“მკურნალი აღმოსავლეთიდან” ან ნაყოფი, რომელიც გვირგვინით თავად ბუნებამ შეამკო.

517
ფოტო: Disha Sheta: Pexels

ბროწეული მისი გემოს და ნაყოფის თავზე ცეცხლოვანი წითელი გვირგვინის გამო უძველესი დროიდან ყველა ნაყოფის მეფედ ითვლებოდა. ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის ნამდვილად ბუნების საჩუქარია.

ბროწეული ყველასთვის სასარგებლოა

სამკურნალო მიზნით ბროწეულს ძალიან დიდი ხანია იყენებენ. ძველი ეგვიპტელი, რომაელი და ბერძენი ექიმები, მათ შორის „მედიცინის მამა“ ჰიპოკრატე და ავიცენი თვლიდნენ, რომ ის ძალიან ძლიერი ნაყოფია. ბროწეულის მარცვლები შეიცავს ვიტამინებს, უჯრედისს, მინერალურ ნივთიერებებს და მიკროელემენტებს: კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, მანგანუმი, ნატრიუმი. ის 60% წვენს იძლევა, რომელიც გლუკოზას, ფრუქტოზას, ორგანულ მჟავებს (ლიმონის მჟავის უპირატესობით), წყალში ხსნად პოლიფენოლებს, 15 ამინომჟავას, მათ შორის 6 შეუცვლელ ვიტამინებს C, B1, B2, E, A, PP და სხვას შეიცავს. მასში უფრო მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე სხვა სასმელში.

ბროწეულის ყველა ნაწილი სასარგებლოა. მარცვლეული თაფლთან კომბინაციაში მალამოს სახით ჩირქოვანი წყლულების დროს გამოიყენება. ასევე ჰორმონალური დარღვევის, თავის ტკივილის, მაღალი წნევის და კლიმაქსის პერიოდში გაღიზიანების დროს სვამენ.

ტკბილი ბროწეულის წვენი ეფექტურია თირკმლების დაავადებების დროს, ხოლო მჟავე – თირკმლებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს. გარდა ამისა, ბროწეულის წვენს შარდმდენი, ნაღვლმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და სიცხის დამწევი მოქმედება აქვთ. მას იყენებენ ჰიპერტონიის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ, სისხლში ჰემოგლობინის მომატებული დონის დროს და როგორც ანტიცინგურ საშუალებას.

კლინიკური კვლევები დამწვრობის სამკურნალოდ ბროწეულის წვენის ეფექტურობას ადასტურებს. როგორც წესი, მისი მიღება რეკომენდებულია სტაფილოს და ჭარხლის წვენთან ერთად. წვენის მოსამზადებლად ნაყოფი ოთხ ნაწილად გაჭერით, ქერქი მოაშორეთ, მარცვლები დააცალკევეთ, წვენი გაწურეთ, გაფილტრეთ და წყალში 1:1 პროპორციით გახსენით.

თანამედროვე ოფიციალურ და ხალხურ მედიცინაში ბროწეულის ახალი მარცვლები და წვენი რეკომენდებულია როგორც ზოგადი გამაძლიერებელი საშუალება მძიმე ინფექციური დაავადებების ან ოპერაციის, ასევე სურდოს შემდეგ. გარდა ამისა, ბროწეულის საფენებს და აბაზანებს კოსმეტოლოგიაში აქტიურად იყენებენ, კერძოდ პიგმენტური ლაქების, ნაოჭების, აკნეს გასაქრობად, სახის კანის გასაღიავებლად, ფრჩხილების გასაძლიერებლად და თმის ზრდის დასაჩქარებლად. ბროწეულის წვენის და არაჟნის ნარევის (1:3 პროპორცია) ყოველდღიური გამოყენება კანს გამოკვებავს და მისი ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ბროწეულით თერაპია

დიარეა: 1 ს/კ დაქუცმაცებულ ხმელ ბროწეულის ზედა ქერქს ან 3 ს/კ ახალ ქერქს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 3 წუთით თავდახურულ ჭურჭელში ხარშეთ, გაგრილებამდე დააყენეთ. 0,25 ჭიქა თბილი ნახარში დღეში 2-ჯერ დალიეთ.

ანთებითი პროცესები და ჭრილობები: 5 გრ დაქუცმაცებულ ქერქს 100 მლ წყალი დაასხით, გადაწურეთ და 1-2 ჩ/კ ჭამამდე დღეში 3-ჯერ დალიეთ.

ანემია: 0,5-1 ჭიქა ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობა 2-4 თვე უნდა გაგრძელდეს. შემდეგ შესვენება გააკეთეთ და კურსი გაიმეორეთ.

