რა შეიძლება იყოს საკუთარი ხელით მოყვანილ, 1 წუთის წინ მოწყვეტილ ბოსტნეულზე უკეთესი? როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ აგარაკისა და მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის კი არა, ქალაქის ბინის მეპატრონეებისთვისაცაა შესაძლებელი. სცადეთ კიტრის მოყვანა აივანზე. ხოლო, თუ სპეციალურ აივნის ჰიბრიდებს გამოიყენებთ, პროცესი არამხოლოდ გასართობი, არამედ მარტივიც იქნება.
კიტრის გასაზრდელად გამოგადგებათ აივანი, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. სახლის ჩრდილოეთ მხარეს მცენარისთვის სინათლე არასაკმარისი იქნება. თუ სახლი ქარიან ადგილზეა, ხოლო აივანი შემინული არაა, უარი თქვით ამ იდეაზე – კიტრი ვერ იტანს ორპირს.
როგორ გავზარდოთ კიტრი აივანზე
1. კიტრის თესლი
აუცილებლად წაიკითხეთ აღწერა შეფუთვის უკანა მხარეს. იქ უნდა ეწეროს, რომ კიტრის აღნიშნული სახეობა აივანზე მოყვანისთვისაა განკუთვნილი, ჩრდილამტანია, აქვს კომპაქტური ნაყოფი, ლიანებს მოკლე თანაკვანძედები აქვს, არ მოითხოვს დამტვერვას: F1 ქალაქის კიტრი, F1 აივნის, F1 ბალაგანი, F1 ბერენდეი, F1 კურაჟი, F1 მანული.
2. კონტეინერი კიტრის დასათესავად
კიტრის დასათესავად უნდა შეარჩიოთ ქოთანი ან აივნის დიდი ყუთი სადრენაჟო ხვრელებიბთა და წყლის დასაგროვებელი ლანგრით. უმჯობესია, აირჩიოთ ნათელი ფერისა, მზეზე რომ არ ხურდებოდეს.
კიტრის დასარგავად შეიძლება 5- ან 8-ლიტრიანი ბოთლების გამოყენება. დარგვამდე მათაც აუცილებლად უნდა გაუკეთდეს სადრენაჟო ხვრელები.
3. ბოსტნეულის უნივერსალური ნიადაგი და სხვა აუცილებელი კომპონენტები
როგორც წესი, ასეთი ნიადაგის შემადგენლობაშია ზედაპირული ტორფი და პერლიტი.
- სადრენაჟოდ შეიძლება წვრილი კერამზიტის გამოყენება;
- 1 ლ ბოსტნეულის თხევადი სასუქი;
- ლიტრიანი პულევეზატორი;
- თეთრეულის თოკის დამჭერი;
- თეთრეულის ბაწარი.
კიტრის დათესვა და დარგვა
კიტრის თესლი შეგიძლიათ აპრილში, მაის სდასაწყისში, გრძელ დღეს დარგოთ, როცა მცენარეს დამატებითი განათება არ სჭირდება. თუ კიტრს უფრო ადრე დარგავთ, ბუტონიზაცია მცენარის ოთახში ყოფნის დროს დაემთხვევა, მორჩების ნაწილი დაეცემა, ლიანები ძლიერ გაიწელება, რადგან ოთახი მათთვის ბნელია, აივანზე კი მცენარის გატანა ადრეა. თანამედროვე ჰიბრიდები, როგორც წესი, მალე მწიფდება – მორჩებიდან ნაყოფის მოსხმამდე 45-50-დღიანი ინტერვალია.
1. როგორ მოვამზადოთ ნიადაგი კიტრის დასარგავად
კიტრს უყვარს მსუბუქი, ნაყოფიერი ნიადაგი. უმჯობესი იქნება, თუ ნაცნობ მეაგარაკეებს ბაღის მიწას ან დამპალ კომპოსტს სთხოვთ და შეურევთ ბოსტნეულის ნაყიფ ნიადაგსა და პერლიტს (4:1:1). თუ ამის საშუალება არაა, გამოიყენეთ მზა უნივერსალური ნიადაგი ბოსტნეულისთვის, 6.3-6.8 pH მჟავიანობით.
კიტრის ლიანები სრულყოფილად რომ განვითარდეს, ნიადაგის ხარჯი 1 მცენარეზე დაახლოებით 5 ლ ნიადაგი უნდა იყოს. დათესვამდე, დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მომზადებულ ნიადაგს უნდა ჩაუტაროთ დეზინფექცია ნებისმიერი მოსახერხებელი საშუალებით: დაორთქლოთ მდუღარე წყალზემოთ, შეურიოთ ფუნგიციდი, გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში.
2. როგორ დავთესოთ კიტრი
კიტრის მორჩები მყიფეა, ამოცენებული თესლის დათესვა – რთული, ამიტომაც, რეკომენდებულია მშრალი თესლის დარგვა, რომელიც ორი დღე მაცივარში იდო. მსხვილი მწარმოებლები გვთავაზობენ დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ დამუშავებულ თესლს, ამიტომ, თუ თესლის გარსი შეღებილია, ესე იგი, დარგვამდე მისი დეზინფიცირება საჭირო არაა.
კონტეინერის ცენტრში, კედლებიდან 15 სმ დაშორებით, გააკეთეთ ერთმანეთისგან 30 სმ-თი დაშორებული თხრილები. თავის დაზღვევის მიზნით, ერთ თხრილში ორი თესლი მოათავსეთ. ღრმა თხრილი საჭირო არაა, 1.5-2 სმ სავსებით საკმარისია. დაახურეთ ნარგავებს ცელოფანი, პლასტმასის პაკეტი და გააჩერეთ კონტეინერი თბილ, ნათელ რაფაზე, 24-26 გრადუსზე.
3. კიტრის ნერგების გაზრდა სახლში
თუ კიტრის ყველა თესლი ამოცენდება, მოაშორეთ ყოველი ნარგავიდან სუსტი მორჩი ნიადაგის ზედაპირთან ახლოს, ბასრი დანით, ამოუგლეჯავად. ზედაპირის გახმობის მიხედვით, თანაბრად მორწყეთ ნიადაგი ოთახის ტემპერატურის წყლით, შხეფიანი ბოთლის გამოყენებით.
მორჩები მე-4-მე-6 დღეს უნდა გაჩნდეს და დაფარებული ცელოფნის მოხსნაც უკვე შესაძლებელი იქნება. ამის შემდეგ, სასურველია ჰაერის ტემპერატურა 20-24 გრადუსზე, ხოლო ნიადაგის – 18-20-ზე შეინარჩუნოთ.
მტკიცე 15 გრადუსის მიღწევის შემდეგ, დადგით მცენარე სახლის ყველაზე ნათელ ფანჯარასთან, მორწყეთ ნიადაგის ზედა ფენის გაშრობის მიხედვით. 10-20 დღის შემდეგ, მცენარის 2-3 ფოთლის გამოღების ფაზაში, მცენარე მზადაა სიცივესთან შეჩვევისთვის. ამისათვის, დატოვეთ იგი დღისით ღია სარკმელთან, უქარო ამინდში, მიაჩვიეთ მზის პირდაპირ სხივებს, დილის თბილი 10-11 საათიდან.
მცენარის აივანზე გადატანა მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ყინვის საშიშროება ჩაცხრება, ან ყურადღებით იყავით მეტეოპროგნოზებთან, რათა დროულად შემოიტანოთ მცენარე სახლში. როცა მცენარეს 2-3 ნამდვილი ფოთოლი გაუჩნდება, კვირაში ერთხელ შეასუქეთ ნერგის კომპლექსური სასუქის ხსნარით. 5 ფოთლის ფაზაში, მორწყეთ კიტრი კვირაში ერთხელ კიტრის სასუქის ხსნარით, ნიადაგის სრულ ჩალბობამდე, ნახევარი კონცენტრაციით, მცენარეზე არანაკლებ 250 მლ.
4. როგორ მივამაგროთ მცენარე საყრდენს
5 ფოთლის ფაზაში მცენარეს, საყრდენის გარეშე, უკვე უჭირს. საკუთარი სიმძიმით რომ არ გადატყდეს, დროებით საყრდენად მოათავსეთ თითოეულ კონტეინერში პლასტმასის ჯოხი, რომელიც ხვიარა მცენარეებისთვისაა განკუთვნილი.
6-8 ფოთლის გაჩენა იმის ნიშანია, რომ ლიანა გაჭიმულ თოკებზე უნდა მიამაგროთ. დაახლოებით 2.5 მ (აწეულ ხელზე მაღლა) სიმაღლეზე, კედელი გახვრიტეთ, მოათავსეთ მასში თვითმჭრელი დამჭერი სარეცხის თოკებისთვის, დაამაგრეთ ბაწრები, თავისუფალი დატოვეთ დაახლოებით 1.5 მ სიგრძის ერთი ბოლო (იგი ლიანების შესაკრავად გამოგადგებათ), შემოახვიეთ ლიანები გაჭიმულ თოკებს და დაამაგრეთ მსუბუქი კვანძით.
კიტრის აივანსა თუ ფანჯრის რაფაზე მოვლის საიდუმლოები
+30°С-ზე მეტი სიცხის დროს, მცენარე უნდა დაიცვათ მზის პირდაპირი სხივებისგან რამე ჩრდილით, ფოთლები რომ არ დაეწვას. ტენიანობის მომატება შესაძლებელი იქნება, თუ აივანზე მცენარის გვერდით მოათავსებთ წყლით სავსე სათლს და ყოველდღე მორწყავთ – კიტრი დიდი რაოდენობით წყალს ხარჯავს. ზრდასთან ერთად, ფესვები სადრენაჟო ხვრელებში გააღწევს, ქვედა პადონზე, საიდანაც აქტიურად შეისრუტავს წყალს.
როცა ლიანები მიმაგრების ადგილის სიმაღლეს ასცდება, შეგიძლიათ საყრდენს მოხსნათ თოკები და ახალ სიგრძეზე გაჭიმოთ. აივნის ჰიბრიდების გაკრეჭა საჭირო არაა, თუმცა, თუ ძლიერად იზრდება, შეგიძლიათ 10-12 ფოთლის ფაზაზე გაკრიჭოთ.
სიცივეების დაწყებამდე, მცენარის ქოთნებს აუცილებლად უნდა შემოახვიოთ ტომრები ან რამე თბილი ქსოვილი, ფესვები რომ არ გაეყინოს. ნაყოფის მოსხმის დასრულების შემდეგ, ლიანები შეგიძლიათ გადაჭრათ და ფესვი ამოთხაროთ. გადაყარეთ კიტრის ნიადაგი ტომარაში და შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე წელს, კონტეინერები და თოკები გარეცხეთ, გაავლეთ სადეზინფექციო საშუალებით და შეინახეთ მომავალ სეზონამდე.