მაღაზიაში ნაყიდი ავოკადოს გაჭრისას, ჩვენ ვიღებთ დიდი ზომის გლუვ, ეგზოტიკური თხილის მსგავს კურკას. მისი გადაგდება, ალბათ, თქვენც გენანებათ, რადგან ამ ძვირადღირებულ ნაყოფში მისი წონა რბილობზე მეტია. აქედან ჩნდება კითხვა: როგორ ამოვაცენოთ ავოკადოს კურკა და შეიძლება თუ არა მისგან ხის გაზრდა.
ერთი შეხედვით, შეიძლება ეს პროცესი გერთულოთ, შეუძლებლადაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა შეცდებით, რადგან ახლა ჩვენი რედაქცია გასწავლით ავოკადოს კურკისგან დეკორატიული ხის გაზრდას, თანაც დაწვრილებითი ინსტრუქციით.
როგორ დავრგოთ ავოკადოს კურკა
კურკის ამოცენება
- შეიძინეთ მწიფე ავოკადოს ნაყოფი. გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკა. დარგვისთვის გამოსადეგია დიდი ზომის კურკა, რადგან მასში მეტი მკვებავი ნივთიერებაა.
- შემდეგ კარგად გარეცხეთ იგი გამდინარე წყლის ქვეშ. ეს აუცილებელია, რათა კურკას მოშორდეს რბილობის ნარჩენები, შესაბამისად, შემცირდეს ობის გაჩენის რისკი.
- გახვრიტეთ კურკა 3 მმ სიღრმეზე 3 ადგილას, კბილის ჩხირების გამოყენებით, ბლაგვი მხარით კი წყალში მოათავსეთ (ისე, რომ კბილის ჩხირები წყლით სავსე ჭურჭლის ყელზე გაჩერდეს, კურკის ქვედა ნაწილი კი წყალში იყოს). გახვრეტილი ადგილები წყალს არ უნდა შეეხოს.
- 3-6 კვირის შემდეგ, კურკის ზედა ნაწილი გახმება. თავიდან გაჩნდება ნახეთქები, რომელთაგან ფესვები იწყებს გამოზრდას. დროთა განმავლობაში, კურკიდან ღერო ამოვა.
- ფესვები მუდმივად წყალში უნდა იყოს. როცა მცენარე 4-5 სმ სიმაღლეს მიაღწევს, იგი გადასარგავად მზად იქნება.
კურკის გადარგვა
- ჯანჯაფილის მსგავსად, ავოკადოს არ უყვარს ზედმეტი სითხე. აი, როგორ უნდა დარგოთ იგი ისე, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ: უზრუნველყავით ხარისხიანი დრენაჟი. იდეალური იქნება 20-25 სმ დიამეტრის მქონე ქოთანი. ქოთნის ფსკერზე უნდა მოათავსოთ 2-3 სმ კერამზიტის სადრენაჟო ფენა.
- გაავსეთ ქოთანი თანაბარი რაოდენობით შერეული ნეშომპალას, მსხვილი ქვიშის, ბაღის მიწისა და ტორფის ფხვიერი ნარევით.
- გააკეთეთ ნიადაგში პატარა ჩაღრმავება და ჩადეთ მასში ამოცენებული კურკა ისე, რომ მისი მესამედი მიწიდან ჩანდეს, ამის შემდეგ, მორწყეთ ჩვეულებრივი დაყენებული წყლით.
მცენარის მოვლა
- ავოკადოს ძალიან უყვარს მზე, ამიტომ ქოთანი დადეთ ისე, რომ მცენარე მაქსიმალურად დიდხანს იყოს ნათელში.
- მორწყეთ ხე ხშირად და საფუძვლიანად, ნიადაგი ყოველთვის ტენიანი უნდა იყოს, თუმცა არც ძალიან. ჭარბი მორწყვის ნიშანი გაყვითლებული ფოთლებია.
- ავოკადოს სამშობლო ტროპიკებია, ამიტომ ჰაერის ტემპერატურა იმ ოთახში, რომელშიც ავოკადო იზრდება, 16 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ზაფხულში ოპტიმალურია 22-28 გრადუსი, ხოლო ზამთარში – 18-20.
- მცენარეზე ზრუნვა მოიცავს სასუქსაც, აქტიური ზრდის პერიოდში – მარტიდან სექტემბრამდე. ამისთვის, თვეში ერთხელ გამოიყენეთ ციტრუსის მკვებავი ნარევები.
- ავოკადო ძალიან იშვიათად ყვავის, ბუნებრივ პირობებშიც კი. სახლში პირველ ყვავილებს კურკის დარგვიდან მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ იხილავთ.
- შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, ავოკადო საშინაო პირობებში ნაყოფს არ იძლევა. თუმცა, ნაყოფის გაზრდის მცირე ალბათობა მაინც არსებობს.
- ხე ნაყოფიერი რომ იყოს, სასურველია ორი ან მეტი ხის ქონა სახლში. ეს ჯვარედინი დამტვერვისთვისაა საჭირო.
ახლა უკვე იცით, როგორ უნდა დარგოთ ავოკადოს კურკა და გაზარდოთ მისგან ხე. შეიარაღდით მოთმინებით და ტროპიკული მეგობარი თქვენს სახლში სიმყუდროვეს, მკვეთრ სიმწვანესა და, თუ გაგიმართლათ, სასარგებლო ნაყოფს შემოიტანს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს