ასკილის სასარგებლო თვისებები და საუკეთესო რეცეპტები

0
3283
ფოტო: David J. Stang on wikimedia

ასკილის გამოშრობილი ნაყოფი სამკურნალო საშუალებად გამოიყენება. ასკილის სასარგებლო თვისებები ხალხურ მედიცინაში ავიტამინოზის, სურავანდის, სისხლნაკლებობის, ღვიძლის, კუჭის, თირკმლების დაავადებების, ნელა შეხორცებადი ჭრილობების მოტეხილობის, ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. ასკილის ვიტამინებით სავსე ნაყოფი ძვირფასი ნედლეულია ვიტამინური სიროფის მისაღებად, რომელიც გაციების პროფილაქტიკისთვის საუკეთესოა. დღეს გასწავლით, როგორ უნდა გამოაშროთ, შეინახოთ და მოამზადოთ ასკილის სამკურნალო ნაყოფი.

რითაა სასარგებლო ასკილი

გარდა C ვიტამინის რეკორდული რაოდენობისა, ასკილი შეიცავს პექტინებს, ფლავონოიდებს, მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს. ბავშვებისთვის იგი განსაკუთრებით სასარგებლოა კაროტინის მაღალი შემცველობის წყალობით – ისინი მიიღებენ ზრდისთვისა და განვითარებისთვის აუცილებელ A ვიტამინს. B2, E ვიტამინები და კაროტინოიდები აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას, დადებითად მოქმედებს ნახშირწყლების მიმოცვლაზე.

თუმცა, ასკილის მოხმარება არ შეიძლება მათთვის, ვისაც თრომბოფლებიტი, მომატებული თრომბწარმოქმნა, ენდოკარდიტი, გულის უკმარისობა და გულის სხვა ზოგიერთი დაავადება აწუხებს, რამდენადაც იგი სისხლის შედედებადობას ზრდის. ასკილის მოხმარება არ შეიძლება გასტრიტისა და წყლულის დროსაც. აგრეტვე, ჰიპერტონიკებისთვის აკრძალულია სკილის სპირტიანი ნაყენის მიღება. ჰიპოტონიკებისთვის, პირიქით, ასკილის ნახარში არაა რეკომენდებული.

როგორ გამოვაშროთ და შევინახოთ ასკილი

მოკრეფილი ნაყოფი დაუყოვნებლივ უნდა გამოაშროთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, დაყარეთ ნაყოფი პერგამენტზე 1 ფენად და გააჩერეთ არაუმეტეს +15 °С ტემპერატურაზე, ოთახში.

გამოშრობის ხანგრძლივობაზე დამოკიდებულია C ვიტამინის შენარჩუნება. სუფთა ჰაერზე ნაყოფი ცუდად ხმება – ისინი საკმაოდ წვნიანია, შემოდგომაზე კი მწე არც ისე გვანებივრებს სითბოთი. ეს პროცესი აეროგრილში ან სპეციალურ საშრობშიც ხანგრძლივი იქნება. საუკეთესო საშუალებაა ღუმელი – 8-10 საათით.

ნაყოფი უნდა გადაარჩიოთ, გადაყაროთ გაფუჭებული, დაყაროთ საცხობ ლანგარზე და შედგათ 40 °С ღუმელში 2 საათით. შემდეგ ტემპერატურა გაზარდეთ 60 გრადუსამდე კიდევ ორი საათით, გამოშრობის დასრულებამდე კი 80 გრადუსზე უნდა გააჩეროთ. ღუმელის კარი ოდნავ შეღებული უნდა იყოს. გამოშრობის დასრულების შემდეგ, გამოიღეთ ლანგარი და ნაყოფი გააგრილეთ.

ვიტამინებით სავსე სასმელი ასკილისგან

ასკილისგან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, ემალის ქვაბში 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა წყალი, დაახურეთ, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე არაუმეტეს 10 წუთით. ნახარში დააყენეთ 3 საათით, მიღებამდე გადაწურეთ. მიირთვით 1/4-1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ (ჭამამდე 30 წუთით ადრე).

