„ჩაის სოკო მომცეს. მსმენია, რომ სოკო საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის, კერძოდ ღვიძლისთვის სასარგებლოა. ჩაის სოკოს ნაყენი სწორად როგორ მოვამზადო და მივიღო? პატივისცემით, ნატალი კოსენკო“.
წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს:
ნამდვილად, ჩაის სოკო თავისი ქიმიური შემადგენლობის წყალობით ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. ის ასკორბინის, ძმრის, ვაშლის და რძის მჟავებს, თიამინს, შაქარს, ცხიმოვან მჟავებს, პურინებს და ა.შ. შეიცავს. გარდა ამისა, მასში შედის ფერმენტები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ჯერ კიდევ უძველეს დროში ჩაის სოკოს მუცლის ტკივილის, მოწამვლის და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის დროს იყენებდნენ. როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ჩაის სოკოს ნაყენი 43 სახეობის ბაქტერიისთვის დამღუპველია, განსაკუთრებით ნაწლავური პათოგენებისთვის.
ხალხური მედიცინა ჩაის სოკოს სასმელის მიღებას გირჩევთ ბევრი დაავადების დროს, მათ შორის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების, კერძოდ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ენტეროკოლიტის და გასტრიტის დროს. ის ეფექტურია ყაბზობის დროს. ქიმიური მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ კუჭის მიკროფლორას აღადგენს. დაკვირვებით დადგენილია, რომ ნაყენის 5-6 დღე რეგულარული მიღების შემდეგ ყაბზობით დატანჯული ადამიანის მდგომარეობა მსუბუქდება. ნაყენი დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს მდგომარეობას ამსუბუქებს.
ჩაის სოკოს ნაყენი ნერვულ სისტემას აძლიერებს, წნევას არეგულირებს (მაღალს – ამცირებს და დაბალს – ზრდის). კვლევამ აჩვენა, რომ იშემიური დაავადებების და ათეროსკლეროზის დროს მოტკბო-მომჟავო ნაყენი გულის არეში ტკივილს აქრობს ან ამცირებს, გულისცემის სიხშირეს არეგულირებს. სისხლში ქოლესტერინის დონე და, შესაბამისად, არტერიული წნევა მნიშვნელოვნად მცირდება. ყველაზე მეტად პაციენტები ენერგიის და განწყობის გაუმჯობესებას, ასევე ძილის დარეგულირებას აღნიშნავენ.
პოლიფენოლები, რომლითაც ჩაის სოკოს ნაყენი მდიდარია, არა მხოლოდ სოკოს და ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ იმუნიტეტს აძლიერებენ, არამედ ებრძვიან შინაგან „მტრებსაც“ – თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედებს აზიანებენ და ამით ორგანიზმის დაბერებას აჩქარებენ. გარდა ამისა, ჩაის სოკოს ნაყენი შეგიძლიათ პირის ღრუში გამოივლოთ ანგინის დროს ან ჭრილობები მოიწმინოდთ.
ჩაის სოკოს ნაყენი მაქსიმუმ ნახევარი ლიტრი შეგიძლიათ დალიოთ დღეში 1-2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ნახევარი ჭიქა ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ასევე შეგიძლიათ ძილის წინ დალიოთ.
ჩაის სოკოს მოხმარებას მკაცრი შეზღუდვა არ აქვს, მაგრამ სასურველია ნაყენის 2 თვიანი მოხმარების შემდეგ 1 თვე შეისვენოთ, რომ მჟავე სასმელით კუჭის გაღიზიანება არ გამოიწვიოთ.
ამასთან გახსოვდეთ, რომ ჩაის სოკოს ნაყენის მიღება არ ღირს კუჭის გაზრდილი მჟავიანობის და შაქრიანი დიაბეტის დროს.
მომზადების წესი მარტივია: მინის ქილაში ჩვეულებრივი ჩაი ჩაასხით, შაქარი (50-100 გრ 1 ლ-ზე) დაუმატეთ, შემდეგ სოკო მოათავსეთ. ქილას მარლა დააფარეთ და მზის პირდაპირ სხივებიდან მოშორებით დადეთ. 1,5-2 დღის შემდეგ სასმელი მზად იქნება. მე-8 დღეს სოკოს უფრო გამოხატული სამკურნალო თვისებები ექნება. სჯობს ცივი ჩაი დაასხათ, უკვე გახსნილი შაქრით. ყურადღება მიაქციეთ, რომ შაქრის კრისტალები ჩაის სოკოს ზედაპირზე არ დარჩეს და არ დააზიანოს.