკუთარი შვილი ასე სასტიკად გავიმეტე, ყველაზე დიდი განაჩენი საკუთარ თავს და ცხოვრებას გამოვუტანე… თქვენთანაც ამიტომ მოვედი და გიყვებით ჩემს ამბავს – მინდა ჩემი ცხოვრების მაგალითზე ადამიანებმა ისეთი დასკვნა გააკეთონ, რომ საბედისწერო შეცდომები არ დაუშვან.

დედაჩემისგან ვიცი, რომ საშა მოსაკლავადაც კი მეძებდა და ნეტავი მოვეკალი. მერწმუნეთ, ეს ბევრად მსუბუქი სასჯელი იქნებოდა იმასთან შედარებით, რაც ახლა მჭირს: რას არ მივცემდი, ჩემი შვილი რომ ჩემთან იყოს, მაგრამ მე ისიც არ ვიცი ბიჭია თუ გოგო, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს და იცის თუ არა რაიმე თავისი წარმომავლობის შესახებ. თუ იცის, ალბათ ძალიან სძულს დედა, რომელმაც დიდ თანხად გაყიდა მისი სიცოცხლე.

მე ახლაც ბევრი ფული მაქვს, ბევრი რამის ყიდვა შემიძლია, მაგრამ გაყიდული შვილის სიცოცხლესთან შედარებით ფასი არაფერს აქვს…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს