იდეალური სახლი = იდეალურ დიასახლისს. პირველ რიგში, დიასახლისზე მსჯელობენ სამზარეულოსა და სანტექნიკის სისუფთავით. ჩარეცხვის ზონაში ყავისფერი ლაქების, უნიტაზის სარტყელის ქვეშ ყვითელი ნადების დანახვისას, ყველას უჩნდება სურვილი, ხედავდეს სისუფთავითა და სიქათქათით მოელვარე უნიტაზს.
როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი? როგორ მოვიქცეთ, თუ უნიტაზის ჯაგრისი და სტანდარტული საშუალებები ვერ გეხმარებათ? რა თქმა უნდა, ტუალეტის რეგულარული დალაგება სისუფთავეს შეინარჩუნებს, თუმცა ხანგრძლივი გამოყენება სანტექნიკის მდგომარეობაზე მაინც აისახება. ხშირია ცხოვრებისეული სიტუაციები: ახალ სახლში გადასვლა, ბინის ქირაობა, ახალი სანტექნიკის შეძენის შეუძლებლობა. ყველაფერი ისე გამოდის, რომ ისღა დაგრჩენიათ, შარდის ქვის, კირის ნადებისა და ჟანგის ლაქების მოშორება საკუთარი ძალებით სცადოთ.
უნიტაზის წმენდა ხელთ არსებული საშუალებებით
თუ ჭუჭყი ძველი არაა
- დაგეხმარებათ კოკა-კოლა. მოასხით უნიტაზის ზედაპირსა და შიდა კედლებს და გააჩერეთ მთელი ღამით, დილით ჩარეცხეთ – შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება.
- 1 შეკვრა სოდა ჩაყარეთ უნიტაზში მთელი ღამით, დილით კი მოწმინდეთ ჯაგრისით კირისა და ჟანგის ნადები.
- ჩაყარეთ უნიტაზში რამდენიმე შეკვრა ლიმონმჟავა, დილით გაწმინდეთ ღრუბლით და ჩარეცხეთ. თუ უნიტაზზე ყვითელი ლაქები გაწუხებთ, ეს საშუალება სწორედ რომ ზედაა გამოჭრილი.
- აიღეთ ძმარი ან მისი ესენცია. 1 ჭიქა სითხე გაათბეთ 40 გრადუსამდე, დაუმატეთ 3 ჩ.კ. სოდა და აქაფებული მასა წაუსვით ნადებსა და ლაქებს, გააჩერეთ მთელი ღამით. აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები. დილით ჩაწმინდეთ ჯაგრისით და ჩარეცხეთ დიდი რაოდენობით წყლით.
საყოფაცხოვრებო ქიმია უნიტაზის გასაწმენდად
ასეთ საშუალებებთან მუშაობისას, დაიცავით უსაფრთხოების შემდეგი წესები:
- წმენდისას გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები, დამწვრობა რომ აიცილოთ თავიდან.
- გოგირდმჟავასა და ქლორის შემცველი საშუალებების გამოყენებისას, გაიკეთეთ ნიღაბიც, რომელიც სასუნთქ გზებს დაფარავს. არ გამოიყენოთ ეს საშუალებები, თუ პლასტმასის საკანალიზაციო კომუნიკაციები გაქვთ.
- არ დაიხაროთ ძალიან ახლოს იმ ზედაპირთან, რომელსაც წმენდთ.
- ქიმიის ჩარეცხვისას დაახურეთ უნიტაზს თავი, კანზე შხეფები რომ გამოირიცხოს.
საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებში უამრავი სახის საშუალებას იპოვით უნიტაზის გასაწმენდად, მათ შორის კი ყველაზე ეფექტური “Cif” და “Domestos”-ია.
პროფილაქტიკური ზომები
- რეგულარულად დაალაგეთ საპირფარეშო – კვირაში ერთხელ მაინც უნდა დაუთმოთ დრო უნიტაზის წმენდას.
- არ გამოიყენოთ მეტალის ჯაგრისი, რათა არ დაზიანდეს მინანქარი – მიკრონაკაწრებში ჭუჭყი ჩაჯდება, რაც საქმეს ერთი-ათად გაართულებს.
- უნიტაზის სარტყლის ქვეშ მოათავსეთ სპეციალური ანტიმიკრობული საშუალება, რომელიც აშორებს სუნს.
- აღმოფხვერით ნებისმიერი სახის ჟონვა უნიტაზში, ყურადღება მიაქციეთ ჩასარეცხ ადგილსაც.
- დაარბილეთ ავზში წყალი სპეციალური აბებით, თუ მილებში მაღალი სიხისტის წყალი მოდის.
- არ ჩაღვაროთ უნიტაზში ცხელი წყალი, ხსნარები, ცხიმი.
თუ ჰიგიენას დაიცავთ და უნიტაზს რეგულარულად გაწმენდთ გელისებრი საშუალებებით, სანტექნიკა კიდევ დიდხანს გაგახარებთ სითეთრითა და სისუფთავით.