რძის შრატი ეფექტური სასუქია, რომელსაც გამოცდილი მებაღეები აქტიურად იყენებენ თავიანთ ნაკვეთებზე. ეს მოსავლიანობის გაზრდასა და მცენარის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვაში ეხმარება.
უმეტესწილად, შრატი კიტრისა და პომიდვრის ნერგების სასუქად გამოიყენება, თუმცა იგი სასარგებლოა თითქმის ყველა ბოსტნეულისა და ხეხილისთვისაც კი.
შრატი, როგორც სასუქი
მიკროელემენტებით, მინერალებით, ლაქტოზით, ცილით, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით მდიდარი შრატი ყველისა და ხაჭოს წარმოების ნარჩენი პროდუქტია.
ეს ნატურალური სასუქი მცენარისთვის შეუფასებლად სასარგებლოა. მის შემადგენლობაშია თუთია, რკინა, კალციუმი, კალიუმი, ფოსფორი და ამინომჟავები, რომლებიც მცენარეს ეხმარება მწვანე მასის აქტიურად გაზრდასა და ხარისხიანი ნაყოფის გამოღებაში.
გარდა ამისა, რძემჟავის ხსნარის შეშხეფებისას, ფოთლები იფარება თხელი ფენით, რომელიც სოკოებისთვის გადაულახავ ბარიერად იქცევა. მწერები და მავნებლები კი იმიტომ იღუპებიან, რომ შრატში არსებული ლაქტოზის მონელება არ შეუძლიათ.
რომელი მცენარეებისთვის შეიძლება შრატის გამოყენება?
ყველაზე ხშირად, სასუქი კიტრისა და პომიდვრის სასუქად გამოიყენება. მას კარგად ითვისებს ყაბაყის, პატისონის, ხახვის, ბოლოკის, თალგამის, სტაფილოსა და ჭარხლის ნერგებიც.
ხეხილს შორის, შრატი ძალიან სასარგებლოა ვაშლისთვის, ბაღის ყვავილებს შორის – ვარდებისა და იორდასალმებისთვის. შრატის ხსნარი ეფექტურია ფიტოფტოროზისა და ნაცარა სოკოს წინააღმდეგ.
როგორ მოვამზადოთ შრატის სასუქი
თუ ფესვების დამუშავებაა საჭირო, გააზავეთ ოთახის ტემპერატურის წყალში შრატი 10:1 თანაფარდობით. მორწყეთ ამ ხსნარით ფესვთა სისტემა, მცენარის ღეროებიდან 50 სმ-ს რადიუსში.
ფესვგარეთა შესუქების დროს, გამოიყენეთ წყლისა და შრატის 3:1 ხსნარი. საუკეთესო ათვისებისთვის, დაუმატეთ რამდენიმე კოვზი თხევადი საპონი.
გამოიყენეთ მხოლოდ ახალმომზადებული საშუალება. თუ რძის სოკოები დადუღებას დაიწყებს, შეიძლება გაჩნდეს არასასურველი პათოგენური მიკროფლორა, რომელიც მცენარისთვის მავნეა.
როდის დავამუშავოთ
კიტრის შესუქება დაიწყეთ მას შემდეგ, რაც პირველი ფოთლები გაჩნდება. ანაცვლეთ ფესვთა და ფესვგარეთა დამუშავება. მათ შორის ინტერვალი 1-2 კვირა უნდა იყოს.
პომიდორიც, კიტრის მსგავსად, გადარგვიდან 7 დღეში უნდა შესუქდეს. შემდგომში კი კვირაში ერთხელ, ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში. ბოლო სასუქი ემატება მოსავლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე.
საინტერესო ფაქტი: 100 გ რძე შეიცავს 125 მგ კალციუმს, ხოლო ხაჭო, რომელსაც რძისგან ამზადებენ, მხოლოდ 70 მგ-ს. სად მიდის ამდენი კალციუმი? – ხაჭოს მომზადებისას, იგი შრატში გადადის.
ზოგადად, შრატი ძალიან დაუფასებელი პროდუქტია. სწორედ რძემჟავას შრატში რჩება რძის 20% ცილა, B ჯგუფის თითქმის ყველა ვიტამინი და 60-80% მინერალები. ამიტომ, თქვენი გადასაწყვეტია, შრატს დალევთ თუ კიტრის ნერგებს “დაალევინებთ”.