სილამაზე და ჯანმრთელობა შავ მოცხართან ერთად

0
193

შავი მოცხრით ჩვენი წინაპრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას ებრძოდნენ. თუმცა, დღეს ფიტოთერაპევტები არც ისე ხშირად უნიშნავენ მას პაციენტებს, ხოლო მასზე დამზადებული პრეპარატები თითქმის არ არსებობს. რაშია მისი საიდუმლო?

შავი მოცხრის სასარგებლო თვისებები

შავი მოცხარი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას (C ვიტამინს) – 200-330 მგ 100 გ ნედლ კენკრაში, ხოლო 100 გ ოთლებში – 450 მგ-მდე. ეს ორჯერ აღემატება ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას. ამასთან, მცენარის ქსოვილებში ძალიან მცირე რაოდენობითაა ვიტამინის დამშლელი ფერმენტები. ეს უზრუნველყოფს გადამუშავებულ პროდუქტში ვიტამინების დიდი რაოდენობით შენარჩუნებას.

C ვიტამინი მძლავრი ანტიოქსიდანტია. იგი მონაწილეობს ჟანგვით-აღმდგენი პროცესების დარეგულირებაში, ცილის სინთეზში, ვიტამინ B9-ს მონელებაში (მონაწილეობს სისხლისა და სასქესო უჯრედების წარმოქმნაში), სასქესო, თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონებისა და კატექოლამინების სინთეზში.

C ვიტამინი ამცირებს კაპილარების გამჭვირვალობას, აძლიერებს ქსოვილებში აღდგენით პროცესებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება. აგრეთვე, აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ კალციუმისა და რკინის ათვისების, ტოქსიკური სპილენძის, ტყვიისა და ვერცხლისწყლის გამოდევნის უნარს.  არსებობს მეცნიერული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ასკორბინის მჟავას აქვს უნარი, დაიცვას სისხლძარღვების კედლები ქოლესტერინის მჟანგავი ფორმებისგან, შეანელოს ტვინისა და გულის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის ფორმირება.

შავი მოცხარი შეიცავს ორგანული მჟავების დღიური ნორმის 115%-ს. ისინი ხელს უწყობს საკვების უკეთეს მონელებას. კუჭის წვენის დაბალ მჟავიანობას კი ანაზღაურებს საკუთარი მარილმჟავათი.

პექტინები (ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება რთულ ნახშირწყლებს და მჟავებთან და შაქართან ერთად წარმოქმნის ჟელესებრ მასას) ნაწლავებში წარმოქმნის უხსნელ და უწყვეტ კომპლესებს კალციუმით, სტრონციუმით, ტყვიით, ეხმარება ორგანიზმს ტოქსიკური პროდუქტების განდევნაში. პექტინები თრგუნავს ნაწლავების მლპობ მიკროფლორას და არეგულირებს საკვების მონელებას.

შავი მოცხრის თესლებისგან მიიღება ომეგა-3-ისა და ომეგა-6-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით სავსე ზეთი, რომელიც შეუცვლელი კომპონენტია ქოლესტერინის მიმოცვლის პროცესში. იგი აუცილებელია კანის დამცავი ბარიერის საშენებლადაც. დერმატოლოგები ამ ზეთს ალერგიული დერმატიტის, ეკზემისა და ფსორიაზის, ხოლო კოსმეტოლოგები – კანის ჭარბი სიმშრალის სამკურნალოდ იყენებენ.

კენკრა მდიდარია კალიუმის ნაერთებითაც (350 მგ 100 გრამზე). კალიუმი გამოდევნის ორგანიზმიდან წყალსა და მარილებს, რაც ამსუბუქებს მდგომარეობას გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლების დაავადების დროს.

მოცხრის კენკრა, ფოთლები და კვირტები ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ფლავონოიდები, რომლებიც ანტიოქსიდანტური მოქმედებით 50-ჯერ აღემატება E ვიტამინის მოქმედებას) ძვირფასი წყაროა.

რეცეპტები

ნიღაბი ნორმალური კანისთვის: 10-15 მოცხრის ფოთოლს დაასხით 1/2 ჭიქა მდუღარე წყალი. 15-20 წუთში გადაწურეთ და დაუმატეთ 1 ს.კ. კენკრა. ჩაალბეთ ნაყენში რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა და დაიდეთ სახეზე 20 წუთით. ნიღბის მოხსნის შემდეგ, ჩამოიბანეთ სახე ოთახის ტემპერატურის წყლით.

ნიღაბი მშრალი კანისთვის: მშრალი, გაუწყლოებული და პიგმენტირებული კანისთვის აიღეთ მოცხრის დაჭყლეტილი კენკრა, შეურიეთ არაჟანს, კეფირს ან მაწონს თანაბარი რაოდენობით და გაიჩერეთ სახეზე 20 წუთით.

წონაში დასაკლები ნაყენი: დააქუცმაცეთ 25 გ ხმელი კენკრა ან ფოთლები, 10 გ ლიმონის რბილობი, 20 გ წითელი ყურძნის ფოთლები ან კანი, 50 გ ჭინჭრის ფოთლები. დაასხით 1.5 ს.კ. ნაკრებს 1/4 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 20 წუთით,  მიირთვით 3-4 მიღებად დღის განმავლობაში.

შეშუპების, რევმატიზმის საწინააღმდეგო ჩაი: 2 გადავსებულზ ჩ.კ. ფოთლებს დაასხით 1/4 ლ ცივი წყალი, ნელ ცეცხლზე აადუღეთ და მაშინვე გადაწურეთ. მიირთვით 2-3 ფინჯანი დღეში.

დაბალი მჟავიანობის გასტრიტის სამკურნალო ნაყენი: 20 გ ნედლი ფოთლები დააყენეთ 1 ლ თეტრ ღვინოში 15 დღით. მიიღეთ 100 გ ჭამის წინ.

ჰიპერტონიის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და ოფლმდენი საშუალება: აიღეთ 3 ს.კ. დაქუცმაცებული კენკრა და 1/4 ლ წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 4-5-ჯერ.

საერთოგამაძლიერებელი ნაყენი: 2 ჩ.კ. თანაბრად აღებული მოცხრის, მოცვისა და ანწლის ნაყოფების ნარები და 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ დილა-საღამოს, მძიმე ინფექციური დაავადებების შემდეგ, ქრონიკული გადაღლილობის დროს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი