შავი ლაქიანობა – ვარდის ფოთლების ყველაზე გავრცელებული დაავადება. ფოთლების ზედა მხარეზე ჩნდება მომრგვალო, ერთმანეთში გადახლართული, კაშკაშა მოწითალო-ყავისფერი ან თითქმის შავი ფერის ლაქები. ზოგჯერ ყლორტებიც ზიანდება. დროთა განმავლობაში ლაქებზე შავი წინწკლების სახით სპორები ვითარდება, ფოთლები ყვითლდება და ნაადრევად ცვივა. შედეგად – ყვავილების ბუჩქი დეკორატიულ მხარეს სრულად კარგავს, ყლორტები ცუდად ვითარდება. ინფექცია მცენარეულ ნარჩენებსა და დაზიანებულ ყლორტებზე ნარჩუნდება.
აღწერა
სოკოვანი დაავადება, რომელსაც იწვევს სოკო Marssonina rasae. ის კონიდიუმის სახით დაცვენილ ფოთლებსა და ყლორტებზე იზამთრებს. გაზაფხულის დასაწყისში ნესტიან ამინდში, ნეკროზულ ქსოვილზე ან სუსტ მცენარეზე მისი ნაყოფიერი სხეული ვითარდება. შემდეგ გაზრდილი ტენიანობის (დაახლოებით 86%) და დაახლოებით +8°C ტემპერატურის პირობებში ტენის წვეთებით სპორები ვრცელდება – ძირითადად, ნამით, წვიმით, მორწყვის დროს. ზიანდება ახალგაზრდა ფოთლები და ყლორტები, იშვითად ჯამის ფოთლები. დაავადების ნიშნები ივლისის დასაწყისში ვლინდება. მაშინ ცხადი ხდება, თუ რატომ ეწოდა დაავადებას ასეთი სახელი.
დაინფიცირებიდან 5-10 დღეში ფოთლები არათანაბარი, სწრაფად გაფართოებული მოშავო-ყავისფერი ლაქებით (დაახლოებით 5-15 მმ) იფარება, ზოგჯერ ყვითელი კიდეებით. ასეთი ლაქები შეგიძლიათ ახალგაზრდა ყლორტებზე აღმოაჩინოთ. დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ცვივა. ძლიერ დაზიანებულ ბუჩქს ფოთლები პრაქტიკულად სრულად სცვივა და შიშველი რჩება. სპორების განვითარება მთელი ვეგეტაციური სეზონის განმავლობაში ხდება, ამიტომ მოსალოდნელია დაავადების განმეორებითი აფეთქება.
ახალგაზრდა მცენარისთვის განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ფოთლების დაკარგვის შემდეგ ძლიერ სუსტდება, ზრდას აფერხებს და შედეგად შეიძლება გაიყინოს ან ზამთარში ძლიერ დაზიანდეს.
ფაქტორები
დაავადების სიმძიმეს, ასევე მის მიმართ გამძლეობას შერჩეული ჯიში განსაზღვრავს. მწარმოებლების უმეტესობა სახეობის აღწერაში აღნიშნავს, რომ მცენარე შავი ლაქიანობის მიმართ გამძლეა. მაგალითად, გერმანული ფირმის კორდესის კატალოგში სიტყვის „sternrusstau” ახლოს 3 ვარსკვლავი იქნება დახატული. სელექციონერების მიხედვით, რამდენი მათგანიც არის დახატული, იმდენად არის გამძლე სახეობა. მაგალითად, სახეობა „Romanze”, “Schneewittchen”, “Maiden’s Blush”, “Bernstein Rose”, “Leonardo da Vinci” კლასიფიცირდება, როგორც სუსტ გამძლედ. თანამედროვე ჰიბრიდები, როგორც წესი, ძველ ვარდებზე უფრო გამძლეა (კოლექციონერების აზრით, ბევრი ბურბონის ვარდი და ფეტიდის ვარდის ჰიბრიდი შავ სიაში შედის).
გავლენას ახდენს დარგვის ადგილი – ძლიერ დატვირთულ ნაკვეთზე, სადაც ფოთლებიდან ტენი ცუდად ორთქლდება, დაავადება უფრო სწრაფად ვრცელდება.
ფაქტორი, რომელიც მებაღეზე დამოკიდებული არაა – ამინდი. თუ თბილი და ნესტიანი ამინდებია, შავი ლაქიანობა განსაკუთრებით გააქტიურდება.
პროფილაქტიკა
ვარდის ფოთლები ზამთარში არ შეფუთოთ – პათოგენები ყლორტებზე და მცენარეულ ნარჩენებზე იზამთრებენ. ვარდის ზამთრისთვის მომზადებამდე ნიადაგი სპილენძის შემცველი პრეპარატებით უნდა დაამუშაოთ.
მოჭრილი დაზიანებული ყლორტები აუცილებლად უნდა დაწვათ – მათი კომპოსტში გამოყენება არ შეიძლება. მცენარის გამძლეობაზე გავლენას ახდენს გამოკვებაც – ის დაბალანსებული უნდა იყოს და მიკროელემენტების მთელ ნაკრებს შეიცავდეს, აზოტის გადაჭარბების გარეშე. რეგულარულად, კვირაში ერთხელ ძროხის ნაკელის ან შვიტას სუსტი ხსნარით (1:20) დანამვა და ახალგაზრდა მცენარეების ნაცრით დაპუდვრა დაგეხმარებათ.
არ შეიძინოთ მცენარეები დაავადების ნიშნებით, ასევე არასტაბილური ჯიშები.
ბრძოლის მეთოდები
დაავადების მიმართ მგრძნობიარე ჯიშები პროფილაქტიკის მიზნით შემდეგი სქემის მიხედვით დაამუშავეთ. პირველად – ფოთლების გაშლის დასაწყისში და 1 კვირაში (2-3 გახსნილი ფოთლის ფაზაში) და ყვავილობის დაწყებამდე სპილენძის სულფატის ხსნარით (შეგიძლიათ გამოიყენოთ „ოქსიხომი“). ყვავილობის მეორე ტალღამდე დამუშავება უნდა გაიმეოროთ. დაავადების პირველი ნიშნებისას ვარდი დაამუშავეთ მანკოცემის შემცველი პრეპარატებით („პროფიტი“, „რიდომილ გოლდი“) და პენკონაზოლის ან ტრიაზოლის შემცველი პრეპარატებით („სკორი“, „ტოპაზი“). შეგიძლიათ „ფიტოსპორინი“ ან „ტიოვიტი ჯეტი“ სცადოთ. კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში მცენარე იმუნომასტიმულირებელში გააჩერეთ („ცირკონი“, „ეპინ-ექსტრა“).
მიჩვევა რომ არ გამოიწვიოთ, პრეპარატები მონაცვლეობით უნდა გამოიყენოთ. თუ წვიმიანი ამინდია და ვარდის დროულად დამუშავებას ვერ ახერხებთ, განსაკუთრებით ძვირფას ჯიშებზე მავთულის რკალები დააყენეთ, მასზე კი სახურავის სახით პოლიეთილენის ფირი გადააფარეთ, რომ პრეპარატი ნალექმა არ ჩამორეცხოს.