მეტი დასარგავი მასალის მისაღებად და ძველი მცენარეების გასაახალგაზრდავებლად, ნაადრევ გაზაფხულზე გეორგინების დამყნობა კარგი საშუალებაა.
გეორგინას ბოლქვისებრი ფესვები შეგიძლიათ ამოსაცენებლად და კალმების მისაღებად თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში დათესოთ. ამ დროისათვის, ფესვის ყელზე მძინარე კვირტები ზრდისთვის უკვე მზად იქნება.
როგორ მოვამზადოთ გეორგინას ბოლქვები დასარგავად
დაათვალიერეთ გეორგინას ბოლქვები. ზედმეტად დიდი ზომის ბოლქვები უნდა გაჭრათ. თითოეული ნაჭერი უნდა შედგებოდეს ფესვის ყელის ნაწილისგან, რამდენიმე მძინარე კვირტით, და 2-3 მსუქანი, ხორციანი ფესვისგან.
სუბსტრატის სახით, შეგიძლიათ ტორფისა და ქვიშის (1:1), ტორფისა და ნახერხის (1:1), ქოქოსის ბოჭკოს ნაზავის გამოყენება. არ ჩადოთ ღრმად ფესვის ყელი, რომელზეც განახლების კვირტებია თავმოყრილი. ჭარბად მორწყეთ სუბსტრატი დარგვის შემდეგ, ეცადეთ, წყალი არ მოასხათ ბოლქვებს.
გეორგინას გაზრდის პირობები
დადგით გეორგინას ნერგების ქოთანი ნათელ ფანჯარასთან ახლოს. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურა 20-22 გრადუსია. ზემოდან ბოლქვებს პერიოდულად უნდა შეაშხეფოთ წყალი, რათა კვირტებიდან მორჩების ზრდა დააჩქაროთ. როცა კვირტები ზრდას იწყებს, შეზღუდეთ მორწყვა, აცადეთ სუბსტრატს 3-4 სმ სიღრმეზე გამოშრობის საშუალება, მორწყვებს შორის. ტემპერატურა შეგიძლიათ 15-18 გრადუსამდე შეამციროთ. ამისთვის, შეგიძლიათ შუშის ფანჯარასთან ერთი რაფა გამოყოთ. ფანჯრიდან შემოსული ცივი ჰაერი ამ ჩაკეტილ სივრცეში გაჩერდება.
გეორგინას დამყნობისთვის ხარისხიანი ნერგის მისაღებად, მათ დილის 8 საათიდან 12 საათის განმავლობაში უნდა ანათებდეს შუქი. ამისთვის სავსებით საკმარისია თბილი განათების ჩვეულებრივი ნათურა, მცენარიდან 30-40 სმ სიმაღლეზე მოთავსებული. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, გეორგინების დამყნობა შეგიძლიათ 1 თვით გადადოთ…
გეორგინას დამყნობა
დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როცა მორჩები სიგრძეში 8-10 სმ-ს მიაღწევს, შეუდექით დამყნობას.
- გეორგინას ნერგები შემდეგნაირად მზადდება: ბასრი დანით მოჭერით ან გადატეხეთ ნერგები ქუსლთან (ფესვბოლქვის ნაწილთან) ერთად. ეს უკანასკნელი გაცილებით უკეთ ფესვიანდება. პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილეთ ძლიერ, მსუქან მორჩებზე, ისინი უკეთ დაფესვიანდება და მომავალშიც უკეთ განვითარდება.
- ბასრი დანითვე ფრთხილად გააცალეთ მორჩს ბოლქვი, ამ დროს ხელით უნდა გეჭიროთ ფესვის პატარა ნაჭერი – ქუსლი.
- გააკეთეთ ჭრილი ფოთლოვანი კვანძის ქვეშ, ფოთლების ღეროებიდან 3-5 მმ-ს მოშორებით – ასე იგი უფრო სწრაფად გამოიღებს ფესვებს. თუ მორჩები ერთმანეთთან ახლოს, ბოლქვზეა თავმოყრილი, შეგიძლიათ ერთბაშად ნერგების მთელი ჯგუფი მოჭრათ, შემდეგ კი დაყოთ რამდენიმე კალმად.
- გეორგინების დასარგავი მასალის უკმარისობის დროს, შეგიძლიათ უფრო სუსტი მორჩების გამოყენებაც. მთავარია, თუნდაც პატარა, რამდენიმე მმ სისქის ფესვი ამოაყოლოთ.
- კალმის მომზადებისას ზედმეტად ნუ გაერთობით – ბოლქვი ხომ თვითონ ყვავილის გასაზრდელადაც უნდა გამოვიყენოთ. ეცადეთ ფესვის ყელიდან მოშორებული მორჩები აიღოთ.
- ქვედა ფოთლები გააცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ღეროები. კალმების ფუძეს მიაყარეთ დაფესვიანების სტიმულატორი (კორნევინი) და მოათავსეთ 1.5-2 სმ სიღრმეზე, სპეციალურ ჭურჭელში, რომელიც სუბსტრატით უნდა იყოს სავსე. ეს შეიძლება იყოს ნეიტრალური ტორფისა და ქვიშის 2:1 ნარევი ან სუფთა პერლიტიც კი.
- თითებით ნაზად დატკეპნეთ ნიადაგი კალმის ფუძის გარშემო, მიწასთან უკეთესი შეხებისთვის. თუ გეორგინას ბევრი კალამი გაქვთ, შეგიძლიათ საერთო დიდ კონტეინერში ჩარგოთ. მთავარია, ისინი 45 გრადუსამდე დახრილობით ჩარგოთ, ისეთი სიმჭიდროვით, რომ ფოთლები ერთმანეთს არ შეეხოს. დაახურეთ პოლიეთილენის პაკეტი ან გამჭვირვალე თავსახური, მორწყეთ ნიადაგის ზედა ფენის გაშრობასთან ერთად, პერიოდულად გაანიავეთ, დაფერთხეთ კონდენსატი თავსახურიდან. გეორგინას კალმის დაფესვიანებისთვის ოპტიმალურია 20-25 გრადუსი ტემპერატურა.
ფოთლების კუთხეებთან არსებული კვირტებიდან, რომლებიც დედა-მცენარეზე დარჩა, გაიზრდება ახალი მორჩები, რომლებიც 2-2.5 კვირაში შეგიძლიათ კალმებად გამოიყენოთ. პრინციპში, დამყნობა აპრილამდეც გაგრძელდება, კალმები როგორც ფესვიდან ამოწვერილ მორჩებს, ისე თავად დაფესვიანებულ კალამსაც შეგიძლიათ მოაჭრათ.
თუმცა, ფესვბოლქვმა, რომელსაც კალმები გამოიღებს, ამ სეზონის ყვავილობისთვის ნერგები უნდა გამოიღოს, ამიტომ მხოლოდ კალმებზე ნუ იფიქრებთ. დადგით უკვე ნერგად ქცეული მცენარეები გრილ (14-16 გრადუსზე) და ნათელ ადგილას, ბაღში გადარგვამდე. აუცილებლობისამებრ, გაზრდილი მორჩები მიამაგრეთ საყრდენზე.
გეორგინას კალმების მოვლა
დამყნობის ადრეულ ეტაპზე, კალმებს 12-საათიანი სინათლე სჭირდებათ (თბილი განათების ნათურა მოათავსეთ კალმის წვეროდან 50 სმ-თი ზემოთ). 2-3 კვირაში, დაფესვიანებული კალმები შეგიძლიათ ცალკე 9 სმ დიამეტრის ქოთნებში ჩარგოთ, ჩააღრმავოთ, ქვედა ფოთლებამდე.
თუ დაფესვიანების დროს კალამი ძალიან გაიწელა, ინდივიდუალურ ქოთანში დარგვისას, იგი ჩხირებს უნდა მიამაგროთ, ბაღში გადარგვამდე ძალიან რომ არ გამრუდდეს.
დაამაგრეთ სახეობის სტიკერები და ბაღში გადარგვამდე დადგით ოდნავ უფრო გრილ, 15-17-გრადუსიან ოთახში. თანდათან შეაჩვიეთ მცენარე გარემოს. ამისათვის, თუ ამინდი საშუალებას იძლევა, დილაობით გაიტანეთ კალამი ჯერ დახურულ ლოჯში, შემდეგ აივანზე, თანდათან გაზარდეთ ჰაერზე ყოფნის დრო. აუცილებლად დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. მცენარე რეგულარულად უნდა მორწყოთ.
ბაღში დარგვამდე სასურველია მცენარის 2-3-ჯერ შესუქება (დაახლოებით, თვეში ერთხელ). შეგიძლიათ ორგანული და მინერალური სასუქები ერთმანეთს ჩაანაცვლოთ, 10-15 გ/10 ლ წყალზე.
გეორგინას გადარგვა ბაღში
კალმებისგან მიღებული მცენარეები მიწაში მაშინ უნდა დარგოთ, როცა ყინვის საშიშროება აღარ იქნება (ივნისისთვის). დარგვის დროს, ჩააღრმავეთ კარგად განვითარებულ პირველივე ფოთლებამდე.
ამ დროისთვის, როგორც წესი, ნერგებს უკვე კარგი ფესვთა სისტემა ექნებათ განვითარებული. თუმცა, თუ გადარგვის დროს ფესვი დაზიანდა, ნუ იღელვებთ, ამ ეტაპზე მცენარე კარგად იტანს გადარგვას.
ნერგები მორწყეთ, თითოეულ დასარგავ თხრილში ჩაამაგრეთ საყრდენი (ბამბუკის, ხის ან პლასტმასის ჯოხი) ნერგების მისამაგრებლად. ეს მოგვიანებით უნდა გააკეთოთ, თუმცა მცენარის გაზრდის შემდეგ, ფესვის დაუზიანებლად საყრდენის ჩარჭობა რთული იქნება.
მცენარე წელსვე აყვავდება – ამ ფოტოზე იმ ბუჩქის ყვავილობაა ასახული, რომელიც კალმით მიმდინარე სეზონზე გავზარდე.