დამწვრობა. ბროწეულის გაზავებული (10-15%) წვენი დამწვარ ზედაპირზე წაისვით და ზემოდან ნაყოფის ხმელი ქერქის ფხვნილი მოაყარეთ. ჭრილობა ღია დატოვეთ, არ შეახვიოთ.

სტომატიტი. 20 გრ დაქუცმაცებულ ხმელ ქერქს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით, 30 წუთით ადუღეთ, გადაწურეთ, საწყის მოცულობამდე მიიყვანეთ და სავლებად გამოიყენეთ.

სტრესი და უძილობა. ხმელი აპკი, რომელიც ბროწეულის მარცვლებს სექციებად ყოფს, ჩაის დაუმატეთ. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს, სტრესს ებრძვის და ძილს აუმჯობესებს.

ორგანიზმის გაწმენდა. წიდებისა და ტოქსინებისგან სისხლის გასაწმენდად წელიწადში 2-3-ჯერ 3 კვირიანი კურსი ჩაიტარეთ. კურსის პერიოდში ახალ დაწურული ბროწეულის წვენი დალიეთ. 1-ელი კვირა – 0,5 ჭიქა წვენი დღეში 3-ჯერ, მე-2 კვირა – 0,5 ჭიქა წვენი დღეში 2-ჯერ, მე-3 კვირა – ზუსტად ისე, როგორც პირველი კვირის დროს.

შეშუპება და ნაღვლის სტაგნაცია. 1/3 ჭიქა ბროწეულის წვენი როგორც შარდმდენი და ნაღვლმდენი საშუალება დალიეთ.

ცუდი მადა. 0,5-1 ჭიქა ბროწეულის წვენი დალიეთ ან ნახევარი ნაყოფი ჭამამდე 15 წუთით ადრე შეჭამეთ.

გაციება (გაზრდილი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სურდო). 1 ჭიქა ბროწეულის წვენი დალიეთ. გემოვნებით თაფლი დაუმატეთ ან ტკბილ ვაშლს და სტაფილოს წვენს აურიეთ.

ჭიები. ხალხური მედიცინა გირჩევთ, რომ ყოველდღე 30 გრ (დაახლოებით 1 ს/კ) ხმელი ბროწეულის ქერქის ფხვნილი დალიოთ და ცხელი წყალი დააყოლოთ. ან 40-50 გრ დაქუცმაცებულ ქერქს 400 მლ ცივი წყალი დაასხით, 6 საათით გააჩერეთ, შემდეგ სუსტ ცეცხლზე ადუღეთ, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. გაგრილებული ნახარში გადაწურეთ და 1 საათის განმავლობაში ყლუპობით დალიეთ. 1 საათის შემდეგ საფაღარათო საშუალება დალიეთ, 4-5 საათის შემდეგ ოყნა გაიკეთეთ.

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. იმისათვის, რომ საკვერცხეებმა ესტროგენის ჰორმონი მკაცრად ყოველთვიურ ციკლში გამოყოს, თითოეული ციკლის პირველი 7-10 დღე (თუ დარღვეულია, თვის პირველი 7-10 დღე) 1 ჭიქა ბროწეულის წვენი ყოველდღე დალიეთ.

დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტის დროს 60 წვეთი წვენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. უკვე მე-3 დღეს სისხლში შაქრის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება.

ქათმის სიბრმავე. თუ სიბნელეში ცუდად ხედავთ, ყოველდღე 1 ჭიქა ბროწეულის წვენი დალიეთ. მასში შემავალი ანტოციანინები ფოტომგრძნობიარე პიგმენტის, როდოფსინის სინთეზს ხელს უწყობს და სიბნელეში თვალის ადაპტაციას აუმჯობესებს.

ათეროსკლეროზი. დღეში 1-2 ჭიქა წვენი დალიეთ.

ქრონიკული ხველა. 1 ს/კ ბროწეულის ქერქს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და ხარშეთ, სანამ წყალი ვარდისფერი არ გახდება. 1 ჭიქა თბილი ნაყენი დალიეთ.

ყურადღება! ბროწეულის ქერქის ნაყენის, ნახარშის გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან შეიძლება მძიმე მოწამვლა, ზოგადი სისუსტე, მხედველობის დაქვეითება, გულისრევა და ღებინება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, მისი მიღების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ.

ბროწეულის წვენი დალევამდე წყალში გააზავეთ, რადგან ის ბევრ მჟავას შეიცავს, რომელიც კუჭს აღიზიანებს და კბილის ემალს აფუჭებს. ბროწეულის წვენი უკუჩვენებულია მაღალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის, წყლულოვანი დაავადებების და პანკრეატიტის დროს. გარდა ამისა, ბროწეული ქრონიკული ყაბზობის, ბუასილის და უკანა ხვრელის ნახეთქების დროს საზიანოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს