ბევრმა არ იცის, რომ ტრადიციული ჩაის ბუჩქების გარდა, არსებობს უამრავი მცენარე, რომელთაგანაც არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო სასმლის მომზადება შეიძლება.
დღეს ბალახების ძალა მეცნიერებითაა დამოწმებული, ამიტომ ფიტოჩაის მირთმევა არამხოლოდ ინტუიციაზე, არამედ კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია, რომლებმაც ვიტამინების ბუნებრივი ყულაბის სასწაულმოქმედ ძალაში რწმენა გაგვიძლიერა. სამკურნალო მცენარეების ღრმა ქიმიური ანალიზების შედეგად, მათში აღმოჩნდა ამინომჟავები, ალკალოიდები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, ეთერზეთები და კიდევ ბევრი სხვა სასარგებლო ნივთიერება, რომელთა დასახელებაც რთულია.
აღნიშნულია, რომ კარგად შედგენილი მცენარეული ნაკრების გამოყენება შესაძლებელია წლების მანძილზე, უვნებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკვე დაავადებულებისთვის, რომელთა დაავადებაც ქრონიკულ ფორმაში გადავიდა. ხოლო პროფილაქტიკის მიზნით ტყის მარწყვისა და ასკილის ფოთლების ნაკრების მირთმევა ერთი სიამოვნებაა.
გაციებასთან ბრძოლისა და ვიტამინიზაციისთვის, კარგი იქნება წყალნაწყენის ჩაის მირთმევა.
წყალნაწყენი ყოველთვის ადამიანის გვერდითაა. ძველი დროიდან, იგი პირველი ფარავდა მწვანით ნახანძრალს, თავისი ყვავილებით ამშვენებდა გაუკაცრიელებულ და მიტოვებულ შენობებსა და ნაკვეთებს. მისი ფოთლებისგან შეიძლება ისეთი ჩაის მომზადება, რომელიც ჩინურს არაფრით ჩამოუვარდება. მეტიც, სპეციალურად დამუშავებული ფოთლები ჩაის ნატურალური ფოთლის გაყალბებისთვისაც გამოიყენებოდა.
არსებობს სხვა, ჩვენთვის ბავშვობიდან ნაცნობი და ვიტამინებით მდიდარი მცენარეები, რომელთა უნარიც ჩვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა. მათ ნებისმიერი მიწათმოქმედი იპოვის.
ასკილის მჩხვლეტავ ბუჩქებს წარმატებით ზრდის ბევრი მებაღე. ასკილის თითქმის ყველა სახეობა შეიცავს პოლივიტამინებს. სასურველია, ნაყოფი დანაყოთ და დაასხათ მდუღარე წყალი თერმოსში, დააყენოთ მთელი ღამით და ჩაი განსაკუთრებით სასარგებლო გახდება.
კიდევ ერთი მჩხვლეტავი წამალია ქაცვი. ფიტოჩაიში გამოიყენება მისი ყველა ნაწილი: ნაყოფი, ფოთლები, თესლი.
ჟოლოს ფოთლებისა და ნაყოფის სასწაულმოქმედი თვისება თითქმის ყველასთვისაა ცნობილი. სწორედ ამიტომაა იგი ვიტამინური ფიტოჩაიების შეუცვლელი მონაწილე.
აგრეთვე, ფართოდაა ცნობილი შავი მოცხრის, ცირცველის, ფურისულას, ჭინჭრის შესანიშნავი მატონიზებელი თვისებები.
ჩვენს ბაღებში ხშირად შეხვდებით ექინაცეასა და როდიოლას. ისინი, ვინც ვარდისფერ გვირილას ზრდიან, გაკვირვებით მიხვდებიან, რომ ეს ის ექინაცეაა, როცა აფთიაქში სამკურნალო ნაყენის შესაძენად წავლენ და ყუთზე ნაცნობ გამოსახულებას იხილავს. ექინაცეას თვისება ანთების საწინააღმდეგოა, თუმცა, იგი, როდიოლასთან ერთად, მატონიზებელ ნაკრებებშიც გამოიყენება.
მებალახეების აზრით, ამგზნები (მატონიზებელი) ჩაი უნდა მიირთვათ არა ერთი, არამედ რამდენიმე მცენარის ნაკრებისგან. ასეთი სასმლის ეფექტი გაცილებით უკეთესია, რადგან რამდენიმე მცენარის განსხვავებული მოქმედება ერთბაშად მოახდენს ორგანიზმზე გავლენას.
დაუმატეთ მატონიზებელ ნაკრებს ბადანი. თუ ამ მცენარის ფოთლებმა ზამთარი გადაიტანა, ესე იგი მათში მოხდა ფერმენტაცია და ყავისფერი ფურცლებით ორგანიზმის ტონუსის მოსამატებელი ჩაის დამზადება შეგიძლიათ. გარდა ამისა, ბადანის გამუქებული ფოთლები ავიტამინოზისგან მხსნელი საშუალებაა. 2 ფოთლით გამოვა დაუჯერებლად არომატული და სასარგებლო ჩაი.
სასიამოვნო და სასარგებლოა ნეკერჩხლის, პიტნის, ბეგქონდრისა და გვირილის ჩაიც. გარდა ამისა, პიტნისა და მელისის ფოთლებით შეგიძლიათ სხვა ნაკრებს შესანიშნავი არომატი მიანიჭოთ. მიირთვით ისინი თაფლთან ერთად.
ნაკრებში ძალიან კარგი იქნება მაყვლის ფოთლების დამატებაც. ასეთ ფიტოჩაის აქვს გასაოცარი გემო და არომატი, რბილი მოქმედება და, რაც მთავარია, არ აქვს გვერდითი მოვლენები.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს: ყველაფერი ზომიერად და საგულდაგულოდ უნდა გააკეთოთ. ფიტოჩაის სარგებელში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიწიდან უნდა მოკრიფოთ ყველაფერი, რასაც ხედავთ, და დალიოთ ნებისმიერ დროს.
- თუ მზა ფიტოჩაის შეიძენთ, დააკვირდით ვარგისიანობის ვადას. ნუ იფიქრებთ, რომ იგი უსასრულოა.
- თუ თავად მოკრიფეთ მცენარეები, გაითვალისწინეთ, რომ ნაკრების შენახვის საშუალო ვადა 2 თვეა.
ჩვენი დროის მტერი ალერგიაა. ყურადღებით შეისწავლეთ ჩაის შემადგენლობაში არსებული კომპონენტები, რათა არ ავნოთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს. თუ მათ შორის, ვინც ჩაის მოხმარებას აპირებს, ვინმე მიდრეკილია ალერგიისადმი, დაიწყეთ მიკრონაკრებით (2-3 კომპონენტით), თანდათან კი თითო ახალი ბალახი დაუმატეთ.
დაბოლოს, ორი რეცეპტი:
პოლივიტამინური პროფილაქტიკური ჩაი
2 ჭინჭრის ფოთოლი, 2 შავი მოცხრის ფოთოლი, 1 ფურისულას ფოთოლი, 1 ორფერას ფოთოლი და 5 ასკილის ნაყოფი.
საბავშვო ნაკრები
5 წილი ჩვეულებრივი თავშავას ბალახი, 2 წილი მაყვლის ფოთოლი, 5 წილი ბეგქონდრის ბალახი, 3 წილი ასკილის ნაყოფი.