მზესუმზირას ზეთი კულინარიაში შეუცვლელი პროდუქტია. მისი გამოყენებით წვავენ, სალათებს აზავებენ და უმატებენ ცომს. მაღალხარისხიან ზეთზეა დამოკიდებული მზა კერძის საბოლოო შედეგიც. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კარგი მზესუმზირას ზეთის არჩევისას.
მზესუმზირას ზეთის არჩევა ნაცნობმა მზარეულმა მასწავლა, რომელიც რესტორანში მუშაობს. ის ამტკიცებს, რომ ცუდი ზეთის გემოს კერძის უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებიც კი ვერ გადაარჩენს. ამიტომ ის მზესუმზირას ზეთს აუცილებლად თავად არჩევს. სწორედ მან მითხრა, რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება ზეთის არჩევისას.
კარგი მზესუმზირას ზეთი: როგორ ავარჩიოთ
გარეგნული სახე
პირველი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება კარგი მზესუმზირას ზეთის არჩევისას არის ფერი. რაფინირებულ ზეთს უნდა ჰქონდეს ღია ყვითელი ფერი. რაც უფრო ღია ფერის არის ზეთი, მით უფრო სუფთაა. ამ ზეთს არ აქვს ძლიერი გემო და სუნი.
არარაფინირებული ზეთი მხოლოდ მექანიკურად არის დამუშავებული. ამის გამო მას უფრო მუქი ფერი აქვს. არარაფინირებულ ზეთს მზესუმზირას სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს. მწარე, მჟავე და სხვა უცხო სუნი მიუთითებს ზეთის დაბალ ხარისხზე.
ზეთში ნალექსაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს. რაფინირებული ზეთი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე. პროდუქტის ამღვრევა ნიშნავს, რომ მან უკვე დაიწყო გაფუჭება. არ შეგეშინდეთ არარაფინირებული ზეთის მცირე ნალექის. ის ორგანიზმისთვის სასარგებლოდაც კი ითვლება.
ზეთის არჩევისას ყურადღება გაამახვილეთ შეფუთვაზე. რა თქმა უნდა, გამჭვირვალე ბოთლში უფრო კარგად ჩანს ზეთის ტიპი. ასეთი კონტეინერები უნდა შეინახოთ მზისგან მოშორებით. მაგრამ თუ ბოთლი დამზადებულია მუქი მინისგან, მაშინ ეს დამატებით შეუწყობს ხელს ზეთის ხარისხის შენარჩუნებას.
ვარგისიანობის ვადა
ერთი შეხედვით, აქ რთულია არაფერია: ყველაფერი წერია შეფუთვაზე. ეს ასეა, მაგრამ სწორედ შენახვის ვადის მიხედვით შეგიძლიათ გაიგოთ ბევრი რამ ზეთის შესახებ. არარაფინირებული მზესუმზირას ზეთის შენახვა შესაძლებელია 4 თვემდე, ხოლო რაფინირებული მზესუმზირას ზეთის ექვს თვემდე. თუ შეფუთვაზე გაცილებით გრძელი ვადებია მითითებული, მაშინ ზეთს ანტიოქსიდანტები აქვს დამატებული.
გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ახლოვდება ვარგისიანობის ვადის ამოწურვა, მით უფრო დაბალი ხარისხის ზეთს იყენებთ. საკვები ცხიმები იშლება და ზეთი მწარდება.
გარდა ამისა, თუ მზესუმზირას ზეთი ინახება მზის პირდაპირ შუქზე ან თუნდაც ხელოვნურ განათებაზე, მისი შენახვის ვადა გაცილებით ადრე იწურება. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომელ მაღაზიაში ყიდულობთ ზეთს და სად არის განთავსებული ამ პროდუქტის თაროები.
წარმოების მეთოდი
გაწმენდის ხარისხის მიხედვით მზესუმზირას ზეთი იყოფა ორ ტიპად: რაფინირებული და არარაფინირებული.
რაფინირებული ზეთი დაწურულია სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, ამიტომ იდეალურია მაღალი ტემპერატურის მქონე კერძების მოსამზადებლად. როდესაც გაცხელდება, ასეთი ზეთი არ ბოლავს, შხეფებს არ ისვრის და არ ქაფდება.
არარაფინირებულ ზეთს აქვს მდიდარი არომატი და გემო, რაც საშუალებას აძლევს მას წარმატებით შეავსოს სალათები, სოუსები და სხვა კერძები თერმული დამუშავების გარეშე.
ნუ მისცემთ უფლებას წარწერებს: „შეიცავს E ვიტამინს“, „არა გმო“, „პირველადი დაწურვა“ – შეცდომაში შეგიყვანოთ. ეს მხოლოდ ცბიერი მარკეტოლოგების ხრიკებია. ერთადერთი წარწერები, რომლებიც უნდა მოძებნოთ არის: “ცივი დაწურვის” და “გაყინული”.
ცივი დაწურვის მეთოდი ნიშნავს, რომ ნედლეული დაწურულია არაუმეტეს 50 გრადუს ტემპერატურაზე. ამ გზით იწარმოება არარაფინირებული ზეთი, რომელშიც ვიტამინები და მიკროელემენტები შენარჩუნებულია.
იმისთვის, რომ რაფინირებული ზეთი იყოს გამჭვირვალე დაბალ ტემპერატურაზეც კი, მას ყინავენ. ზეთს აცივებენ, რაც იძლევა ცვილისებრი ნალექის წარმოქმნის საშუალებას. შემდეგ ზეთი იფილტრება. ეს პროცესი ტარდება რაფინირებამდე ან მის შემდეგ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ზეთი გამჭვირვალე გამოდის, მასში ვიტამინების მინიმალური რაოდენობა რჩება.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ აირჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი თქვენი კულინარიული ექსპერიმენტებისთვის.