რა მცენარეა “ჭყიმა-მხალი”, რომელზეც სახალხო მკურნალმა ელენა სვიტკომ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა? პატივისცემით, დ.ტ.
წერილს პასუხობს ნატუროპათი, სახალხო მკურნალი, ელენა სვიტკო.
ჭყიმა-მხალი, იგივე ჭყანა, იგივე ჭყიმა (ლათ. Anthriscus) – ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ ითვლება დასავლეთი აზია, კავკასია, მოჰყავთ იგი ყირიმში, მოლდოვაში, იმიერ კავკასიაში.
გარეგანად ჭყიმა-მხალი მოგაგონებთ ოხრახუშს, თუმცა მას უფრო თელი და ნაზი, მუქი მწვანე ფოთლები აქვს, სასიამოვნო ანისულის სურნელით. მცენარის ახალგაზრდა ფოთლები, მოკრეფილი ყვავილობამდე, შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდებს, კაროტინს, C ვიტამინს, მინერალურ ნივთიერებებს.
C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, ჭყიმა-მხალი ასტიმულირებს ღვიძლის, თირკმლების, სუნთქვითი ორგანოების ფუნქციებს, იგი რეკომენდებულია პოდაგრის დროს.
უმჯობესია, მოიხმაროთ ნედლი ფოთლები, ზამთრისთვის კი, უკიდურეს შემთხვევაში, გაყინოთ, რამდენადაც ხმელი მცენარე თითქმის სრულად კარგავს არომატს.
ახალგაზრდა, ვიტამინებით მდიდარი ფოთლები კულინარიაში სანელებლად გამოიყენება. ისინი შესანიშნავად შეავსებს სალათებს, წვნიანებს, ხორცისა და თევზის კერძებს. ფოთლები ხშირად გამოიყენება ხილ-ბოსტნეულის სალათებში, ომლეტებში, ყველთან და სხვა საკვებთან ერთად.
ჭყიმა უხდება ოხრახუშს, ღიღილოს… მწვანილი შეგიძლიათ დაუმატოთ სოუსებსა და მაიონეზს, “მწვანე” ბუტერბროდებისთვის კარაქს და სხვ.
ჭყიმა-მხლის ფესვი, რომელიც სტაფილოსა და ძირთეთრას ფესვს ჰგავს, თავისი ვიტამინური და გემოვნური მახასიათებლებით ფოთლებს არ ჩამოუვარდება. მას გამოიყენებენ წვნიანებში, სალათებში, სოუსებში, პასტებში. ამზადებენ ზამთრისთვის ისევე, როგორც ოხრახუშის, ნიახურისა და ძირთეთრას ფესვებს.