ალბათ, ყველამ იცის ისეთი შემასქელებლის შესახებ, როგორიცაა ჟელატინი. თითქმის ყველა დიასახლისს ერთხელ მაინც გამოუყენებია ჟელატინი ჟელეს ან ჭიქურის მომზადებისას. მაგრამ ცოტა თუ იყენებს ამ მიზნით ჟელატინის მცენარეულ შემცვლელს, აგარ-აგარს.
ეს მცენარეული შემასქელებელი ნაკლებად პოპულარულია, თუმცა ბევრი უპირატესობა გააჩნია. „პაპარაცი“ დეტალურად გიამბობთ აგარ-აგარის და მისი საოცარი თვისებების შესახებ.
რატომ და როგორ გამოვიყენოთ ჟელატინის ვეგანური შემცვლელი?
რისგან მზადდება აგარ-აგარი?
აგარ-აგარი ჟელეს მსგავსი მასალაა, რომელიც მიიღება წყალმცენარეების სპეციალური დამუშავების შედეგად. ზღვის წყალმცენარეებს ჯერ ადუღებენ, შემდეგ აშრობენ და ფხვნილის მისაღებად ფშვნიან.
ამ პროდუქტს ჟელატინის მსგავსი თვისებები აქვს. მხოლოდ, მისგან განსხვავებით, აგარ-აგარი მცენარეული მასალისგან მზადდება და არა ცხოველის კანისა და ძვლებისგან. სწორედ ამიტომ, ჟელატინისგან ოდნავ განსხვავებული გემო აქვს, მაგრამ მისით მომზადებულ კერძებში ეს არ იგრძნობა.
რა მიზნით გამოიყენება აგარ-აგარი?
ეს პროდუქტი ხშირად გვხვდება ტკბილი კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების სიაში. აგარ-აგარი შემასქელებლის როლს ასრულებს, ამიტომ იყენებენ ჟელეს, პუდინგის, მარმელადის და სხვა დელიკატესის მოსამზადებლად. ასევე ხელს უწყობს ჭიქურის, კრემის და ათქვეფილი ნაღების სტაბილიზებას. კონდიტრები აქტიურად იყენებენ აგარ-აგარს თავიანთი ტკბილი კულინარიული შედევრების შესაქმნელად.
ტექნოლოგია საკმაოდ მარტივია. 2 ჩაის კოვზი აგარ-აგარი 1 ჭიქა წყალში გახსენით და კარგად აურიეთ. 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. აგარ-აგარი მზად არის გამოყენებისთვის. მნიშვნელოვანია! ამ პროდუქტით დესერტის მომზადების დაწყებამდე მის ინსტრუქციას გაეცანით. აგარ-აგარის სახეობაზე დამოკიდებულია, რა რაოდენობის ფხვნილი ან ფირფიტა უნდა გამოიყენოთ.
საინტერესო ფაქტები
- მცენარეული შემასქელებელი შეიძლება იყოს თეთრი, შავი, წითელი, მწვანე და ლურჯიც.
- აგარ-აგარი ძალიან მკვებავია, რადგან მასში შედის კალციუმი, C და B ვიტამინები, ასევე კალიუმი.
- ჟელატინის ვეგეტარიანული შემცვლელი აქტიურად გამოიყენება სამრეწველო მიზნებისთვის, სოუსების, ნაყინების, ასევე კონსერვების დიდი პარტიების წარმოებაში.
გირჩევთ, სცადოთ და მოამზადოთ თქვენი პირველი დესერტი აგარ-აგარით. გჭირდებათ ვეგანური ტკბილი კერძი? მომზადებისას ჟელატინის ნაცვლად აგარ-აგარი დაუმატეთ და პრობლემა მოგვარებულია!