სამზარეულოში სისუფთავე არა მხოლოდ ესთეტიკის ხარკია, არამედ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. ვინაიდან სამზარეულოში ვამზადებთ კერძებს და ხშირად აქვე მივირთმევთ, ყველა დიასახლისი ცდილობს ამ ოთახში სისუფთავის შენარჩუნებას, რომ ოჯახისთვის კერძები უსაფრთხო პირობებში მოამზადოს. ეს ეხება როგორც ზედაპირებს, ასევე სამზარეულოს დამხმარეებს. ახალი დაფები, ხარისხიანი ჭურჭელი, სუფთა პირსახოცი – ეს ყველაფერი საჭმლის მომზადების პროცესს კომფორტულს ხდის, ხოლო მზა კერძს – სასარგებლოს. დაფებთან და ჭურჭელთან მეტ-ნაკლებად ყველაფერი ნათელია. აი, სამზარეულოს პირსახოცებიდან ლაქების ამოყვანა ზოგჯერ ძალიან რთულია. არადა პირსახოცები რამდენიმე დღეში ერთხელ მაინც უნდა გამოცვალოთ! „პაპარაცი“ გიზიარებთ რამდენიმე გამოცდილ მეთოდს, რომლითაც ნებისმიერ ლაქას გაუმკლავდებით.
ადრე თვეში რამდენიმე პირსახოცს ვყიდულობდი სამზარეულოსთვის. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ პირსახოცი 2-3 დღეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. ამ წესს ზუსტად ვიცავდი. მაგრამ პირსახოცზე მუდმივად რჩებოდა ლაქები, რომლებიც ყოველთვის არ ირეცხებოდა. ამიტომაც ასეთ პირსახოცებს უკვე ჩვრად ვიყენებდი და სამზარეულოსთვის ახალს ვყიდულობდი. ასე ვიქცეოდი, სანამ კოლეგამ არ მირჩია რამდენიმე საშუალება, რომელთა დახმარებით პირსახოცების გამოყენების ვადას გაზრდით. საოცარია, მაგრამ რჩევები მუშაობს და თქვენც გიზიარებთ.
ლაქების ამორეცხვა სამზარეულოს პირსახოცებიდან
სამზარეულოს პირსახოცები სახლში მიკრობების ერთ-ერთი მთავარი შემგროვებელია, ამიტომ მათი რეცხვა სავალდებულო საქმეა დიასახლისებისთვის. საქმეს ართულებს ის, რომ პირსახოცის დალაქავება უფრო ადვილია სამზარეულოში, ვიდრე ბინის სხვა ნაწილში. ბოსტნეულის, ხილის და ცხიმის ლაქების მოშორება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ.
როგორ გავუმკლავდეთ ლაქებს სამზარეულოს პირსახოცებზე
მათეთრებელი საშუალება
პირსახოცებიდან ლაქების მოსაშორებლად ძველი კეთილი მათეთრებელი გამოიყენეთ. 100 მლ საშუალება და 0,5 ლ წყალი აურიეთ. ხსნარი ტაშტში ჩაასხით და მასში დალაქავებული პირსახოცები ჩაყარეთ. 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ წყალი გაავლეთ და სარეცხი ფხვნილით ან საპნით გარეცხეთ.
ძმარი
ამ მეთოდით პირსახოცებს მოაშორებთ არა მხოლოდ ლაქებს, არამედ უსიამოვნო სუნს. თუ ხელით რეცხავთ, ძმრის ხსნარი მოამზადეთ. ამისთვის წყალი და ძმარი სხვადასხვა პროპორციით შეურიეთ. წყალი თბილი უნდა იყოს. პირსახოცები ძმრის ხსნარში 1 საათით ჩაალბეთ. ამის შემდეგ პირსახოცები სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.
თუ სარეცხ მანქანაში რეცხავთ, სტანდარტული რეცხვის დროს 1 ჭიქა სუფრის ძმარი კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხით. შემდეგ დაბალი ტემპერატურა და მოკლე პროგრამა აირჩიეთ და სტანდარტულად გარეცხეთ. რეცხვის შემდეგ პირსახოცები გასაშრობად გაკიდეთ. პირსახოცები მაშინვე შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა თუ ძმრის სუნი არ მოგწონთ, პირსახოცები ხელახლა გარეცხეთ.
ლიმონმჟავა
ამ მეთოდით ბოსტნეულის, ხილის და კენკრის ლაქებს გაუმკლავდებით. ნახევარი ნაჭერი სარეცხი საპონი გახეხეთ და ცხელ წყალს აურიეთ ტაშტში. ჭუჭყიანი პირსახოცები ამ ნარევში 1 საათით ჩაალბეთ. შემდეგ პირსახოცები ამოიღეთ, კარგად გაწურეთ და ლაქებს ლიმონმჟავა სქლად წაუსვით. გააჩერეთ, რომ კარგად შეიწოვოს ქსოვილში, შემდეგ სუფთა წყალი გაავლეთ და გასაშრობად გაკიდეთ.
წყალბადის ზეჟანგი
ამ მეთოდით პირსახოცებს ერთი კვირის ან უფრო ძველ ლაქებს მოაშორებთ. 3 ლიტრი ცხელი წყალი, 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი აურიეთ. პირსახოცები ხსნარში 30 წუთით ჩაალბეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
ახლა იცით, როგორ გაუმკლავდეთ ლაქებს სამზარეულოს პირსახოცებზე.