მიკროტალღური ღუმელი არა მხოლოდ საკვების გასათბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. დიასახლისები, რომლებმაც სხვადასხვა ხრიკების შესახებ იციან, ამაში უკვე დარწმუნდნენ. მიკროტალღური ღუმლის გამოყენებით ჭრიან ხახვს უცრემლოდ, აშორებენ კანს პომიდორს და უბრუნებენ არომატს სანელებელს, კაპუჩინოსთვის ქაფის გაკეთებასაც ახერხებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კულინარიას უკავშირდება, მაგრამ მიკროტალღურ ღუმელს შეუძლია სხვადასხვა ნივთებს მეორე სიცოცხლე აჩუქოს. მაგალითად, თეთრ წინდებს. „პაპარაცი“ დეტალურად გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ თეთრი წინდები მიკროტალღურ ღუმელში.
ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანს, მაგრამ ამ მეთოდით ნამდვილად გაათეთრებთ ნივთებს რამდენიმე ტონით. ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი, რომელიც თითქმის ყველას აქვს სამზარეულოში, ასეთ ფუნქციასაც ასრულებს. დროა, არატრადიციული მეთოდი გამოსცადოთ.
როგორ გავრეცხოთ თეთრი წინდები მიკროტალღურ ღუმელში?
ამ მეთოდის გამოყენებამდე ნივთები სარეცხი ფხვნილით გარეცხეთ. შემდეგ მიკროტალღური ღუმლით გათეთრების ეტაპზე გადადით. იმის გათვალისწინებით, რომ ნივთები ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ირეცხება, ქსოვილს ყურადღება მიაქციეთ. თუ იცით, რომ ქსოვილი ზომაში შეიძლება შემცირდეს, ამ ხრიკზე უარი თქვით.
პირველი ეტაპი
- ტაშტი თბილი წყლით აავსეთ. ნივთები სარეცხი საპნით კარგად გასაპნეთ.
- გასაპნული ნივთები პარკში ჩააწყვეთ. პარკი კარგად შეკარით.
- პარკი თეფშზე მოათავსეთ. შემდეგ 2 წუთი მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართეთ. მნიშვნელოვანია! სხვადასხვა მოდელის მიკროტალღური ღუმლის მაქსიმალური სიმძლავრე განსხვავებულია, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში დრო 1-2 წუთით გაზარდეთ.
- პარკს შეეხეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ნივთები ცხელია.
მეორე ეტაპი
- ტაშტი 3 ლიტრი ცხელი წყლით აავსეთ. 3 სუფრის კოვზი საკვები სოდა დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ამ ხსნარში ცხელი სარეცხი მოათავსეთ და 1,5-2 საათი გააჩერეთ.
- შემდეგ ნივთები სარეცხი ფხვნილით სარეცხ მანქანაში ან ხელით გარეცხეთ.
ამ ბიუჯეტური მეთოდის გამოყენებით ლამაზ თეთრ ფერს დაუბრუნებთ ისეთ წინდებსაც, რომლებიც უკვე ნაცრისფერი გახდა. ამიტომაც, მიკროტალღური ღუმლის გამოყენება სწორი არჩევანია, თუ არ გინდა მათეთრებლის შეძენაზე დიდი თანხა გაიღოთ.