ყვავილები იმდენად მიყვარს, რომ მათი დარგვის მეშინია. ყველა მებაღედ არ დაბადებულა… ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი ჯერ კიდევ თესლის ამოცენების ეტაპზე მთავრდება. მწყინს, რომ მთელი შეკვრა თესლისგან მხოლოდ 1-2 თუ ამოცენდება და მორჩები მალევე იღუპება. სამაგიეროდ, ჩემს დედამთილს მთელი ბაღის გაშენება შეუძლია. როცა მისი საიდუმლო გავიგე, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მეცადა ჩემი საყვარელი პეტუნიას დარგვა აივანზე.
პეტუნია ზაფხულის სულია. დღეისათვის, იგი პოპულარულია ბაღის ყვავილების კომპოზიციებში, რომლებიც ზაფხულის დასაწყისიდან გვიან შემოდგომამდე ამშვენებს ბინების აივნებს, ოფისებსა და მყუდრო კაფეებს.
ბევრჯერ ვცადე ამ ყვავილის მოყვანა და ყოველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მისი თესლი ძალიან დიდ დროს ითხოვს ამოსაცენებლად. იმისათვის, რომ მცენარე ივნისში აყვავდეს, საქმეს მარტშივე უნდა შეუდგეთ. დედამთილი მცენარეს თოვლის გაშრობისთანავე რგავდა და შესანიშნავ ყლორტებსაც იღებდა.
აი, როგორ უნდა გაზარდოთ პეტუნია საშინაო პირობებში. ამ მარტივ და გენიალურ საშუალებას სიამოვნებით გაგიზიარებთ თქვენც, რათა ზაფხულში და გვიან შემოდგომაზე თქვენს თვალსა და ცხვირს ახარებდეს არომატული პეტუნიები.
როგორ დავრგოთ პეტუნია
პირველი ცდისთვის, ბაზარზე პეტუნიას იაფფასიანი სახეობის თესლი უნდა შეიძინოთ. დანარჩენ ინსტრუმენტებს სახლში იპოვით.
დაგჭირდებათ
- ნებისმიერი პლასტმასის ბოთლი თავსახურით
- მაკრატელი ან საკანცელარიო დანა
- კაპრონის კოლგოტები
- ქაფპლასტმასი
- ქოქოსის სუბსტრატი (სურვილისამებრ)
- კბილის ჩხირები
- აქტივირებული ნახშირი
- საკვები ცელოფანი ან პოლიეთილენის პარკი
პროცესი
- პლასტმასის ბოთლი ერთლიტრიანი ან უფრო დიდი უნდა იყოს. ეს იმ მცენარის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელსაც დასარგავ ჭურჭელში მოათავსებთ. გაჭერით ბოთლი ორ ნაწილად, ზედა ნაწილი კი ქვედაში ყელით ქვემოთ ჩადეთ.
- გავარვარებული მახათით გახვრიტეთ ბოთლის თავსახური ფითილისთვის, რომელიც ასე კეთდება: კაპრონის კოლგოტს მოჭერით 0.5 სმ სიგანის ნაჭერი და კარგად გაწელეთ. ეს აუცილებელია მცენარის ფესვებისთვის წყლის მისაწოდებლად. ფითილი გაატარეთ ხვრელში. დაარეგულირეთ მისი სიგრძე ისე, რომ იგი ბოთლის ქვედა ნაწილის ფსკერს ეხებოდეს.
- დაფშვენით ქაფპლასტმასი და ჩაყარეთ ბოთლის ზედა ნაწილში.
- ფითილის ზედა ბოლო თითებით დაიჭირეთ და ჩაყარეთ კოვზით ბოთლში ნიადაგი ისე, რომ სიმაღლით 5 სმ გამოვიდეს. ოდნავ დატკეპნეთ და მის ზედაპირზე მოათავსეთ ფითილი. ამის შემდეგ, დაუმატეთ მიწა ისე, რომ ბოთლის პირამდე 3-4 სმ დატოვოთ. კიდევ ერთხელ დატკეპნეთ კოვზით.
- ნიადაგის ზემოთ შეგიძლიათ მოათავსოთ ქოქოსის სუბსტრატი, რომელშიც თესლი უნდა ჩარგოთ. ეს დაიცავს თესლს სოკოვანი დაავადებებისგან. თუმცა, ეს პუნქტი აუცილებელი არ გახლავთ.
- კარგად მორწყეთ ნიადაგი თესლების დარგვამდე. კბილის ჩხირით აიღეთ თესლი და მოათავსეთ გრუნტში. 1 ბოთლში 5 ცალი საკმარისი იქნება. ისევ მორწყეთ ნიადაგი შხეფებით.
- ბოთლის ქვედა ნაწილში ჩაასხით წყალი. მისი ხშირად გამოცვლა რომ არ მოგიხდეთ, დაუმატეთ აქტივირებული ნახშირი. ახლა დააფარეთ ბოთლის ზედა ნაწილს პოლიეთილენის პარკი.
- პეტუნიას თესლი უკეთ რომ ამოცენდეს, დადგით ბოთლი 23-28 გრადუს ტემპერატურაზე, ნათელ ადგილას. მორჩების გაჩენის შემდეგ, პოლიეთილენი მოხსენით.
მებაღეებისგან ხშირად მომისმენია გადარგვის პროცედურის შესახებ. ამ დროს, მცენარე პატარადან დიდ ჭურჭელში უნდა გადაირგოს მას შემდეგ, რაც პირველი ნამდვილი ფოთლები გაუჩნდება. ამ შემთხვევაში, ეს პროცედურა საჭირო არაა. ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გაზარდოთ პეტუნიას თესლი მარტივად.
თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, უკვე მაისში ყვავილს ქოთანში, კონტეინერში ან საყვავილეში გადარგავთ.
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება ამ ყვავილთან დაკავშირებით კომენტარებში.