რთული წარმოსადგენია, რომ არსებობს კაქტუსი ეკლების გარეშე, რომელიც მზეს ვერ იტანს და წყალი უყვარს. როგორც უკვე მიხვდით, საქმე დეკაბრისტს ეხება. მისი სახელი იმას უკავშირდება, რომ ტროპიკული ზაფხულის პერიოდში, უფრო ზუსტად ნოემბრის ბოლოდან იანვრამდე ყვავილობს.
არაფერი ისე არ ამშვენებს სახლს, როგორც ლამაზი მცენარე. დეკაბრისტი თავისი ლამაზი და სასურველი ყვავილებით ხშირად არ გვანებივრებს. სწორედ ამიტომ, მოვლის დროს მისთვის განსაკუთრებული პირობები უნდა გაითვალისწინოთ. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ აქციოთ დეკაბრისტი სახლის ნამდვილ ღირსებად.
ოთახის მცენარე დეკაბრისტი
ბევრი შეცდომას უშვებს, როცა დეკაბრისტს ისე უვლის, როგორც ჩვეულებრივ კაქტუსს. მოვლის და მორწყვის გარეშე მისი დიდხანს მიტოვება ან ძალიან მშრალ ადგილას მისი დადება არ შეიძლება. სწორი მოვლის პირობებში თავისი ლამაზი ყვავილებით ახალ წელს 15-20 წელი გაგახარებთ. ასე რომ მოხდეს, რამდენიმე მარტივი წესი გაითვალისწინეთ.
დეკაბრისტის მოვლის წესები
1. დაიმახსოვრეთ: დეკაბრისტს სამხრეთ და დასავლეთ მხარეს ყოფნა არ სიამოვნებს, რადგან ძლიერი განათება მცენარის კვირტების კიდურების დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს. ჰაერის ტემპერატურა მინიმუმ 15 გრადუსი უნდა იყოს.
2. ზაფხულში სჯობს აივანზე, ან ტერასაზე გაიტანოთ, რადგან ჰაერი სჭირდება. ყოველდღე წყლით დანამვა არ დაგავიწყდეთ.
3. დეკაბრისტი იმ პრეტენზიულ მცენარეთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც დაკვირტვის დროს არ უნდა შეაწუხოთ: ადგილიდან ადგილზე არ გადადოთ და მცენარის ქოთანიც კი არ შეაბრუნოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
4. გაზაფხულის დადგომისთანავე ყოველთვიურად ყვავილების კომპლექსური დანამატი სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ინსტრუქციაში მითითებულზე ნახევარი დოზა უნდა გამოიყენოთ. ზაფხულში ღეროების ინტენსიური ზრდა დაიწყება, ამიტომ ყვავილები თვეში ორჯერ უნდა გამოკვებოთ. სექტემბრიდან გამოკვება შეწყვიტეთ.
5. ზედმეტი აღმონაცენი არ მოჭრათ, არამედ ხელით დაახვიეთ და მცენარეს ლამაზი ფორმა მიეცით. ასე გაფორმებულ მცენარეს მიმზიდველი გარეგნობა აქვს და უხვად ყვავილობს.
6. დეკაბრისტი სჯობს თებერვლის ბოლოს გადარგათ, როცა ყვავილობას საბოლოოდ შეწყვეტს. მნიშვნელოვანი მომენტი: ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად გადარგეთ, ხოლო ზრდასრულები 5 წელიწადში ერთხელ. ფართო და დაბალი ქოთნები შეარჩიეთ.
სადრენაჟე ფენა ქოთნის ერთ მესამედს უნდა იკავებდეს. გამოდგება როგორც მაღაზიაში ნაყიდი ნიადაგი, ასევე თვითნაკეთი: 1 ნაწილი ხის მიწა და ქვიშა 2 ნაწილ ფოთლოვან მიწას აურიეთ, დეზინფექციისთვის დაქუცმაცებული ნახშირი დაუმატეთ. წყლის კარგი გამტარობისთვის თიხნარი დაამატეთ.
7. დეკემბრის დაწყებისთანავე კარგად განათებულ შენობაში გადაიტანეთ, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. უხვად მორწყეთ. ასე გაიღვიძებს და უხვად აყვავდება.
რედაქციის რჩევა
როცა დეკაბრისტი აყვავდება, მორწყვა ნელ-ნელა შეამცირეთ, გრილ ადგილას დადეთ, სადაც მცენარე მარტის ბოლომდე დარჩება და ყვავილობის შემდეგ დაისვენებს. მარტის ბოლოს მცენარეს ვეგეტაციური პერიოდი ეწყება, ამიტომ მცენარე ჩვეულ ადგილას დააბრუნეთ და ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.