რა მოვამზადოთ ასკილით

ასკილის “წვენი”

ეს უბრალოდ ნახარშია, თუმცა, რეცეპტი ხშირად ფიგურირებს სამკურნალო კვების ნაკრებებში, როგორც წვენი. ნედლი ნაყოფი გარეცხეთ, გააშრეთ, გააცალეთ თესლი. მოხარშეთ ცოტაოდენ წყალში, დარბილებამდე. ათქვიფეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 კგ პიურეს 1 ლ წყალი და 0.5 ჭიქა ცაცხვის თაფლი. მასა აადუღეთ, გადაწურეთ, გადაანაწილეთ სტერილულ ქილებში და მოხუფეთ. სასმელი შეგიძლიათ ბნელ, გრილ ადგილას ან მაცივრის კარზე შეინახოთ.

ჯემი

ასკილის ჯემი ძალიან გემრიელი, ლამაზი და სასარგებლო გამოდის, მისი გამოყენება შეიძლება როგორც გულსართად, ისე დამოუკიდებელ დესერტადაც. ასკილის ნედლი ნაყოფი გადაარჩიეთ, მოაშორეთ ზედმეტი ნაწილები, გარეცხეთ, გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი და ბუსუსები. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ ნედლეული დაიფაროს, და ხარშეთ ნელ ცეცხლზე დარბილებამდე, გადადეთ საწრეტზე. ცხელი ნაყოფი დაჭყლიტეთ საცრის გავლით. პიურეს ნაწილი შეგიძლიათ გაყინოთ ფორმებში, ზამთარში სასმელების მოსამზადებლად. მეორე ნაწილით მოამზადეთ გემრიელი ჯემი. ამისთვის გადაწურეთ მასა წვრილ საცერში და ხარშეთ მომზადებამდე, 1:1 შაქრის დამატებით. გადაანაწილეთ მომზადებულ ქილებში, დაახურეთ თავსახური და გაატარეთ პასტერიზაცია 20 წუთით. მოხუფეთ ქილები (1 კგ ასკილი, 700 გ შაქარი, 200 მლ წყალი).

პასტილა

ბუსუსებისა და თესლისგან გაწმენდილი ნაყოფი ათქვიფეთ ბლენდერში შაქართან და კვერცხის ცილასთან ერთად, ჩაასხით პერგამენტდაფენილ ფორმებში, და გამოაცხეთ ღუმელში. გააგრილეთ და ჩაალაგეთ ორცხობილების თუნუქის კოლოფში. ჩვეულებრივ, შენახვა პრობლემური არაა (1 კგ მომზადებული ნაყოფი, 800 გ შაქარი, 1 კვერცხის ცილა).

ასკილის თესლის “ყავა”

ძახველისა და ასკილის დაფქული თესლი ძალიან სასარგებლოა. გემოთი ისინი მოგაგონებთ რკოს ყავას ან ვარდკაჭაჭას სასმელს.

ასკილის თესლი გარეცხეთ, ღუმელში გამოაშრეთ თხილის მსუბუქი არომატის გაჩენამდე, 100 გრადუსზე. გააგრილეთ და შეინახეთ ჰერმეტულ შუშის მუქ ქილაში. 1 ყავის ფინჯანს 1 ს.კ. დაფქული თესლი ეყოფა. თავად სასმელი დაფქული ყავის მსგავსად – ჯეზვეში მზადდება.

ასკილის სასარგებლო ზეთი

ასკილის ნაყოფისგან მიიღება ზეთი, რომელსაც გარეგანად იყენებენ ტროფიკული წყლულების, ეკზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ესაა არაჩვეულებრივი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, ეფექტურია მშრალი კანის დასახმარებლადაც. რამდენიმე წვეთი ზეთი მსუბუქად შეიზილეთ სუფთა კანში. მის მოსამზადებლად, გამოშრობილ ნაყოფს გააცალეთ თესლი, აქციეთ რბილობი ფხვნილად და შეურიეთ ზეითუნის ან მცენარეულ ზეთს (1 წილი ასკილი 3 წილ ზეთზე). დააყენეთ მუქ ჭურჭელში 2 კვირით, პერიოდულად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ, გადაანაწილეთ მოსახერხებელ ფლაკონებში, შეინახეთ მაცივრის კარზე.

ასკილის ზეთის გამოყენება შეგიძლიათ საკვებადაც, უბრალოდ დაუმატეთ საყვარელ კერძს. ეს გამოცდილი საშუალებაა ზამთრის ავიტამინოზის წინააღმდეგ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი