ახალი ხილ-ბოსტნეულის სეზონზე სწორად და გემრიელად კვება ადვილია. სალათები ხდება კვების განუყოფელი ნაწილი, დაჭრილი ხილი – დესერტის. რა თქმა უნდა, უმჯობესია ასეთი პროდუქტები არ შეინახოთ, არამედ ახალი იყიდოთ. სამწუხაროდ, ყოველდღიურ ფუსფუსში ყოველდღე საყიდლებზე სიარულს ვერ ვახერხებთ. ამიტომაც უნდა ვიცოდეთ პროდუქტების სწორად შენახვის წესები. ისე, რომ გემო და გარეგანი მახასიათებლები არ დაკარგოს. „პაპარაცი“ გიამბობთ, რომელი პროდუქტების შენახვა არ შეიძლება მაცივარში.
ადრე დარწმუნებული ვიყავი, რომ მაცივარში ყველაფრის შენახვა შეიძლებოდა. თურმე, ღრმად ვცდებოდი. ცივი ტემპერატურა შესაფერისი არ არის ყველა პროდუქტისთვის, მათ შორის ახალი ხილისა და ბოსტნეულისთვის.
რომელი პროდუქტების შენახვა კატეგორიულად არ შეიძლება მაცივარში?
პომიდორი
პომიდორი ბევრისთვის ერთ-ერთი საყვარელი ბოსტნეულია. მას უყვარს სითბო და დაბალ ტემპერატურას ცუდად იტანს (როგორც უმეტესობა ჩვენგანი, ასეა?!). ამიტომაც, მოსავლის აღების შემდეგაც პომიდორი მაცივარში არ უნდა შეინახოთ. ასე მხოლოდ გაფუჭდება. გარდა ამისა, დამწიფებას ვერ შეძლებს. როგორ შევინახოთ პომიდორი? შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივებისგან მოშორებით. ასე თავის საოცარ გემოს და არომატს შეინარჩუნებს.
ახალი მწვანილი
ბოლო დრომდე მეგონა, რომ ახალი მწვანილის ადგილი მაცივარშია. შემდეგ წავიკითხე ერთი საინტერესო ანალოგი: რეჰანი, ოხრახუში და ქინძი გადაჭრილი ყვავილის კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. კონა ახალი მწვანილი წყლით სავსე ქილაში უნდა ჩადოთ და წყალი ყოველდღე გამოუცვალოთ. ზემოდან დახვრეტილი პარკი შეგიძლიათ გადააფაროთ. ასე უნდა შეინახოთ არა მაცივარში, არამედ ოთახის ტემპერატურაზე. მთავარია, მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა მწვანილმა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაძლო!
კარტოფილი
კარტოფილს სიგრილე მოსწონს, მაგრამ სიგრილე სიცივე არაა. მაცივარში შენახვისას იცვლება კარტოფილის სტრუქტურა და ნეგატიურად მოქმედებს მის გემოსა და ტექსტურაზე. იდეალური ვარიანტია, ახალი კარტოფილი ქაღალდის პარკში მოათავსოთ და გრილ ადგილას შეინახოთ. მაგალითად, საკუჭნაოში.
ხახვი
ხახვს უყვარს მშრალი ჰაერი. მაცივარში მისთვის ძალიან ნოტიო ჰაერია. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, ხახვი შეინახოთ მშრალ, ბნელ, კარგად ვენტილირებად ადგილას.
საკვები პროდუქტების სწორად შენახვა ჯანმრთელობის გარანტიაა.