ვინ მოიფიქრა კბილები, რომლებიც ადამიანს 18-30 წლის ასაკში ამოსდის? სიბრძნის ვერაგ კბილებს ასეთი “საპატიო” სახელი იმიტომ აქვს, რომ, ჩვეულებრივ კბილებთან შედარებით, ძალიან გვიან ამოდის. ისინი მერვე, ბოლო კბილების ადგილს იკავებენ (თუ ცენტრიდან გადავთვლით).
პრობლემები სიბრძნის კბილების გაჩენის მომენტიდან შეიძლება დაიწყოს. საქმე ისაა, რომ ბოროტ “მერვეებს” არ აქვს სარძეზე წინამორბედები, რომლებიც მათი უმტკივნეულო დაბადებისთვის შესაფერის პირობებს მოამზადებდა. ამიტომ, 18-30 წლის ასაკში ამოსვლისას, როცა ყბის ძვლოვანი ქსოვილების ფორმირება დასრულებულია, სიბრძნის კბილი მნიშვნელოვან მექანიკურ წინააღმდეგობას აწყდება. უფრო ხშირად, ქვედა ყბის მერვე კბილები ქმნის პრობლემას, რადგან მათ ნაკლები თავისუფალი ადგილი აქვთ, მეზობლების გამო.
არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ შეშუპება და ტკივილი! კბილების მწკრივში ადგილის უკმარისობა დაკავშირებულია ადამიანის ევოლუციის პროცესში საღეჭი აპარატის ცვლილებებით. ყბები ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ადგილის დეფიციტის გამო, სიბრძნის კბილები კბილების ძირითადი მწკრივიდან გვერდით იხრება ან ეყრდნობა მეზობელს, რიგით მეშვიდეს, თანაც ისე, რომ ხანდახან არც კი ამოდის ღრძილიდან. კბილის გარშემო ღრძილები შუპდება, ტრავმირდება, ადამიანი ვეღარ ახერხებს პირის ფართოდ გაღებას, შესაძლებელია ტკივილი ყლაპვის დროს, ხშირია სხეულის ტემპერატურის მომატებაც.
როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში?
უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ ექიმ-სტომატოლოგს. რაც უფრო დიდხანს ივლით ანთებული ღრძილით და იმედი გექნებათ, რომ სოდით ან გვირილის ნახარშით გამოვლება შვებას მოგგვრით, მით უფრო მაღალია სერიოზული გართულების რისკი.
გახსოვდეთ: თუ კბილი თავიდანვე “ცუდ ხასიათს” ამჟღავნებს, იმის იმედით ცხოვრება, რომ დროთა განმავლობაში იგი დამშვიდდება და სწორი მიმართულებით გაიზრდება, დიდი გულუბრყვილობაა. სიმშვიდე დროებითი იქნება და იგი მომავალში უფრო დიდ უსიამოვნებებს გიქადით.
გამონახეთ დრო და მიმართეთ ექიმს. არსებობს იმის საფრთხე, რომ სიბრძნის კბილების გამო, შესაძლოა, თანკბილვა გამრუდდეს. რადგან ისინი არყევს სხვა კბილებს ნებისმიერი მიმართულებით.
სავსებით შესაძლებელია, რომ რენტგენის გადაღების შემდეგ, რაც კბილის მდგომარეობის განსაზღვრაში დაგეხმარებათ, ექიმი დაგამშვიდებთ და “ბრძენს” დამსახურებული ადგილის დაკავებაში დაეხმარება კბილების წყობაში. თუმცა, არსებობს შემთხვევებით, როცა მერვე კბილის ამოღება რეკომენდებულია, მაგალითად, ანომალიური განლაგების შემთხვევაში.